საოცარი ნახატი


 

დღეს თაკოს, თოკოს და პაკოს კლასი ექსკურსიაზე მიდის. ბავშვების წაყვანა ექსკურსიაზე კოტე მასწავლებელმა გადაწყვიტა. კოტე მასწავლებელი კლასის დამრიგებელია. მათთან ერთად პაატა მასწავლებელიც მოდის. პაატა მასწავლებელი ხატვისა და ხელოვნების მასწავლებელია. ბავშვები სიღნაღის დასათვალიერებლად მიდიან. მათ ძალიან უხარიათ. ექსკურსია ყოველთვის სახალისოა, მაგრამ კოტე და პაატა მასწავლებლებთან ერთად ექსკურსია, სახალისოსთან ერთად, ძალიან საინტერესოცაა. კოტე მასწავლებელი სხვადასხვა ამბავს უყვება ბავშვებს ისტორიიდან. პაატა მასწავლებელი კი გამოჩენილი ხელოვანების, მათი ნამუშევრების, პირადი ნივთების შესახებ უყვება ბავშვებს ბევრ საინტერესო ისტორიას.

თაკო და თოკო სიღნაღში არასოდეს ყოფილან. ტყუპებმა იციან, რომ სიღნაღი ცოტა ხნის წინ განაახლეს. ბავშვებს ძალიან აინტერესებთ, როგორია განახლებული ქალაქი.

თაკომ გადაწყვიტა, რომ ექსკურსიაზე წასვლამდე უნდა იცოდეს ქალაქის ისტორია. მას უნდა, რომ მომზადებული წავიდეს ექსკურსიაზე.

- თოკო, თუ სიღნაღის შესახებ საინტერესო ისტორიები გვეცოდინება, ექსკურსია უფრო მოგვეწონება, - ეუბნება თაკო ძმას. თაკოს უნდა, რომ სიღნაღზე საინტერესო ისტორიები ძმასთან ერთად მოიძიოს. თაკოს უნდა, რომ სიღნაღის ისტორიის შესწავლაში ძმაც აიყოლიოს. თოკოს ბევრი ხვეწნა არ სჭირდება. თოკომაც იცის, რომ რაც მეტი ინფორმაცია ეცოდინება სიღნაღზე, მით უფრო მოეწონება ექსკურსია.

ბავშვებმა გადაწყვიტეს, ჯერ ინტერნეტში მოეძიებინათ საინტერესო ინფორმაცია.

- თუ ბევრი ვერაფერი ვიპოვეთ, მერე დედას და მამასაც ვკითხოთ - შეთანხმდნენ ტყუპები.

აღმოჩნდა, რომ ინტერნეტში ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია იყო. თაკომ გადაწყვიტა, ახალი ინფორმაცია მოკლედ ჩაენიშნა. თაკოს არ უნდა, რომ საინტერესო ინფორმაცია გამორჩეს ან დაავიწყდეს. აი, თაკოს ჩანაწერები:

სიღნაღი კახეთის რაიონში, ქიზიყში მდებარეობს. სიღნაღი მაღალ ბორცვზეა განლაგებული. სიღნაღი ალაზნის ველს და კავკასიონის ქედს გადაჰყურებს. ეს ადგილი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კახეთისთვის. მტრის შემოსევის დროს სოფლის მოსახლეობა ადვილად იხიზნებოდა შემაღლებულ ადგილას და ციხეს აფარებდა თავს. სწორედ ამიტომ ჰქვია სიღნაღს ეს სახელი. სიღნაღი თურქული სიტყვა ყოფილა და „თავშესაფარს“ ნიშნავს. თუმცა ქალაქი ძალიან ძველია, სიღნაღი მას მეთვრამეტე საუკუნეში დაერქვა. ერეკლე მეორემ ქალაქის ტერიტორიაზე დიდი გალავანი ააგო. ეს გალავანი 28 კოშკისგან შედგებოდა. გალავანი ადგილობრივ მოსახლეობას ლეკებისგან იცავდა. გალავნის სიგრძე 4 კილომეტრია. დღევანდელი გალავანი თითქმის ისევეა შემორჩენილი, როგორც ერეკლე მეორის დროს.

დღეს სიღნაღს სიყვარულის ქალაქს ეძახიან. კიდევ სიღნაღს ქალაქ-მუზეუმს უწოდებენ. ძველი გალვნისა და ულამაზესი შენობების გარდა, სიღნაღში ძალიან საინტერესო მუზეუმი მდებარეობს. ამ მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენილი.

- თაკო, გინახავს ნიკო ფიროსმანის ნახატები? - ეკითხება ვიკა შვილს.

- მე მინახავს, - პასუხობს თაკო დედას, - ჩვენი ხელოვნების წიგნშია მისი ორი ნახატი: „გოგონა ბუშტით“ და „ირემი“. ძალიან სასაცილო ნახატებია, თითქოს ბავშვმა დახატა.

