გრიგოლ ფერაძე
1995 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა გრიგოლ ფერაძე და ამის შემდეგ მას წმინდა გრიგოლი ეწოდა.
გრიგოლ ფერაძის ოჯახი
გრიგოლი 1899 წელს დაიბადა კახეთის სოფელ ბაკურციხეში. მისის მამა, რომანოზ ფერაძე, მღვდელი იყო და სწორედ მისგან გამოჰყვა გრიგოლს ღმერთის სიყვარული.
დედა, მარიამი, მღვდლის ქალიშვილი ყოფილა. ცოლ-ქმარს სამი ვაჟი გაუჩნდა, გრიგოლი შუათანა იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ გრიგოლის ოჯახს ძალიან გაუჭირდა. დედამ მაინც მოახერხა და გრიგოლი სასულიერო სასწავლებელში შეიყვანა. სასწავლებლის დასრულების შემდეგ, გრიგოლმა სასულიერო სემინარიაც დაასრულა.
მამა გრიგოლი საქართველოს გარეთ
გრიგოლ ფერაძე უნიჭიერესი მოსწავლე იყო. ის თეოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა. სემინარიის ხელმძღვანელს სურდა, რომ იგი გერმანიაში გაეგზავნა სწავლის გასაგრძელებლად. მაშინ ეს არ გამოვიდა, თუმცა, მოგვიანებით, სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, გრიგოლმა მაინც შეძლო გერმანიაში სასწავლებლად წასვლა.
ქართველი მეცნიერების დიდი მხარდაჭერით, მან გერმანული სტიპენდია მიიღო და სწავლა ბერლინში, თეოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა. ბერლინის უნივერსიტეტი მან წარმატებით, თეოლოგიური მეცნიერებების დოქტორის ხარისხით დაასრულა. მისი არაერთი ნაშრომი გამოქვეყნდა ამ წლებში, რომლებმაც მეცნიერების ყურადღება მიიპყრო.
მამა გრიგოლის მოღვაწეობა
მამა გრიგოლი გერმანიაში დიდხანს აღარ დარჩენილა, იგი საფრანგეთსა და ინგლისში გადავიდა და ორივე ქვეყანაში დიდი წარმატებით მოღვაწეობდა, სწავლობდა ენებს, წერდა ნაშრომებს, კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში, თარგმნიდა ძველი ბერძნულიდან სასულიერო ტექსტებს.
ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა მეცნიერი და სტუდენტებისათვის საყვარელი ლექტორი, ლონდონის წმინდა სოფიას ბერძნულ ეკლესიაში ბერად აღიკვეცა. ამის შემდეგ მან სასულიერო მოღვაწეობაც დაიწყო.
გრიგოლის უდიდესი ნატვრა საქართველოში დაბრუნება იყო, მაგრამ იმ დროს ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. მას, როგორ თეოლოგს და სასულიერო პირს, საქართველოში არავინ შემოუშვებდა. ამ დროს უკვე კომუნისტური რეჟიმი იყო დამყარებული, რომელიც თეოლოგიას და ღვთისმსახურებას სასტიკად სდევნიდა.
გრიგოლი სწერდა წერილებს მის დიდ გულშემატკივარს, ქართველ მეცნიერ კორნელი კეკელიძეს: „საშინლად ვიტანჯები. არაფრის ხალისი არ მაქვს... თუმცა ნივთიერად სრულიად უზრუნველყოფილი ვარ... რისთვის ვიტანჯე ამდენი ხანი, რისთვის ვისწავლე, რისთვის მოვიარე თითქმის მთელი ევროპა? რატომ არ მიშვებენ სახლში?“
იგი იძულებული გახდა, საბოლოოდ შეჰგუებოდა იმ აზრს, რომ სამშობლოში ვეღარ დაბრუნდებოდა, თუმცა ყოველთვის ცდილობდა საქართველოსთვის სიკეთე გაეკეთებინა. თავის ნაშრომებს საქართველოში აგზავნიდა. მან, ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად, გადაარჩინა საქართველოს განძი, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთ ბანკში ინახებოდა. ფაშისტებმა რომ გაიგეს, აქ საქართველოდან წამოღებული დიდი განძი ინახებაო, სასწრაფოდ მიადგნენ მამა გრიგოლს და მის შესაფასებლად წაიყვანეს. მამა გრიგოლმა იმ დღეს მოატყუა ფაშისტები. მან თქვა, რომ ამ განძს მხოლოდ ქართველებისათვის აქვს კულტურული ღირებულება, თორემ ისე აქ ძვირფასი არაფერიაო. გრიგოლს დაუჯერეს, რადგან იგი პატივსაცემი მეცნიერი იყო. ასე გადარჩა ქართული განძი დაკარგვას.
მამა გრიგოლის გარდაცვალება
საფრანგეთიდან მამა გრიგოლი პოლონეთში გადავიდა საცხოვრებლად. იქ ხშირად ეხმარებოდა დევნილებს, მათ აჭმევდა, სახლში იფარებდა და უვლიდა. ეს მალე გაიგეს ფაშისტებმა, რის გამოც გრიგოლი დააპატიმრეს. საპატიმროდან იგი ცოცხალი აღარ გამოსულა. მამა გრიგოლთან ერთან, საპატიმროში ერთი მრავალშვილიანი ებრაელი კაცი ყოფილა, რომელიც იმ დღეს გაზის კამერაში უნდა მოეკლათ. მამა გრიგოლს შეეცოდა ეს კაცი, მის ნაცვლად სასჯელი თავის თავზე აიღო და გაზის კამერაში თვითონ შევიდა. ეს მოხდა 1942 წელს.