პაკო ეგვიპტეში

თაკო და თოკო ბაკურიანში წავიდნენ ზამთრის არდადეგებზე. პაკოც წავიდა დასასვენებლად არდადეგებზე, იცით, სად? სად და ეგვიპტეში. ეგვიპტე, იცით, სად არის? ეგვიპტე აფრიკაშია. ბაკურიანში ზამთარია და ბევრი თოვლია. თაკო და თოკოც თოვლში თამაშობენ. ეგვიპტეში კი ძალიან ცხელა და პაკო ზღვაზე ბანაობს. არ გჯერათ? კი, ნამდვილად ასეა, ბაკურიანში როცა თოვს, ეგვიპტეში ცხელა. როცა თაკო და თოკო თოვლზე სრიალებენ, პაკო ზღვაზე ბანაობს.

პაკო კარგ დროს ატარებს ეგვიპტეში. ის კურორტ ტაბაზე ისვენებს და წითელი ზღვის სანაპიროზე ირუჯება. პაკო ეგვიპტეში ექსკურსიებზე დადის, რათა კარგად შეისწავლოს ეგვიპტელი ხალხის ისტორია და კულტურა.

პაკო გუშინწინ ქაიროში წავიდა. ქაირო ეგვიპტის დედაქალაქია. იცით, რით არის ცნობილი ქაირო? იქ ცნობილი პირამიდები მდებარეობს. პაკომ მოინახულა ეგვიპტის უდიდესი ხეოფსის პირამიდა, მოინახულა სფინქსი და ეგვიპტის ისტორიულ მუზეუმში ნახა ეგვიპტის უძველესი ფარაონების მუმიები.

პაკომ გუშინ წყალქვეშა გემით წითელი ზღვის ფსკერზე იმოგზაურა. გემი ღრმად შევიდა ზღვაში. გემის ქვედა სართული კი უზარმაზარი გამჭვირვალე აკვარიუმივით იყო. პაკო ამ აკვარიუმიდან უყურებდა წითელი ზღვის ფსკერზე არსებულ ცხოვრებას. იქ ძალიან ლამაზი იყო, უამრავი წყლის მცენარეებით გაკეთებული მაღლობები, ულამაზესი მცენარეები, რომლებიც ხმელეთზე არსებულ ლამაზ ტყეს წააგავდა და, რაც მთავარია, ულამაზესი სხვადასხვა ფერის თევზები. თევზები წყალში დაცურავდნენ პაკოს გემთან ძალიან ახლოს. პაკოს ზოგჯერ ხელის შევლებაც სურდა თევზებისთვის, მაგრამ ის ხომ გემში იყო... პაკოს ძალიან მოეწონა ექსკურსია. უამრავი სურათი გადაუღო უცნაურ თევზსა და მცენარეს, რომ თაკოსა და თოკოსთვის ეჩვენებინა.

პაკო დღეს საღამოს ბედუინების სოფელში იყო. ბედუინები ეგვიპტეში მცხოვრები ხალხია. ისინი უდაბნოში ცხოვრობენ. უდაბნოს ქვიშით მოწყობილი აქვთ ულამაზესი სოფლები და სამოსახლოები. პაკომ დაათვალიერა ბედუინების სოფელი, დაესწრო ცეცხლის პირას გამართულ მათი ცეკვების კონცერტს, აგრეთვე ისადილა მათი საკვებით და ძალიან ნასიამოვნები დაბრუნდა სასტუმროში. პაკოს, ყველაფერთან ერთად, ბედუინების სოფელში მგზავრობა მოეწონა, რადგან ბედუინების სოფლებამდე აქლემით მივიდა. აქლემი ხომ უდაბნოში უმნიშვნელოვანესი ტრანსპორტია და ბედუინებიც თავიანთ სოფლებში აქლემებით გადაადგილდებიან. პაკოსთვის ძალიან საინტერესო იყო ბედუინების ცხოვრების გაცნობა.