ნიკო ფიროსმანი


 

ნიკო ფიროსმანი გამოჩენილი ქართველი მხატვარია. ნიკო თვითნასწავლი მხატვარი იყო. მისი ნამუშევრები უშუალობით, სიმართლით, მკაფიო ხასიათით, სისადავით, და სიუჟეტური მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

ლადო გუდიაშვილი „ნიკო ფიროსმანი “ 1964 წელი

მიუხედავად იმისა, რომ მხატვარს არ უსწავლია, მისი შემოქმედება ქართული მხატვრობის ხასიათს იმეორებს.

დღეისათვის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ნიკო ფიროსმანის 146 ნამუშევარია დაცული. 16 ტილო კი სიღნაღის მუზეუმშია გამოფენილი. ფიროსმანის გამოფენა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოეწყო და მას 350 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა.

 

ბიოგრაფია

ფიროსმანის შესახებ ინფორმაცია მეტწილად მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოიძებნა. მისი ნამდვილი სახელი ნიკო ფიროსმანაშვილი იყო. იგი დაიბადა კახეთში, სოფელ მირზაანში. მის მამას - ასლან ფიროსმანაშვილსა და დედას - თეკლას 3 შვილი ჰყოლიათ. ორი უფროსი ქალიშვილი და ვაჟი - ნიკალა, იგივე ნიკო. ნიკოს ზუსტი დაბადების თარიღი უცნობია. იგი 1862 ან 1863 წელს არის დაბადებული.

ნიკოს ხატვის ნიჭი ბავშვობიდან გამოაჩნდა. იგი ბევრს ხატავდა. მხატვარი 8 წლის ასაკში დაობლდა და დედამ ბავშვი თბილისში გაგზავნა მდიდარ ოჯახში მსახურად. პატარა ნიკალას მდიდარ ოჯახში კარგად ექცეოდნენ. ბიჭუნა საკუთარი ნახატებით აჭრელებდა სახლის კედლებს. მოგვიანებით ნიკალას ოჯახის დატოვება მოუწია.

1880 წელს მან ფერწერის სახელოსნო გახსნა და მაღაზიებისა და დუქნებისათვის აბრებს ხატავდა. შემოსავალი იმდენად ცოტა იყო, რომ მხატვარს საარსებოდაც არ ჰყოფნიდა.

1883 წელს ნიკალა რკინიგზის სადგურში მუშაობდა დარაჯად. სამსახურში, დარაჯის ოთახში მუშაობის დროს, ხატავდა კიდეც. ავადმყოფობის გამო მას დროებით სამსახურის დატოვება მოუხდა. მიუხედავად დიდი სურვილისა, გამოჯანმრთელების შემდეგ იგი სამსახურში აღარ დააბრუნეს.

ფიროსმანი დაუღალავად შრომობდა და დიდი ინტერესით ეკიდებოდა საქმეს. სამხატვრო განათლებისათვის საკმარისი ფული მას მაინც არ გააჩნდა. მხატვარი იძულებული იყო, ხან ერთ მედუქნესთან შეეფარებინა თავი, ხან - მეორესთან. ცხოვრების საფასურს ის ხშირად საკუთარი ნახატებით იხდიდა. ნიკო პურისა და ერთი ჭიქა ღვინის ფასად ხატავდა აბრებსა და სურათებს. უბრალო ხალხს არ ესმოდა ფიროსმანის ნახატები, თუმცა ყველა გრძნობდა იმ ნიჭსა და სიძლიერეს, რაც ფიროსმანის ნახატებიდან მოდიოდა. აუტანელი ყოფისა და უკიდურესი სიღარიბის მიუხედავად, ფიროსმანი ძალიან ამაყი და დამოუკიდებელი ადამიანი იყო. ამ თვისებებისთვის მას მეტსახელად „გრაფსაც“ ეძახდნენ.

ფიროსმანი საკმაოდ განათლებული და ნაკითხი ადამიანი იყო. მისი სურათები მოწმობს, თუ რამდენად ნათელი წარმოდგენა ჰქონდა მხატვარს ქართული ისტორიისა და თანამედროვე ცხოვრების შესახებ. მას უამრავი სურათი აქვს დახატული ისტორიიდან: ,,თამარ მეფე“, ,,შოთა რუსთაველი“, ,,წმინდა გიორგი“, ,,გიორგი სააკაძე“. საქართველოს ისტორიის გარდა, ფიროსმანი იცნობდა მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენებსაც. მას იაპონიის ომის სცენაც აქვს დახატული.

