ძროხა

ძროხა მინდორშია საძოვრად გასული. მაღლა აქვს აწეული თავისი გრძელი და წვეტიანი ხერხემალი, აქეთ-იქით ყურები აქვს გაშვერილი, ჩაუყვია მაღალ ბალახში თავისი დიდი თავი და მადიანად გლეჯს ბალახს. მაგრამ ცხენივით ძირში ვერ ძოვს, იმიტომ, რომ ზევითა ყბაში წინა კბილები არ აქვს; მათ მაგივრად ღრძილზე მაგარი წითელი კანი აქვს გადაკრული.

აი, ძროხამ ბალახით გაიტენა თავისი განიერი მუცელი და დაწვა მიწაზე. აქნევს განუწყვეტლად ყბებს და პირში თეთრი ქაფი უდგას. ეს რა ხდება? მუცლიდან ისევ ზევით ამოაქვს ნაძოვი ბალახი, თავისი ბრტყელი კბილებით მეორედ ღეჭავს, ანუ ცოხნის, და ბოლოს, როცა კარგად დაღეჭავს, ისევ ყლაპავს... მთელი დღე ძოვასა და ცოხნაში გაატარა... მოვიდა საღამოც და ძროხა წავიდა სახლისკენ.

მუცელგამობერილი ძროხა დინჯად, აუჩქარებლად მიაბიჯებს თავის ორჩლიქიან ფეხებს, იქნევს გრძელ კუდს და იგერიებს ბუზებს. უცებ გამოვარდა ძაღლი გლეხის სახლიდან და ყეფით გაექანა ძროხისკენ. ძროხამ თავისი დიდი თვალები დააბრიალა, მიუბრუნდა ძაღლს, დაღუნა ძირს თავი და მიუშვირა თავისი წვეტიანი რქები. `ამ საშინელი რქებით მიწაზე მიმაჭყლეტს, ან მაღლა ჰაერში ამისვრისო~ - იფიქრა ძაღლმა და უკან გაიქცა შეშინებული...ძროხა ისევ წყნარად მიდის თავის გზაზე. მიდის დინჯად და თან ცდილობს, რომ უკანა ფეხები განზე ატაროს, რომ ბარძაყები არ მოახვედროს თავის სავსე ჯიქანს და თავისი ოთხი ძუძუდან არ დაღვაროს გემრიელი რძე. მაგრამ როგორც კი დაინახა თავისი სახლი და თავისი საყვარელი ხბოს ხმა გაიგონა, ძროხამ ვეღარ მოითმინა, დაიბღავლა. სულ სირბილით წავიდა და ბაკში შევარდა. როცა დიასახლისმა მოსული ძროხა დაინახა, გამოიტანა სარძევე, დაჯდა ძროხის გვერდით და რძე ჩამოსწველა ძუძუებიდან. მალე ძროხამ მთელი სარძევე პირამდე გაავსო და მერე თავისი ხბოც გააძღო გემრიელი რძით.