ცისარტყელა


 

მაისი იდგა. ცა შავად მოიღრუბლა და დიდხანს იწვიმა. ამ დროს ფარდულის ქვეშ იდგნენ სოსო და დიმიტრი და სიამოვნებით უგდებდნენ ყურს წვიმის შხაპუნს. შემდეგ ღრუბლებმა თანდათან აღმოსავლეთისაკენ მოგროვება დაიწყო. ცოტა ხნის შემდეგ დასავლეთისკენ ცა სულ მოიწმინდა და აღმოსავლეთისაკენ კი ისევ წვიმდა... მზემ გამოანათა თუ არა, მაშინვე აღმოსავლეთისკენ ცას მშვენიერი ფერადი რკალი გადაეკრა. ბიჭებმა დიდი სიამოვნებით დაუწყეს ცქერა ბუნების ამ ულამაზეს მოვლენას.

- ეს ფერადი ცისარტყელა როგორ ჩნდება? - ჰკითხა უეცრად სოსომ დიმიტრის.

- ცისარტყელა, ჩემო სოსო, მზის სხივებისაგან წარმოიშობა. მზის თეთრი სხივი მარტივი არ არის; თეთრი ფერი რთული ფერია და შედგება შვიდი ფერისგან: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და იისფერი. როცა ეს შვიდივე ფერი შეერთებულია, მაშინ მზის სხივს თეთრი ფერი აქვს. მაგრამ თუ წყლის წვეთები ბლომად მოდის მაღლიდან ქვევით და ამ დროს იმათ მზემ მიანათა, მაშინ მზის სხივი, წყლის ნამში გავლის დროს, შვიდ ნაწილად გაიყოფა. თითოეულ ფერს ცალ-ცალკე დავინახავთ და ცისარტყელას მსგავსი მოვლენა ჩნდება. ეს მოხდება ხოლმე, მაგალითად, იქ, სადაც მდინარე ჩანჩქერად ეშვება ხეობაში; კიდევ მაშინ, როცა შადრევნიდან წყალი მაღლა ადის და მას მზე ადგას თავზე. მე შენთვის, სოსო, სახლშიც ბევრჯერ მიჩვენებია ცისარტყელასნაირი მოვლენა: ფანჯარაზე წყლით სავსე შუშის დოქი რამდენჯერმე დამიდგამს მზის პირდაპირ და სიხარულით გიყურებია, როცა მზის სხივი, წყლიან შუშაში გავლის შემდეგ, შვიდ ფერად გადაქცეულა და დოქის მეორე გვერდზე ფერადი სარტყელივით გაგრძელებულა. ცაშიც სწორედ ასე ჩნდება ცისარტყელა. ცისარტყელა მაშინ გამოისახება ხოლმე, როცა ერთს მხარეზე ხშირი წვიმა მოდის, როგორც, აი, ახლა, და მეორე მხრიდან კი მზე ანათებს; მზის სხივები წვიმის ნამში გავლის დროს შვიდ ფერად იყოფა და ფერადი სარტყელივით ცას გადაეკვრება ხოლმე. ამას ვეძახით ჩვენ ცისარტყელას. ცისარტყელა ზოგჯერ ორიც კი შეიძლება გაჩნდეს ცაში.