 

ფიროსმანი 1918 წელს 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის ბოლო დღეებშიც მხატვარი მარტოსული იყო. მას საკუთარი შვილები და ოჯახი არ ჰყოლია... ცხოვრებაში ერთადერთი ქალი უყვარდა. ეს ქალი ფრანგი მსახიობი მარგარიტა იყო. ნიკო ფიროსმანის ცნობილი სურათი „აკტრისა მარგარიტა“ სწორედ ამ მსახიობის პორტრეტია. ნიკალა და მსახიობი ქალი 1 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს. შემდეგ კი მარგარიტამ გამოსამშვიდობებელი ბარათი დაუტოვა მხატვარს და სამუდამოდ წავიდა მისგან. ეს განშორება საბედისწერო აღმოჩნდა ფიროსმანისათვის. თავის ტკივილსა და მარტოობას ფიროსმანი ხატვით უმკლავდებოდა. ღატაკმა მხატვარმა ბნელ, მიტოვებულ სარდაფში დაასრულა სიცოცხლე. მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზი და თარიღი უცნობია. ასევე, არავინ იცის, ვინ და სად დაკრძალა მხატვარი.

მეგობრები და ნაცნობები ნიკალას უწყინარ, პატიოსან და ამაყ ადამიანად იხსენებდნენ.

 

მხატვრის მემკვიდრეობა

ფიროსმანი პირველად ფრანგმა მხატვარმა აღმოაჩინა. იგი საქართველოში მოგზაურობდა და შემთხვევით ფიროსმანის ნახატები ნახა. ფრანგს თან წაუღია ფიროსმანის რამდენიმე სურათი. მოგვიანებით ნიკო ფიროსმანის ნიჭით ძმები ილია და კირილ ზდანევიჩებიც დაინტერესდნენ და მისი ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესწავლისათვის დიდი შრომა გასწიეს. მოგვიანებით, მისი სურათების შეგროვება ქართველმა მხატვრებმა იკისრეს. შესანიშნავმა მწერალმა - გიორგი ლეონიძემ კი მნიშვნელოვანი ცნობები მოიძია მისი ცხოვრებიდან.

ფიროსმანაშვილის ნამუშევრები პირველად 1918 წელს იყო წარმოდგენილი თბილისში ქართველ მხატვართა პირველ დიდ გამოფენაზე

მხატვრის გარდაცვალების შემდეგ, 20-იან წლებში, იბეჭდებოდა წერილები პრესაში და კრებულიც გამოიცა მისი შემოქმედების შესახებ. განსაკუთრებული ინტერესი ფიროსმანის მხატვრობისადმი 50-იან წლებში იგრძნობოდა. მის შესახებ არაერთი წიგნი გამოიცა საქართველოსა და უცხოეთში. ასევე, შეიქმნა ფილმი, დაიწერა პიესები, მუსიკალური ნაწარმოებები; ფიროსმანის სურათების გამოფენა მოეწყო ევროპის მრავალ ქვეყანაში.

70-იან წლებში თბილისში დაიდგა ფიროსმანის ძეგლი; მხატვრის მშობლიურ სოფელშიმირზაანში კი გაიხსნა ფიროსმანის მუზეუმი. მხატვრის ნამუშევრების დიდი ნაწილი ამჟამადაც ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმსა და საზღვარგარეთ - მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.

 

ფიროსმანის შემოქმედება

ფიროსმანის შემოქმედება ძალიან მდიდარია. მის მხატვრობაში დიდი ადგილი უჭირავს სუფრის სცენებს, რომლებიც თბილისელი ვაჭრების, ხელოსნების, ზოგჯერ კი თავადების ჯგუფურ პორტრეტებს წარმოადგენს. მაგ., „ხუთი თავადის ქეიფი“. სუფრის სცენებს მხატვარი ხანდახან ბუნების ფონზე გამოხატავდა.

