„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი" (CCIIR) ახორციელებს პროექტს „ორენოვანი წიგნიერების განვითარება არაქართულენოვან სკოლებში". პროექტი ხორციელედება USAID - ის ფინანსური მხარდაჭერით პროგრამის - „ყველა ბავშვი უნდა კითხულობდეს - უდიდესი გამოწვევა განვითარებისთვის" ფარგლებში. პროგრამა დაფინანსებულია აშშ -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), World Vision - სა და ავსტრალიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Australian AID) მიერ.

პროექტის მიზანია ორენოვანი წიგნიერების განვითარება ბილინგვური სკოლებისთვის დაწყებით საფეხურზე, რაც შემდგომში მოსწავლეებს დაეხმარებათ როგორც მშობლიურ, ისე სახელმწიფო ენაზე წარმატების მიღწევაში.

ორენოვანი წიგნიერების და ზოგადად, წიგნიერების განვითარება ეთნიკური უმცირესობებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2010 წლიდან ახორციელებს ბილინგვური განათლების პროგრამებს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, სადაც სკოლებში სწავლების ძირითად ენას წარმოადგენს მათი მშობლიური ენა, სახელმწიფო ენასთან ერთად.

პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

სამიზნე ჯგუფები:
I ჯგუფი: ეთნიკური უმცირესობების (არაქართულენოვანი) 216 სკოლა საქართველოში.
II ჯგუფი: დაწყებითი საფეხურის უმცირესობების სკოლების 432 მასწავლებელი.
III ჯგუფი: დაწყებითი საფეხურის 30000 მოსწავლე და მათი მშობლები.

პროექტის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის/სწავლების პროცესში. ამისათვის, პროექტის ფარგლებში, შეიქმნა ახალი კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ინოვაციურია თავისი შინაარსით და მოხმარების პირობებით. პროგრამა აერთიანებს დონეებად დაყოფილ ბილინგვურ ონლაინ წიგნებს, კითხვის ფორმულას, ტექსტის ანალიზატორს, ელექტრონულ მულტილინგვურ ილუსტრირებულ ლექსიკონს. ელექტრონული პროდუქტების ინტერნეტ ვერსია წარმოდგენილია ვებ-გვერდის www.reading.ge - ის სახით.

 

დონეებად დაყოფილი ბილინგვური ტექსტები - „კითხვის კიბე" და მისი ონლაინ ვერსია

„კითხვის კიბე" ათეულობით წელია, წარმატებით გამოიყენება წიგნიერების განვითარებისათვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ რესურსს ფართოდ იყენებენ სასწავლო და კლასგარეშე საქმიანობისას როგორც მშობლიურ, ასევე მეორე და უცხო ენის სწავლებაში კითხვის უნარების განვითარებისათვის. დონეებად დაყოფილი ტექსტების სამიზნე ჯგუფი სკოლამდელი, დაწყებითი და ცალკეულ შემთხვევებში საბაზო საფეხურის მოსწავლეები არიან. მასალების პოპულარობამ და შედეგების ეფექტიანობამ „კითხვის კიბის" ქართულ ენაზე მორგებული მოდელის შემუშავების იდეა წარმოშვა.

ტექსტები შემუშავებულია ქართული და არაქართულენოვანიი სკოლის მოსწავლეთა კითხვის დონეთა აღწერითი კვლევისა და ანალიზის საფუძველზე და, შესაბამისად, ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ქართული ენის სპეციფიკას და, მეორე მხრივ, ორენოვან წიგნიერებაზე მუშაობის პრინციპებს.

შემუშავებულმა დონეებად დაყოფილმა ტექსტებმა პილოტირება გაიარეს საქართველოს საჯარო სკოლებში. აღნიშნული სასწავლო მასალა კარგ საფუძველს იძლევა ორენოვანი სწავლების რესურსების შექმნისთვის.

„კითხვის კიბე" 20 თანმიმდევრული საფეხურისგან შედგება და მთლიანობაში 416 ტექსტს მოიცავს. აქედან 220 არის დონეებად დაყოფილი ტექსტი, 116 - სერიული ტექსტი და 80 - ფონეტიკური ტექსტი. ტექსტები იყოფა როგორც საფეხურების მიხედვით, ასევე ჟანრების მიხედვითაც. ამ ტექსტების საშუალებით წარმატებული მკითხველის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი უნარები თანდათანობით, ეტაპობრივად ვითარდება.

კითხვის ფორმულა ქართული ენისთვის

დონეებად დაყოფილი მასალა შემუშავებულია სპეციალური ფორმულის გამოყენებით, რომელიც ტექსტის 4 მახასიათებელს ეფუძნება: 1. წიგნებისა და ნაბეჭდი მასალის მახასიათებლები; 2. თემატურ-შინაარსობრივი მახასიათებლები; 3. სტრუქტურულ-ჟანრობრივი მახასიათებლები; 4. ენობრივ-ლიტერატურული მახასიათებლები.

