თხილამურები და ციგურები
ზამთრის არდადეგებზე თოკო და თაკო მშობლებმა ბაკურიანში წაიყვანეს. თოკოს და თაკოს ძალიან უხარიათ ბაკურიანში წასვლა, მაგრამ გულიც წყდებათ. თუთიყუში ჩიკო და კატა ფეფო ხომ სახლში რჩებიან. ჩიკოსა და ფეფოს გარეშე ძალიან მოიწყენენ.
ბაკურიანში თოკოს და თაკოს დიდი თოვლი დახვდათ. პირველივე დღეს ვაკომ ბავშვები ბაკურიანის პარკში წაიყვანა. პარკში უამრავი გასართობია: იქ თხილამურებით სრიალებენ, იქვე ყინულის მოედანია და ციგურებით სრიალებენ, ცხენებიც იქვე არიან და ბავშვებს მათი გაჭენება შეუძლიათ თოვლში, კვადროციკლებისა და ბურანების ხმაურიც იკლებს არემარეს და მშობლებსაც ახალისებს.
დღეს პარკში მარტო მამამ წაიყვანა ბავშვები. დედა სასტუმროში დარჩა. ახალი ჩამოსულები არიან და უნდა მოაწესრიგოს დედამ ყველაფერი. მამა მძიმე დღეში ჩააგდეს ბავშვებმა. თაკოს ფიგურებზე სრიალი უნდა, თოკოს კი _ თხილამურებზე. მამამ კი ორივეს უნდა მიაქციოს ყურადღება. ამიტომ შეთანხმდნენ, ჯერ თხილამურებზე ესრიალათ, შემდეგ კი _ ციგურებზე.
თხილამურებზე სრიალი ძალიან მოსწონს, განსაკუთრებით _ თოკოს. ბავშვები თხილამურებს ქირაობენ. იქ უამრავი თხილამურია. ყველა ზომისა, რომ ყველა ადამიანმა შეძლოს თხილამურებზე სრიალი. თოკომ და თაკომ არ იციან კარგად თხილამურებზე სრიალი. ამიტომ მამას მათთვის მწვრთნელი აჰყავს. მწვრთნელი ასწავლის თოკოს და თაკოს, თუ როგორ უნდა იდგნენ თხილამურებზე, როგორ უნდა შეაჩერონ, შეანელონ ან შეცვალონ მოძრაობის მიმართულება. ალბათ, ათი გაკვეთილი დასჭირდებათ თოკოს და თაკოს, რომ თხილამურებზე მარტო სრიალი შეძლონ.
ციგურებზე დგომა კი განსაკუთრებით მოსწონს თაკოს. ბავშვები ციგურებს ქირაობენ. იქ უამრავი ციგურებია. ყველა ზომისა, რომ ყველა ადამიანმა შეძლოს ციგურებზე სრიალი. თოკომ და თაკომ არ იციან კარგად ციგურებზე სრიალი. ამიტომ მამას მათთვის მწვრთნელი აჰყავს. მწვრთნელი ასწავლის თოკოს და თაკოს, თუ როგორ უნდა იდგნენ ციგურებზე, როგორ უნდა ააჩქარონ, შეანელონ ან შეცვალონ მოძრაობის მიმართულება. ალბათ, სამი გაკვეთილი დასჭირდებათ თოკოს და თაკოს, რომ ციგურებზე მარტო სრიალი შეძლონ.