უცნობი გმირების დღე სკოლაში
კიდევ ერთი მნიშვნელოვანია დღე ელოდებათ თოკოს, პაკოს და თაკოს. სკოლაში საქართველოს უცნობი გმირების დღე ტარდება. მასწავლებელმა მოსწავლეებს დაავალა იმ ადამიანების ბიოგრაფიები მოეძებნათ, რომლებიც საქართველოდან წავიდნენ და ცნობილი ადამიანები გახდნენ მსოფლიოში.
პაკო ძალიან დაინტერესდა ამ დავალებით; დიდი ინტერესით შეუდგა საქმიანობას. პაკოს უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის ბიოგრაფია შეარჩიოს, თან ძალიან ნიჭიერის და ცნობილის და თან _ მის მეგობრებს, რომ არ ეცოდინებათ.
ამ საღამოს თოკოს და თაკოს ესტუმრა პაკო. მეგობრებთან სტუმრად კი იყო, მაგრამ გართობა ვერ მოახერხა. სულ დავალებაზე ფიქრობს. ტყუპების მამას არ გამოეპარა პაკოს მოწყენილობა:
- პაკო, რაღაც დაფიქრებული ხარ, თოკომ და თაკომ ხომ არაფერი გაწყენინეს, - გაეხუმრა ვაკო პაკოს და მის გამხიარულებას შეეცადა.
- არა, კარგ ხასიათზე ვარ, უბრალოდ, სკოლის პროექტზე ვფიქრობ, უცნობ ქართველებზე უნდა დავწერო;
- უცნობ ქართველებზე? ეგ როგორ?
- აი, ქართველებზე, რომლებსაც შეიძლება საქართველოში ყველა არ იცნობს, მაგრამ საზღვარგარეთ და მსოფლიოში ცნობილები არიან. ვფიქრობ, ვფიქრობ, ვკითხულობ, ინტერნეტში ვეძებ, ბიბლიოთეკაშიც ვიყავი და ვერავინ შევარჩიე ჯერ. მინდა, ვინმე გამორჩეული შევარჩიო.
- მგონი, შევძლებ, დაგეხმარო. გიორგი პაპაშვილი თუ იცი? სხვათა შორის, საქართველოში ბევრი არ იცნობს, მაგრამ ამერიკასა და მსოფლიოში ცნობილი მწერალი და მოქანდაკეა. მეც არ ვიცოდი მის შესახებ. ამერიკაში რომ ვიყავი, იქ გავიგე, იქ ვნახე მისი ნამუშევრები ერთ-ერთი უნივერსიტეტის არქივში.
- მართლა ძალიან საინტერესოა, გიორგი პაპაშვილის შესახებ დავწერ, მოვიძიებ მასზე მასალებს და ბავშვებს გავაცნობ. მე მგონი, ყველას დააინტერესებს და საუკეთესო პროექტი მექნება! - ხასიათი გამოუკეთდა პაკოს.
სკოლაში მისულმა პაკომ მართლაც გიორგი პაპაშვილი გააცნო მოსწავლეებსა და მასწავლებელს. მისი პროექტი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ყველა მოსწავლე მის პროექტთან ჩერდებოდა, კითხულობდა და ათვალიერებდა:
გიორგისბავშვობა
გიორგი პაპაშვილი 1898 წლის 23 აგვისტოს დაბადებულა, ერთ პატარა სოფელ კობიაანთკარში. გიორგის მამას ვანო ერქვა, დედას კი იამზე. პატარა გიორგის დედა ადრე გარდაეცვალა. ოჯახი საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდა.. უსახსრობის გამო, მამამ სკოლაშიც კი ვერ შეიყვანა პატარა გიორგი. სკოლის ნაცვლად გიორგი ოჯახში ხელსაქმეს სწავლობდა. სახლში მამამ ტყავზე მუშაობა და ხანჯლების კეთება შეასწავლა. გიორგიმ ხელობა კარგად შეისწავლა და ძალიან კარგი ნაკეთობებიც გამოსდიოდა...
გიორგისახალგაზრდობა
გიორგის ახალგაზრდობაც არ ჰქონია იოლი. მან სამხედრო საქმე აირჩია. სრულიად ახალგაზრდა პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა, სნაიპერი იყო. 1921 წელს, როცა წითელი არმია საქართველოში შემოიჭრა და საქართველო დაიპყრო, გიორგი ჯარში მსახურობდა. გაქცეულ მთავრობასთან ერთად წავიდა გიორგი საზღვარგარეთ და ორი წელი კონსტანტინეპოლში ცხოვრობდა, კონსტანტინეპოლში მძიმე ცხოვრება ჰქონდა გიორგის. ძალიან ბევრი სამსახური გამოიცვალა, ძირითადად მძიმე სამუშაოზე მუშაობდა შავ მუშად. რას აღარ აკეთებდა, თხრიდა ჭებს, მუშაობდა ტაქსის მძღოლად და მრავალი სხვა.
