ალექსანდრე ქართველი

 

ალექსანდრე ქართველი

ალექსანდრე ქართველი წარმატებული ავიაკონსტრუქტორი იყო. თვითონ ალექსანდრეს სიტყვებით, კარგი ავიაკონსტრუქტორი უნდა იყოს „ინჟინერი, მათემატიკოსი და მეოცნებე. მას მოთმინებაც უნდა ჰქონდეს და ფანტაზიაც. უნდა იცოდეს, როდის შეჩერდეს და ყოველთვის შესწევდეს ძალა, რომ წინ წავიდეს.“ ალექსანდრე ქართველს მისი თანამედროვე ამერიკელები ამერიკული ავიაციის ერთ-ერთ მამას უწოდებდნენ.

 

ალექსანდრე ქართველის ბიოგრაფია

ალექსანდრე 1896 წელს დაიბადა ქალაქ თბილისში. იგი თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლობდა. მალევე მოუწია საქართველოს დატოვება. პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთის არმიაში გაიწვიეს.

„მე საარტილერიო ოფიცერი ვიყავი, ამ დროს ავიაციისა არაფერი გამეგებოდა. როდესაც ჩემმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მე საქართველოს არმიას შევუერთდი ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ჩვენ წავაგეთ. იძულებული გავხდი, საქართველო დამეტოვებინა და საფრანგეთში გავემგზავრე. სწორედ იქ მივიღე განათლება ავიაციაში.” - ამბობდა ალექსანდრე ქართველი.

საფრანგეთში ალექსანდრე ქართველმა პარიზის ავიაციის უმაღლესი სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი მუშაობა დაიწყო თვითმფრინავების გამომცდელად. იგი ცოტა ხნის შემდეგ ავარიაში მოჰყვა და ხერხემალი დაუზიანდა, ამის გამო თვითმფრინავის მართვა აღარ შეეძლო. სწორედ ამ პერიოდიდან უფრო ღრმად შეისწავლა ავიაკონსტრუქცია.

საფრანგეთში ლუი ბლერიოს საავიაციო კომპანიაში მუშაობდა, მალე კი ამერიკელი მულტიმილიონერის -ლევინის - მიწვევით ამერიკაში გადავიდა. ლევინსა და ალექსანდრეს შორის ცოტა ხნის შემდეგ უთანხმოება გაჩნდა, ლევინმა მოისურვა ავიაციის საქმეში უხეშად ჩარევა, რაც ქართველმა ავიაკონსტრუქტორმა ვერ აიტანა და მისი კომპანიიდან წამოვიდა.

როგორც თავად იხსენებს, მის ცხოვრებაში სწორედ მაშინ დადგა ყველაზე რთული პერიოდი. ამ დროს ამერიკაში იყო დიდი დეპრესიის პერიოდი, როცა ადამიანებს სამუშაო არ ჰქონდათ და თავის გასატანად ყველანაირი საქმის გაკეთება უწევდათ. „ბევრი უბედურება გამოვცადე, რომ თავი გამეტანა, მაგრამ მაინც მოვახერხე, რადგან ნიუ იორკში ვცხოვრობდი. ნიუ იორკი კი ის ქალაქია, სადაც შიმშილით არავინ კვდება. ყოველთვის შეიძლება რაიმე სამსახურის შოვნა. ასე რომ, მანქანებსაც ვრეცხავდი, ქუჩებსაც ვწმენდდი და თავი გამქონდა”, - იხსენებს ალექსანდრე ქართველი.

 

ალექსანდრე ქართველის მიერ აგებული თვითმფრინავები

პირველი, მთლიანად ლითონისაგან დამზადებული თვითმფრინავი ალექსანდრე ქართველმა შექმნა. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ის სასწრაფოდ მიიწვიეს ნიუ-ჯერსიში მდებარე საავიაციო ქარხანაში, სადაც კარგი თანამდებობა და ხელფასი შესთავაზეს. ალექსანდრე მიწვევას დასთანხმდა.

p-47

ცოტა ხნის შემდეგ იგი ცნობილ ინჟინერს ალექსანდრე სევერსკის შეხვდა, რომელიც აგრეთვე თბილისში იყო დაბადებული და საქართველო და ქართველებიც ძალიან უყვარდა. მან ალექსანდრე ქართველს თავის კომპანიაში გადასვლა შესთავაზა.

სევერსკის კომპანიაში შექმნილმა საავიაციო პროექტებმა ალექსანდრე ქართველი მსოფლიოში ცნობილი გახადა. ამ პერიოდში შექმნილი ცნობილი თვითმფრინავებია P-35 და SEV-3. 1936 წელს მათ სიჩქარის მსოფლიო რეკორდები დაამყარეს. ორი წლის შემდეგ სევერსკი თანამდებობიდან გადააყენეს, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი კი ალექსანდრე ქართველი გახდა. ამ პერიოდში მან ცნობილი ბომბდამშენი P-47 Thunderbolt -ი შექმნა.

შემდეგ მუშაობა P-47-ზე დაიწყო. თვითმფრინავზე, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა სამხედრო ავიაციის ისტორიაში. მეორე მსოფლიო ომის დროს მან 546 000 საბრძოლო ოპერაცია განახორციელა, გაანადგურა ან დააზიანა მტრის 12 000-მდე თვითმფრინავი, 86 000 მანქანა, 6000 ტანკი თუ ჯავშანმანქანა. ალექსანდრე ქართველის კომპანია საბრძოლო თვითმფრინავების ყველაზე დიდი მწარმოებელი გახდა მსოფლიოში.

ალექსანდრე ქართველმა უამრავი საავიაციო და საბრძოლო თვითმფრინავი შექმნა. ეს თვითმფრინავები აქტიურად გამოიყენებოდა საჰაერო ბრძოლებში. თვითონ ალექსანდრე კი ყველაზე მეტად P-47-ით ამაყობდა.

 

ალექსანდრეს პირადი ცხოვრება

მეგობრები ალექსანდრეს საშას ეძახდნენ, თანამშრომლები კი - მისტერ ქართველს. თავისუფალი დრო ძალიან ცოტა ჰქონდა, ამიტომ ყოველთვის ცდილობდა, ამ პერიოდში სახლში ყოფილიყო. სახლში ყოფნისას ხშირად მღეროდა ქართულ სიმღერებს. იგი უნიჭიერესი ადამიანი იყო. იცოდა ხუთი ენა. ალექსანდრეს ამერიკელი მეუღლე ჰყავდა, ჯინ რობინსი. მათ შვილები არასოდეს ჰყოლიათ. ალექსანდრე ბოლო წლებში, მეუღლესთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობდა. იგი 1974 წელს გარდაიცვალა.

 

ბოლოსიტყვაობა

ალექსანდრე ქართველმა საავიაციო საქმეში დიდი წვლილი შეიტანა, თუმცა მის შესახებ ინფორმაცია კარგა ხნის განმავლობაში ხელმისაწვდომი არ იყო. 2007 წელს ქართველმა რეჟისორმა რამაზ ბლუაშვილმა კოლუმბიაში შეაგროვა მნიშვნელოვანი ცნობები ალექსანდრე ქართველის შესახებ და იგი ქართულ საზოგადოებას უფრო ახლოს გააცნო.