პინგვინები

 

შესავალი

პინგვინები ფრინველები არიან, მაგრამ ფრენა არ შეუძლიათ. პინგვინები უცნაური ფრინველები არიან. ისინი მხოლოდ სიცივეში ცხოვრობენ. პინგვინები სხვა ფრინველებისგან სასაცილო სიარულით გამოირჩევიან. ისინი სასაცილოდ დაბაჯბაჯებენ. ცხოვრობენ ანტარქტიდაზე, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ ავსტრალიაში,გალაპაგოსისკუნძულებზე...

1

პინგვინების სახეობებია: იმპერატორის პინგვინი, სამეფო პინგვინი, პინგვინი ადელი, ოქროსქოჩრიანი პინგვინი, გალაპაგოსის პინგვინი...

ყველაზე დიდია იმპერატორის პინგვინი - მისი სიმაღლე 110-120 სმ-ია, წონა კი - 46 კგ. გადაშენებული პინგვინების ნამარხში კი გოლიათი პინგვინიც აღმოუჩენიათ - იგი ადამიანის სიმაღლე ყოფილა და 120 კგ-ს იწონიდა.

 

გარეგნობა

2

პინგვინების ზურგი მონაცრისფრო-მოშავოა. ასეთი ფერი მათ კარგად ნიღბავს მტაცებლებისგან. ბევრ მათგანს თავზე მოყვითალო ფერი აქვს. პატარა პინგვინები ნაცრისფრები ან ყავისფრები იბადებიან. მხოლოდ გვერდები და გულ-მკერდი აქვთ მოთეთრო. პინგვინები ფრთებს ფარფლებად ხმარობენ. ისინი სიცოცხლის 2/3-ს წყალში ატარებენ. კარგად ცურავენ და ყვინთავენ. მათი ბუმბული წყალგაუმტარია, ფეხები კი აპკიანი, რაც ცურვაში ეხმარებათ. წყალში 80 წუთამდე შეუძლიათ გაძლონ. საიმპერატორო პინგვინი წყალში 530 მეტრზეც კი ჩადის. პინგვინები ხმელეთზეც და წყალშიც კარგად ხედავენ. ყურები კი ბუმბულით აქვთ დაფარული, რის გამოც შიგ წყალი არ ჩასდით.

პინგვინები ბუმბულს კვერცხებზე ჯდომის ან ბარტყების გამოზრდის შემდეგ იცვლიან. ძველი ბუმბული სცვივათ და თან ახალი ამოსდით. ამ პერიოდში ისინი წყალში არ ჩადიან და საკვების გარეშე რჩებიან. ამის ნაცვლად, საზრდოობენ ქონის მარაგით, რომელიც ორგანიზმში დაუგროვდათ.

პინგვინები იკვებებიან თევზებით, მოლუსკებით, კიბოსნაირებით... საკვებს ისინი წყალშივე ყლაპავენ.

3

პინგვინები დიდ კოლონიებად ცხოვრობენ. ისინი გუნდად დადიან. საკმაოდ სწრაფად და სასაცილოდ მოძრაობენ. ადიან ციცაბო ფერდობზე, მუცლით ჩამოსრიალდებიან და წყალში ისე ხტებიან. წყლიდან ამოსულები დიდი ნახტომით საკმაოდ შორ მანძილზე გადახტებიან ხოლმე.

 

გამრავლება

4

პინგვინები ერთ ან ორ კვერცხს დებენ. მათი კვერცხი თეთრია ან მომწვანო ფერის. თითქმის ყოველთვის პირველი კვერცხი მეორეზე დიდია. ბარტყი ჯერ მსხვილი კვერცხიდან იჩეკება. დედ-მამა პინგვინებიც უფროსსა და ზორბა ბარტყს უფრო კარგად უვლიან, უფრო ხშირად აჭმევენ. ამიტომ მეორე ბარტყი ხშირად იღუპება. ბარტყები მშობლებს მუცლის ქვედა ფენებში ეკრობიან და ასე თბებიან. დედალ-მამალი პინგვინები შვილებზე თანაბრად ზრუნავენ: როცა ერთ–ერთი მშობელი საკვების საშოვნელად მიდის, მეორე შვილებთან რჩება. წამოზრდილ ბარტყებს პინგვინები ,,საბავშვო ბაღში“, სხვა პატარა პინგვინებთან ერთად უშვებენ.

1 წლამდე პინგვინი დაღუპვის საფრთხის ქვეშაა. ერთი წლის შემდეგ კი ისინი ძლიერდებიან და გარემოსაც ეგუებიან. პინგვინების სიცოცხლის ხანგრძლივობა 25 წელია.

პინგვინებს ხმელეთიდან საფრთხე იშვიათად ელით. შეიძლება ადამიანებისგან წამოყვანილი ძაღლი ან კატა იყოს მათი მტერი. უფრო ხშირად კი მათ თავს წყლიდან ესხმიან: ზღვის ლეოპარდები, ზღვის ლომები, ზღვის კატები, ზვიგენები... ამიტომაც პინგვინებს წყალში მარტო ჩასვლისა ძალიან ეშინიათ: ჯგუფ-ჯგუფად მიდიან წყალთან, ვერც ერთი ვერ ბედავს წყალში პირველი გადახტომას. დგანან ნაპირთან და ყოყმანობენ. მაგრამ თუ რომელიმემ გაბედა და გადახტა, მაშინვე დანარჩენებიც გადაჰყვებიან. თავდაცვისათვის პინგვინები კარგად ხმარობენ ნისკარტს და ფარფლებს.

ჰაერიდან პინგვინების მტერი მტაცებელი ფრინველი, პომორნიკია. ასევე თოლიაც, რომელიც ხშირად იტაცებს პინგვინების კვერცხებს.

5

ხშირი კონტაქტის შემდეგ პინგვინებმა ადამიანების შიში დაძლიეს. ახლა ძალიან იშვიათად უფრთხიან მათ.