ფიროსმანს ძალიან აინტერესებდა სოფლის ბუნება და ცხოვრებაც. მისი მრავალი ნახატი სოფლის ცხოვრებას ასახავს. მხატვარი უფრო იშვიათად ქალაქურ პეიზაჟებსაც ხატავდა. განსაკუთრებით ლამაზი და პოეტური ფიროსმანის დახატული ღამის სცენებია.

ფიროსმანი ასევე ხშირად ხატავდა თბილისის მაცხოვრებლებს და სხვადასხვა პროფესიისა და ხელობის წარმომადგენლებს: ხელოსნებს, მედუქნეებს, კინტოებს, მოცეკვავეებს და სხვა. მის ნახატებში ძალიან კარგად ჩანს გმირების ხასიათი და განწყობა.

ფიროსმანაშვილის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ცხოველებს. მხატვარი ცხოველთა გამოსახულებებში ხშირად სიმბოლურ აზრს აქსოვდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია „ირემი“, „ჟირაფი“, „თეთრი ღორი გოჭებით“ და მისი სხვა ნახატები.

ფიროსმანს ასევე იზიდავდა ისტორიული თემები და პერსონაჟები. მისი სურათები ქართული თეატრის წარმოდგენებითაც არის შთაგონებული.

 

მოგონებები

ფიროსმანის ცხოვრებას, პიროვნულ თვისებებსა და შემოქმედებაზე საინტერესო მოგონებები მხატვარ ლადო გუდიაშვილს ეკუთვნის:

1916 წელს მხატვარი ფიროსმანს სახლში ესტუმრა. ნიკოს სახლის პოვნა ძალიან გაუჭირდა და ბოლოს იგი ნახევრად ბნელ სარდაფში აღმოაჩინა. მხატვარი სახატავ მასალად ნავთის ნამწვავს აგროვებდა. თვითონაც მთელი ტანსაცმელი გაშავებული ჰქონდა ნამწვავით. გუდიაშვილს ფიროსმანისთვის სტუმრობის მიზეზი უთქვამს. დიდ ფიროსმანს მხატვართა კავშირის შეკრებაზე ეძახდნენ. ამაყ ფიროსმანს ტანსაცმელზე დაუხედავს და ამგვარი ფორმით ხალხში გამოჩენაზე უარი უთქვამს. „ჩემი თავი უკანასკნელ კაცად მიმაჩნიაო,“ - უთქვამს მხატვარს გუდიაშვილისთვის.

გუდიაშვილის შემდეგი მოგონება კიდევ უფრო მძიმე მოსასმენია:

მხატვართა კავშირს ერთ-ერთ კრებას გადაუწყვეტია ნიკო ფიროსმანისთვის 200 მანეთი დახმარება გაეწიათ. „ფულის გადაცემა მე მომანდეს“ - იხსენებს ლადო გუდიაშვილი. „დავიწყე ფიროსმანის ძებნა. არ ვიცოდი, სად ცხოვრობდა. ბევრი ვიარე, ბევრ ეზოში შევყავი თავი და გამოვიკითხე, მაგრამ სულ ტყუილად. დაღონებული ვბრუნდებოდი, როცა ერთი ეზოდან მომესმა საშინელი ყვირილი, ბავშვების ჟივილ–ხივილი. სანახაობა მეტად სასტიკი აღმოჩნდა: ბავშვები ქვებს ესროდნენ ერთი ოთახის კარებს, სადაც ცხოვრობდა აბუჩად აგდებულიკაცი. ეს, ჩემი აზრით, ნიკო ფიროსმანი უნდა ყოფილიყო. კარზე დავაკაკუნე. ნიკომ კარი გააღო.

ნიკო ფიროსმანი იყო მაღალი ტანისა, შეჭაღარავებული და უკან გადავარცხნილი თმით. ეცვა ნაცრისფერი პიჯაკი და საღებავიანი ჭუჭყიანი შარვალი. ერთი სიტყვით, ჩემ წინ იდგა ლოთური ცხოვრებით გატეხილი და დაბეჩავებული უბნის მცხოვრები. ამოვიღე ფული და გადავეცი. ნიკო შეჩერდა და გაქვავდა. ხმა ვერ ამოიღო. არ იცოდა, როგორ გადაეხადა მადლობა.“

ლადო გუდიაშვილი იხსენებს, რომ დიდ მხატვარს ერთი სურვილი ჰქონდა: იგი ოცნებობდა უზარმაზარ სახლზე, სადაც უამრავ ხალხს დაპატიჟებდა და ფინჯან ჩაისთან ხელოვნებაზე და საკუთარ ცხოვრებაზე ილაპარაკებდნენ.