- მიხარია, რომ სიღნაღში პაატა მასწავლებელიც მოგყვებათ. ის ბევრ საინტერესო ისტორიას მოგიყვებათ ფიროსმანისა და მისი ცხოვრების შესახებ! - ამბობს ვიკა.

 

აი, ბავშვები უკვე სიღნაღის მუზეუმში არიან.

- რა ლამაზი ყოფილა ეს ნახატები! - ამბობს თათა.

- წიგნში სულ სხვანაირად ჩანდა... - ამბობს აჩო.

სიღნაღზე ინფორმაციის მოძიების დროს, ბავშვებმა ბევრი საინტერესო ამბავი ფიროსმანის ნახატებზეც აღმოაჩინეს. მოკლე ჩანაწერების გაკეთების დროს თაკოს და თოკოს ნახატებზეც მოუგროვდათ ინფორმაცია. სხვა ბავშვებიც მომზადებულები აღმოჩნდნენ ფიროსმანის ნახატების დასათვალიერებლად. პაატა მასწავლებელი, რომელიც ხატვას და ხელოვნებას ასწავლის ტყუპებს, ბევრ საინტერესო ამბავს ჰყვება კლასში ფიროსმანის და მისი ცხოვრების შესახებ.

- აი, ირემი! - ამბობს გახარებული ნიკა.

- აი, ერეკლე მეფის პორტრეტი! - ამბობს თათა.

- ეს კი, ქართველი ქალის პორტრეტია, - ამბობს თაკო.

დარბაზის ბოლოში ყველაზე დიდი ტილოა გამოფენილი. ეს ფიროსმანის „ქორწილი ძველ საქართველოშია“.

 

- ბავშვებო, ეს ნახატი ფიროსმანმა 1916 წელს დახატა. ეს ქორწილის სცენაა და ძველი ქართული ტრადიციები ძალიან ლამაზადაა გამოსახული - დაიწყო საუბარი პაატა მასწავლებელმა.

თაკო ნახატს თვალს არ აშორებდა და თან მასწავლებელს უსმენდა. „ნეფე-პატარძლის მშობლები ქორწილისათვის ემზადებოდნენ. სახლს ასუფთავებდნენ, ეზოს გვიდნენ. ისინი სუფრას შლიდნენ, ღვინოს ასხამდნენ, საქორწილო პურს აცხობდნენ. ნეფესთან მეგობრები იკრიბებოდნენ და ცხენზე ამხედრებული, თოფების ბათქა-ბუთქით გაუდგებოდა გზას პატარძლის სახლისკენ. იქაც სტუმრების შესახვედრად ემზადებოდნენ. გაიშლებოდა სუფრა, დალოცავდნენ წყვილს და ნეფე-დედოფალი ჯვრის დასაწერად ეკლესიისაკენ გაემართებოდა. ეკლესიაში ჯვრისწერა დიდი ზეიმით ტარდებოდა. ჯვრისწერის დამთავრების შემდეგ, ცხენებზე ამხედრებული სტუმრები თოფების ბათქა-ბუთქით ჯვარდაწერილებს ნეფის სახლში მოაცილებდნენ.

უცებ თაკოს თვალწინ ნახატის გმირები გაცოცხლდნენ...

ნეფის სახლში დიდი სუფრაა გაშლილი. ნეფის მოხუცი ბაბუა ახალგაზრდებს ეზოში ხვდება და ლოცავს:

- მრავალი წელიწადი სულ სიტკბოში გაგეტარებინოთ!

- აგევსოთ ოჯახი ბარაქით!

- უამრავი შვილი გაგეზარდოთ საქართველოსთვის!

ნეფე-დედოფალს ხანჯლების ქვეშ ატარებენ და სახლის კარამდე აცილებენ. ნეფის დედა სახლის კარს ფართოდ აღებს, შემოსასვლელში თეფშს დებს. ნეფე-დედოფალი კი თეფშს ფეხით ტეხავს. ნეფის ერთ-ერთი მეგობარი მის დედას თავსაფარს აძრობს თავიდან და ორ ნაწილად ხევს. ის დახეული თავსაფრით ხელში ქართულ ცეკვას იწყებს, თან ნეფის დედას იწვევს საცეკაოდ. აი, დიდი სუფრა და ცეკვა-თამაში იმართება. სუფრა მთელი ღამე გრძელდება. დილით პატარძალს თავიდან გვირგვინს აძრობენ. ახლა პატარძალი უკვე ოჯახის წევრია.

პაატა მასწავლებელმა საუბარი დაამთავრა. თაკომ კიდევ ერთხელ შეხედა ნახატს. გახარებული მექორწილეები ისევ ნახატად იქცნენ.

- საოცარი ნახატია... - თავისთვის ჩაილაპარაკა თაკომ.

- სახლში რომ მივალ, დედას აუცილებლად მოვუყვები, როგორ გაცოცხლდა ეს ნახატი, - ფიქრობს თაკო.