ქართული ხალხური საკრავები
ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტები მრავალფეროვანია. თითოეულ ინსტრუმენტს თავისი შექმნისა და გავრცელების ისტორია აქვს. ქართველ ხალხს ძალიან უყვარს მუსიკა. ისინი მღეროდნენ ჭირსა და ლხინში, მუშაობისა თუ შესვენების დროს. ამის გამო საქართველოს ყველა კუთხე მდიდარია ქართული მუსიკალური საკრავებით. აქ შეხვდებით როგორც დასარტყამ და სიმებიან ინსტრუმენტებს, ასევე ჩასაბერ და კლავიშებიან საკრავებს
ფანდური
ფანდური
სიმებიანი ინსტრუმენტები
სიმებიანი ინსტრუმენტები სამ ჯგუფად იყოფა. ეს ჯგუფებია: ჩამოსაკრავი, მოსაზიდი და ხემიანი ინსტრუმენტები. ჩამოსაკრავ ინსტრუმენტებს მიეკუთვნება ფანდური და ჩონგური.
ფანდურს სამი სიმი აქვს. იგი საქართველოს ყველა კუთხეში შეიძლება შეგვხვდეს. ფანდურზე ასრულებენ საგმირო, სახუმარო და სასიყვარულო სიმღერებს. ფანდურის მუსიკაზე ცეკვავენ კიდეც. ამ დროს ფანდურს რიტმულ ტაშს აყოლებენ მაყურებლები. ასეთ ცეკვასა და მუსიკას „ტაშფანდურას“ ეძახიან. ფანდური ქართველი ხალხისათვის ძალიან საყვარელი საკრავია. ძველად, საქართველოში არ მოიძებნებოდა არც ერთი ქართული ოჯახი, რომელსაც ფანდური არ ჰქონოდა.
ჩონგურს კი, ფანდურისაგან განსხვავებით, ოთხი, ხანაც ხუთი სიმი აქვს. იგი უფრო დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული. ჩონგურსა და ფანდურზე უმეტესად ქალები უკრავდნენ, განსაკუთრებით კი - მუშაობის დროს. მღეროდნენ და სასიამოვნო მუსიკით სხვებსაც ართობდნენ. ჩონგურის დამზადებას სამი დღე მაინც სჭირდება. მისი გული თურმე აუცილებლად ფიჭვის ხისგან უნდა დამზადდეს, იმისთვის, რომ ჩონგურის ხმა წკრიალა და სუფთა იყოს.
ძველი ქართული მოსაზიდი, სიმებიანი საკრავია ჩანგი. ჩანგი უფრო სვანეთში იყო გავრცელებული. ჩანგი გარეგნულად ძალიან ჰგავს მშვილდს, რომელზედაც სიმებია დამაგრებული. ჩანგს წიწვოვანი ხეებისაგან ამზადებენ, განსაკუთრებით ცნობილია ნაძვისგან დამზადებული ჩანგი. ჩანგს მწუხარების და დარდის საკრავსაც უწოდებენ სვანეთში. სვანებს მისი შექმნის შესახებ ლეგენდა შემოუნახავთ. ლეგენდის მიხედვით, ჩანგი დაუმზადებია ერთ მოხუც კაცს, რომელსაც ახალგაზრდა შვილი დაეღუპა. ჩანგის ტარი მისი შვილის მკლავია, სიმები კი - თითები. ჩანგის წკრიალა ხმა მოხუცის ცრემლებიაო - მოგვითხრობს სვანური ლეგენდა...
ჩანგის გარდა, სვანეთში შემონახულია კიდევ ერთი სიმებიანი საკრავი, რომელსაც ჭუნირს უწოდებენ. იგი ხემიანი საკრავია. მისი ტანი მრგვალია, ტარზე გადაჭიმულია სიმები, რომელზედაც ხემის საშუალებით უკრავენ. ჭუნირს სუფთა და წკრიალა ხმა აქვს. მას სვანები ხშირად ამინდის წინასწარ გასაგებადაც იყენებენ. თუ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ჭუნირის ხმა უსუფთაოდ და ჩუმად ჟღერს. ჭუნირზე სვანები უმეტესად სევდიან სიმღერებს მღერიან. ჩანგის მსგავსად მასაც მწუხარების საკრავად მიიჩნევენ.
