სოფლის მაშენებლები


 

ძაღლი და მამალი დაძმობილდნენ. თქვეს:

სოფელი ავაშენოთო!

ძაღლმა ჰკითხა:

როგორ ავაშენოთო?

მამალმა უთხრა:

შენ იყეფე, მე ვიყივლებ და აშენდებაო.

წავიდნენ ტყეში. ძაღლმა ყეფა დაიწყო და დაეძინა. მამალი ხეზე იჯდა და ყიოდა.

 

 

მელას ხმა მოესმა, მივიდა, მამალს ჰკითხა:

მანდ რას აკეთებო?

მამალმა უთხრა:

სოფელს ვაშენებო!

მელამ სთხოვა:

ჩამოდი, სახლის ადგილი მაჩვენეო!

მამალმა უპასუხა: – უფროსი მანდ წევს, ეგ გაჩვენებსო.

 

 

მელია ძაღლთან მივიდა და დაუძახა:

ადექი, სახლის ადგილი მაჩვენეო!

ძაღლი გამოეკიდა მელას და მაგრად ცემა.

 

 

ნაცემი მელა წავიდა, გორაზე დადგა და დაუძახა:

 

მე ხომ ასე დამემართა და თუ თქვენ ეგრე სოფელს ააშენებთ, ვნახავთო!