გიორგი ამერიკაში
გიორგიმ კონსტანტინეპოლში ორწლიანი ცხოვრების შემდეგ მოახერხა, ამერიკაში გამგზავრებულიყო. ამერიკაში ჩასულმა, რამდენიმე ღამე სიმონ სიდამონ-ერისთავის ოჯახთან ერთად ნიუ-იორკში, ნაქირავებ ბინაში, გაათენა და შემდეგ კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად. ამერიკაშიც საკმაოდ მძიმე ცხოვრება ჰქონდა გიორგის. ძალიან გაუჭირდა თავდაპირველად. მუშაობდა ჭურჭლის მრეცხავად, მზარეულად, ლითონის საამქროში და მრავალი სხვა... თხუთმეტწლიანი ხეტიალის შემდეგ, გიორგი პაპაშვილმა ცოლად ამერიკელი მწერალი ქალი ჰელენ უაიტი შეირთო. ჰელენის წყალობით, წყვილმა პენსილვანიის შტატში პატარა ფერმა იყიდა, გიორგიმ სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი, ხნავდა, თესავდა, მოსავალი მოჰყავდა, შინაურ ცხოველებს და ფრინველებს უვლიდა.
მწერალი გიორგი პაპაშვილი
1938 წელს გიორგი პაპაშვილმა და ჰელენ უაიტმა დაწერეს ნოველების კრებული `ყველაფერი შეიძლება მოხდეს~. წიგნი 1945 წელს გამოიცა. წიგნი მალე ბესტსელერად იქცა. მთელ მსოფლიოში 1,5 მილიონი გაიყიდა. წიგნი 20 სხვადასხვა ენაზე ითარგმნა. გიორგი პაპაშვილის წიგნი საქართველოშიც გამოვიდა. მალე `ყველაფერი შეიძლება მოხდეს~ მიხედვით ჰოლივუდში გადაიღეს ფილმი. ფილმში მთავარი როლები ითამაშეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა. ფილმში გამოყენებული იყო ქართული სიმღერები, მელოდიები, ცეკვები. ფილმში გიორგიმ პატარა როლიც შეასრულა. მალე ფილმმა ლოს-ანჟელესის კინოფესტივალზე ოქროს გლობუსის ჯილდოც მიიღო.
გიორგი პაპაშვილისა და ჰელენ უაიტის სხვა წიგნებიც დაწერეს. ყველაზე პოპულარული მაინც „ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ იყო. სხვა წიგნებიც საინტერესო აღმოჩნდა ხალხისთვის, მათ შორის, `ჰო და არა~, `შინისაკენ, კვლავ შინისაკენ~, `ქართულ-რუსული კულინარია~, `მადლობა ნოეს~, `ძაღლი და ადამიანი~.
მოქანდაკე გიორგი პაპაშვილი
მწერლობის გარდა, გიორგი პაპაშვილი, მოქანდაკეც იყო. ის თვითნასწავლი იყო, მუშაობდა ხეზე და ქვაზე. გიორგი პაპაშვილს 600-ზე მეტი ნამუშევარი აქვს. ყველა ნამუშევარში ჩანს გიორგის ნიჭი, შრომისმოყვარეობა და გემოვნება. გიორგის ზღაპრების გმირების უამრავი ქანდაკება აქვს. ზღაპრები და მათი გმირები ქართული ფოლკლორიდანაა. გიორგი პაპაშვილის ნაშრომების უმრავლესობა ამერიკაშია, პენსილვანიის შტატში. მისი ქანდაკებების ნაწილი საქართველოშიც ინახება სხვადასხვა მუზეუმში. საქართველოში არსებულ ნამუშევრებში გამორჩეული ქანდაკება „რაში“. ამ ნამუშევრის ნახვა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია შესაძლებელი.
გიორგი პაპაშვილის გარდაცვალება
გიორგი პაპაშვილი ცნობილი ადამიანი იყო ამერიკაში. მას ნაკლებად იცნობენ საქართველოში. პაპაშვილი შეტანილია წიგნებში `ვინ რა არის ამერიკულ ხელოვნებაში~ და `ვინ რა არის XX საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში~. გიორგი პაპაშვილი საქართველოსაც სტუმრობდა მეუღლესთან ერთად. მან მოინახულა მშობლიური სოფელი, ახლობლები, შეხვდა ქართველ მწერლებს. გიორგი პაპაშვილმა ამერიკაში დაბრუნება გადაწყვიტა და სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა... პაპაშვილი 80 წლის ასაკში ამერიკაში გარდაიცვალა.
პაკოს პროექტი მასწავლებელსაც ძალიან მოეწონა. კმაყოფილი დარჩა პაკოს ნამუშევრით, არა მარტო კმაყოფილი, ამაყიც:
- პაკო, ძალიან გამახარე, ჩემთვისაც კი უცნობი იყო ასეთი ცნობილი ქართველი ადამიანი, დიდი მადლობა შენ ამისთვის! - უთხრა დღის ბოლოს პაკოს მასწავლებელმა. პაკო ბედნიერი დაბრუნდა სახლში სკოლიდან.