მეეზოვე

ფიროსმანის ნახატი „მეეზოვე“ ფიროსმანის შემოქმედების საინტერესო მაგალითია.

ნიკალამ უბანში კარგად ცნობილი წვერგაბურძგნული, კეთილი ქურთი მეეზოვე დაგვიხატა. გადმოცემით, მეეზოვეს დიდი ამაგი ჰქონდა ნიკალაზე. მაშინ, როდესაც ფიროსმანმა მარგარიტა დაკარგა, მის ცხოვრებას თითქოს აზრი დაეკარგა. სწორედ მაშინ შეიფარა კეთილმა მეეზოვემ ნიკალა თავის პატარა საცხოვრებელში. კიბის ქვეშ მდებარე სათავსოში შეყუჟული ფიროსმანი დარდს ებრძოდა და მთელ დღეებს ხატვაში ატარებდა. კეთილი მეეზოვე ყველანაირად ცდილობდა, მისთვის დარდი შეემსუბუქებინა და დახმარებოდა მხატვარს. იგი შვილივით უვლიდა ფიროსმანს და ყოველდღე საჭმელიც მოჰქონდა მისთვის. ნიკალას ცხოვრებისადმი ინტერესი ნელ-ნელა უბრუნდებოდა. ერთ დღესაც, როდესაც მეეზოვემ ნიკოს საჭმელი შეუტანა, მხატვარმა მას სურათი დაახვედრა. მეეზოვე აღტაცებული დარჩა თავისი პორტრეტით. თურმე გულში იკრავდა და გაიძახოდა, „ნახეთ, როგორ მგავსო“.

მეეზოვეს უკბილო, ჩაცვენილი ლოყები აქვს. ყურები თითქოს ლოყებთან აქვს გაერთიანებული. მსხვილი, ჩამოშვებული ცხვირი და ხშირი, წითური წვერი აქვს. ტუჩები თითქმის არ უჩანს. მეეზოვის ქუდიდან უწესრიგო და დაუვარცხნელი თმები გადმოჰყრია. მეეზოვეს უხეში, სქელი მაუდის შავი ლაბადა აცვია. ხელთათმანები კი არ უკეთია. ალბათ ხელთათმანები არ შედიოდა მეეზოვის ფორმაში ან მოუხერხებელი იყო მუშაობისთვის. მეეზოვე თავისი ასაკის გამო მსხვილ ჯოხს ეყრდნობა. ფეხზე რეზინის ყელიანი ფეხსაცმელი - ბოტები აცვია. ფორმის ქუდის ყვითელ ზოლზე კი გარკვევით აწერია: „მეეზოვე“ და მისი ნომერი - 1035.

სურათის ფონი ძალიან სადაა და ამიტომ ვერ მივხვდებით, წელიწადის რომელი დრო არის მასზე გამოსახული. თუმცა, მეეზოვის ხელები თითქოს შეკუმშულია სიცივისგან. სახის რუხი ფერიც სიცივეზე მიუთითებს.

მეეზოვის ფეხებქვეშ ერთი მუჭა რუხი მიწაა დაყრილი. თუ კარგად დავაკვირდებით, ფიცრის იატაკი შეიძლება დავინახოთ, რომელზედაც დგას მეეზოვე. ხოლო მეეზოვის უკან თეთრი ფონიკედელია.

მეეზოვის პორტრეტი ერთი შეხედვით სასაცილოც კია თავის სიუშნოვითა და უბრალო გამომეტყველებით. მაგრამ, ამასთან, მისი სახე სიკეთეს, პატიოსნებასა და ერთგულებას ასხივებს. სწორედ ამ ემოციური განწყობის და სისადავის გამოა ფიროსმანის ნახატი „მეეზოვე“ ძალიან პოპულარული. მეეზოვე დღემდე აღფრთოვანებას იმსახურებს.