ჩასაბერი ინსტრუმენტები
სალამური წკრიალა ხმიანი ჩასაბერი ინსტრუმენტია. ის გავრცელებულია ქართლში, კახეთში, მესხეთში, თუშეთსა და ფშავში. მეცნიერებმა ძველი ქალაქების გათხრებისას დასავლეთ საქართველოშიც აღმოაჩინეს სალამური. ეს სალამური განსაკუთრებულად ძვირფასი იყო, რადგან მის დასამზადებლად გედის ძვალია გამოყენებული. დღეს სალამურს ჭერმისგან ან ლერწმისაგან ამზადებენ. ჭერმის ხისგან უენო სალამურს ამზადებენ, ლერწმისგან კი - ენიანს. სალამურის ენას ეძახიან პატარა, თხელ ხის ფირფიტას, რომელიც სალამურის ყელშია მოთავსებული. ენიანი სალამური უფრო პატარაა და იგი უფრო ბევრ ბგერას გამოსცემს. ენიანი სალამურის დამზადება გაცილებით რთულია, ვიდრე უენოსი. სალამური მწყემსების საყვარელი საკრავი იყო. დღეს კი სალამურს ხშირად უკრავენ მუსიკალურ
ჯგუფებში, სხვა მუსიკალურ საკრავებთან ერთად.
სალამურის მსგავსი ჩასაბერი საკრავია დუდუკიც. თუმცა მას, სალამურისაგან განსხვავებით, მხოლოდ ერთი მილი კი არა, ხუფი და ხმის დასარეგულირებელი მოწყობილობაც გააჩნია. დუდუკის წარმოშობის შესახებ დავა დიდი ხანია მიმდინარეობს და საბოლოოდ გადაჭრილი დღესაც არაა. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ დუდუკი აღმოსავლური საკრავია, ზოგი კი მიიჩნევს, რომ იგი უძველესი ქართული ხალხური ინსტრუმენტია. დავა ამ საკრავის წარმოშობაზე მიმდინარეობს იმის გამო, რომ მისი ხმა ჰგავს ზურნის ხმას, რომელიც მართლაც აღმოსავლური საკრავია. ამის შესახებ ქართველი მწერალი მიხეილ ადამაშვილიც წერდა: „ხალხს ერევა ერთიმეორეში დუდუკი და ზურნა. ეს უკანასკნელი მართლა არაა აქაური. ბევრი ქვეყანა შემოვიარე, მაგრამ არსად ეს
საკრავი არ მინახავს. ზურნა კი - რამდენიც გინდა, ყველგან იყო.\" დუდუკის თანხლებით შესრულებული სიმღერები სევდიანია, დუდუკსაც ძალიან სევდიანი და ნაზი ხმა აქვს. აჭარაში არსებობს დუდუკის მსგავსი მუსიკალური საკრავი, რომელსაც პილილს უწოდებენ. მასაც, დუდუკის მსგავსად, ღერო და ხუფი აქვს. პილილს აჭარაში დოლის თანხლებით უკრავდნენ.
განსაკუთრებით ცნობილი ჩასაბერი საკრავია გუდასტვირი. ის საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია გავრცელებული. რაჭაში მას შტვირს ეძახიან, აჭარაში -ჭიბონს, მესხეთში თულუმს, ქართლსა და ფშავში კი - სტვირს. გუდასტვირი ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: გუდისა და რქისაგან. გუდა ცხვრის ტყავისგან მზადდება. რქასა და გუდას ერთმანეთთან ლერწმის მილი აკავშირებს. გუდასტვირით სრულდება საცეკვაო მელოდიები. ხშირად მას თან ახლავს დოლის ხმაც. გუდასტვირის დამკვრელს მესტვირეს ეძახიან. ადრე რაჭველი მესტვირეები მთელ საქართველოში
იყვნენ ცნობილნი. მათ მოხეტიალე მუსიკოსებსაც უწოდებდნენ. მათი მოსვლა ყველას უხაროდა დღესასწაულებსა და ქორწილებში.
ჩასაბერი საკრავებიდან განსაკუთრებით საინტერესოა ქართული მრავალღერიანი სალამური. მას სამეგრელოში ლარჭემს ეძახიან, გურიაში კი - სოინარს. იგი ექვსი, სხვადასხვა სიგრძის მილისაგან შედგება. თითოეული მილი სხვადასხვა სიგრძისა და სიმაღლის ბგერას გამოსცემს. გურული სოინარი უფრო პატარაა, ვიდრე მეგრული ლარჭემი, სხვა მხრივ მათ შორის განსხვავება არ არის. მრავალღერიანი სალამური ძირითადად დაკავშირებულია მწყემსის ცხოვრებასთან, ისევე, როგორც ჩვეულებრივი სალამური.
მოგვიანებით მას ქორწილებსა და დღესასწაულებზეც იყენებდნენ. დღეს კი ამ საკრავზე ხალხური მუსიკალური ჯგუფები საკმაოდ ხშირად უკრავენ. საკრავის მილებს დაკვრის წინ ნახევარი საათით წყლით ავსებე - იმისთვის, რომ უფრო სუფთა ბგერები გამოსცეს...
დასარტყამი ინსტრუმენტები
მრავალფეროვნებით გამოირჩევა ქართული დასარტყამი საკრავებიც. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან: დაფი ანუ დაირა, დაფდაფი ანუ დოლი, დიპლიპიტო, წინწილა და სხვ.