ეს არის პირველი მცდელობა, შექმნილიყო კითხვის ფორმულა ქართული ენისთვის, რომელიც შემდეგ კრიტერიუმების აერთიანებს:

• სიტყვათა სრული რაოდენობა
• განსხვავებულ სიტყვათა რაოდენობა
• განსხვავებულ სიტყვათა თანაფარდობა სიტყვათა სრულ რაოდენობასთან
• მაღალსიხშირულ სიტყვათა რაოდენობა
• მაღალსიხშირული სიტყვების თანაფარდობა სიტყვების სრულ რაოდენობასთან
• დაბალსიხშირული სიტყვების რაოდენობა
• დაბალსიხშირული სიტყვების თანაფარდობა სიტყვების სრულ რაოდენობასთან
• წინადადების სიგრძე
• წინადადების სირთულე
• ტექსტის პროგნოზირებადობა
• ტექსტის სტრუქტურა და ორგანიზება
• გაფორმება
• ნაცნობი თემატიკა.

ფორმულაში გაერთიანებული კრიტერიუმების ურთიერთმიმართება და მათი ცვლილება განაპირობებს წიგნის კონკრეტულ დონეს.

კითხვის ფორმულაზე დაყრდნობით CCIIR - მა შექმნა კომპიუტერული პროგრამა „ტექსტის ანალიზატორი"

პროგრამა დეტალურად აანალიზებს თითოეულ ტექსტს და მის შესაბამისობას კითხვის ფორმულის კრიტერიუმთან. „ტექსტის ანალიზატორს" აქვს შემდეგი ფუნქციები:

• ითვლის სიტყვაფორმათა რაოდენობასა და ლექსიკურ ერთეულებს ტექსტში
• ითვლის განსხვავებულ სიტყვაფორმათა რაოდენობასა და ლექსიკურ ერთეულებს
• ითვლის განსხვავებულ სიტყვაფორმათა და ლექსიკურ ერთეულთა თანაფარდობას სიტყვათა სრულ რაოდენობასთან
• ითვლის მაღალსიხშირული სიტყვების რაოდენობას
• ითვლის მაღალსიხშირული სიტყვების თანაფარდობას სიტყვების სრულ რაოდენობასთან
• ითვლის დაბალსიხშირული სიტყვების რაოდენობას
• განსაზღვრავს ლექსიკური ერთეულების რაოდენობას
• ითვლის დაბალსიხშირული სიტყვების თანაფარდობას სიტყვების სრულ რაოდენობასთან
• განსაზღვრავს წინადადების სიგრძეს
• ახდენს ყველაზე გრძელი წინადადების იდენტიფიცირებას
• ახდენს ყველაზე მოკლე წინადადების ინდენტიფიცირებას
• ითვლის წინადადებების რაოდენობას
• ითვლის განსხვავებული ტიპის წინადადებების რაოდენობას
• ითვლის ასოების რაოდენობას სიტყვებში
• ითვლის ყველაზე გრძელ და მოკლე სიტყვებში ასოების რაოდენობას
• ადარებს ტექსტების სხვადასხვა დონეს შორის მონაცემებს ერთმანეთს.

კომპიუტერული პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია ტექსტების რედაქტირებისთვის. ამავე დროს, პროგრამა საშუალებას იძლევა, მკითხველებს გააცნოს სტატისტიკური მონაცემები საკითხავი ტექსტების შესახებ.

ელექტრონული მულტილინგვური ილუსტრირებული ლექსიკონი (ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული) დონეებად დაყოფილი ბილინგვური ტექსტებისთვის

ელექტრონულ ლექსიკონში შესულია ყველა სიტყვა, რომელიც გამოყენებულია დონეებად დაყოფილ ბილინგვურ ტექსტებში. პროგრამა უზრუნველყოფს ქართული სიტყვების თარგმანს სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. სიტყვას შესაბამისი ილუსტრაციაც ახლავს თან.

კომპიუტერული პროგრამა უნიკალური და ინოვაციურია ქართული ენისთვის. ის აანალიზებს არსებით სახელსა და ზმნას, ფუძის იდენტიფიცირების საშუალებით სვამს არსებით სახელს სახელობით ბრუნვაში და ზმნას - ზმნის საწყის ფორმაში.

 

„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი" 2005 წლიდან მუშაობს ეთნიკური უმცირესობების განათლების, მათი სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ხელშესაწყობად. ორგანიზაცია მუშაობს ბილინგვური საგანმანათლებლო, მეთოდოლოგიური რესურსებისა და ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების შექმნასა და განვითარებაზე.

http://www.cciir.ge/