ყაბახი


 

ყაბახი ძველი ქართული ცხენოსნური თამაშია. საქართველოს ყველა კუთხეში კარგად იცნობდნენ ამ თამაშს. ყაბახი დღესასწაულებზე იმართებოდა.

 

 

ცხენოსანი მამაკაცები ყოველთვის დიდი მონდომებით ემზადებოდნენ ყაბახისთვის.

ცხენოსნობის გარდა, ყაბახის მოთამაშეს იარაღის კარგად ხმარება და მიზანში ზუსტად ამოღებაც უნდა სცოდნოდა.

 

ყაბახი მაღალ ანძას, ძელს ნიშნავს. ძელი 6 მეტრი სიგრძისაა. მის წვერზე დამაგრებული იყო თასი ან ბურთი. ცხენზე ამხედრებულ მოთამაშეს უნდა ესროლა და ჩამოეგდო თასი.

 

 

შეჯიბრებაში ერთდროულად მონაწილეობდა რამდენიმე ცხენოსანი. მათ თასის ჩამოგდება შეეძლოთ როგორც მშვილდ-ისრით, ასევე დამბაჩით.

 

მხედრები საწყის ხაზთან ერთად მწკრივდებოდნენ და მსაჯის მიცემულ ნიშანზე ცხენებს გააჭენებდნენ.

 

ყაბახთან მიახლოებისას თასს ესროდნენ და ფინიშის ხაზამდე მიდიოდნენ. სროლა მანამდე გრძელდებოდა, სანამ ერთი გამარჯვებული არ გამოვლინდებოდა. გამარჯვებული იყო ადამიანი, რომელიც ყველაზე ხშირად ჩამოაგდებდა ყაბახიდან თასს. გამარჯვებულს ჯილდოდ ჩამოგდებული თასი ხვდებოდა.

 

 

ყაბახი საქართველოს ყველა კუთხეში ტარდებოდა. ძველ თბილისში ყაბახისათვის სპეციალურად მოწყობილი მოედანიც კი ყოფილა, სადაც უამრავი მაყურებელი მოდიოდა.

 

 

ყაბახი, ქართული ხალხური სპორტის ეს ცნობილი სახეობა, დღეს უკვე მივიწყებულია. ყაბახის შეჯიბრი დღეს საქართველოში არსად აღარ ტარდება.