დოლი საქართველოს ბარში გავრცელებული მუსიკალური ინსტრუმენტია. მას ხისგან ამზადებენ, თავსა და ბოლოში კი ტყავი აქვს გადაკრული, რომელიც თასმებითაა გადაჭიმული. დოლზე უფრო მეტად ხელებით უკრავენ, ზოგჯერ ჯოხებსაც იყენებენ. ცეკვის დროს დოლის ხმა ხაზს უსვამს ცეკვის რიტმს. მას ხშირად სხვადასხვა მუსიკალურ საკრავებთან აერთიანებენ.
დაირა, დოლისაგან განსხვავებით, დაბალი და მცირე ზომისაა. იგი წარმოადგენს ხის რკალს, რომელზედაც გადაკრულია ცხვრის თხელი ტყავი. რკალზე შიგნიდან ჩამოკიდებულია ეჟვნები და პატარა ფირფიტები. ზოგ შემთხვევაში დაირის ხის რკალი ლამაზადაა მოხატული. ასეთი მდიდრულ დაირები ადრე კარგ მუსიკოსებს ან მდიდარ ოჯახებს ჰქონდათ. დაირის კარგი დამკვრელები მონაწილეობდნენ ქორწილებში, დღეობებში, მეჯლისებში და სხვ. დაირა გვხვდება სამეგრელოსა და რაჭაში, აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და თუშეთში. გარეგნული ფორმით სხვადასხვა კუთხის დაირებს შორის განსხვავება არ არის. დაკვრის დროს დაირა უჭირავთ ორივე ხელით და მასზე უკრავენ ხელის თითებით.
დაირისა და დოლის მსგავსად, დიპლიპიტოც დასარტყამი ინსტრუმენტია. მას უმეტესად მუსიკალურ ანსამბლებში უკრავენ. დიპლიპიტო შედგება სხვადასხვა სიგანისა და ერთნაირი სიმაღლის თიხის ორი პატარა ქილისაგან. ქილებზე გადაკრულია ციკნის ტყავი. ისინი ერთმანეთთან თასმითაა გადაბმული. დიპლიპიტო ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებში. მასზე უკრავენ პატარა ჯოხებით. ამ ჯოხებს „თხის ფეხუნებს“ ეძახიან.
დასარტყამი საკრავებიდან უძველესია წინწილა. ეს არის თეფშის ფორმის, ზედა მხრიდან ამობურცული, სახელურიანი ნივთი. წინწილა აღმოჩენილია მოდინახისა და არმაზის ციხეების ტერიტორიაზე. დასაკრავად საჭიროა ორი წინწილა, ერთი მოზრდილი, მეორე კი შედარებით პატარა. წინწილები დღესაც გამოიყენება. მას ძირითადად საზეიმო სამხედრო მსვლელობების დროს უკრავენ სხვა საკრავებთან ერთად.
კლავიშებიანი საკრავები
ხალხურ კლავიშებიან საკრავებს შორის ყველაზე მეტად საქართველოში გავრცელებულია ბუზიკა. მას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ქართველი მთიელების ცხოვრებაში. გადმოცემის მიხედვით, ეს საკრავი ქალების კუთვნილება იყო. მისი დაკვრით ქალები ხშირად იწონებდნენ თავს. როდესაც ქალი თხოვდებოდა, მისთვის ბუზიკა მიჰქონდათ საჩუქრად. ბუზიკა ძალიან ჰგავს გარმონს, რომელიც საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა. ქართველ ხალხს გარმონის ხმა ძალიან მოეწონა. იგი განსაკუთრებით პოპულარული იყო თუშეთში. დღეს კი გარმონს დოლთან ერთად ხშირად უკრავენ სხვადასხვა ქალაქური სიმღერის შესრულებისას.
ბოლოსიტყვაობა
საქართველოში მუსიკალური საკრავების ასეთი მრავალფეროვნება ქართველი ხალხის მუსიკისადმი სიყვარულმა გამოიწვია. დღევანდელი ქართველები სიამოვნებით უკრავენ როგორც უძველეს ქართულ მუსიკალურ საკრავებზე, ასევე თანამედროვე, სხვა ხალხთა მიერ შექმნილ ინსტრუმენტებზე.
ლექსიკონი
მუსიკალური ინსტრუმენტი-მოწყობილობა, რომელიც შექმნილია მუსიკალური ხმის მისაღებად.
ფიჭვი- მარადმწვანე ხე, რომელსაც ფოთლების ნაცვლად წიწვები აქვს.
სიმი- მუსიკალურ საკრავზე გაბმული წვრილი მავთული.
ხემი- მოხრილი ფორმის ხის ჯოხი, რომლის ორივე ბოლოზე გადაჭიმულია ცხენის ძუა.
დავა-კამათი.
ეჟვანი- პატარა ლითონის ნივთი, რომლიც ჟღარუნებს.
მუსიკალური ანსამბლი- მუსიკალური ჯგუფი, რომელშიც შეიძლება მღეროდეს და უკრავდეს ორი ან მეტი ადამიანი.