ფეფო სტუმრად სოფელში
თაკო და თოკო ბაკურიანში არიან დედასთან და მამასთან ერთად. ფეფოს სახლში მარტო ჩიკოსთან ყოფნა არ უნდა. ამიტომ თოკოს და თაკოს ბებიამ და ბაბუამ ფეფო სოფელში წაიყვანეს.
ფეფოს სოფელში ბევრი რამ სხვანაირი მოეჩვენა. იქ ფეფოს ბებიას და ბაბუას კატა დახვდა, რომელიც ფეფოს მასპინძლობდა. იმ კატას ვაკასა ჰქვია. ფეფო და ვაკასა მალე დამეგობრდნენ. ვაკასამ სოფლის კატების ცხოვრება გააცნო ფეფოს.
ერთ დღეს ვაკასამ ფეფო ბნელ ადგილას მიიყვანა.
-აქ რა გვინდა? - იკითხა გაოცებულმა ფეფომ.
-აქ ბევრი თაგუნები არიან და უნდა დავიჭიროთ და პირი ჩავიტკბარუნოთ.
-მე არ მიყვარს არც სიბნელე და არც თაგუნების ჭამა, - უთხრა ფეფომ ვაკასას.
-ნუ სულელობ, კატებს სიბნელის არასოდეს ეშინიათ და თაგუნებიც ძალიან უყვართ, ასე რომ, მომყევი! - უპასუხა ვაკასამ და ყველაზე ბნელ ოთახში შევიდა.
შეშინებული ფეფო უკან გამოიქცა.
-მე მეშინია სიბნელის და არ ვჭამ თაგუნებს, მე ჩემი `ვისკასი” მირჩევნია, - ამბობდა ფეფო.
მეორე დღეს ვაკასა თავის მეგობრებთან ერთად წავიდა იმავე ბნელ ოთახში. კატებმა თაგუნები დაიჭირეს და დიდხანს აწვალებდნენ და ერთობოდნენ მათი წვალებით.
-მოდი, ფეფო, შენც აწვალე თაგუნა, დაჭერილი მყავს უკვე და დაჭერა აღარ დაგჭირდება! თუ დაჭერილი თაგუნასიც გეშინია? - უთხრა ვაკასამ ფეფოს და კატებმა გულიანად გადაიხარხარეს.
ფეფო ძალიან გაბრაზდა.
-მე არ ვარ მიჩვეული თაგუნების წვალებას და მათ შეხრამუნებას! - დაიწუწუნა ფეფომ ვაკასასთან.
-კატას იმიტომ აქვს სისწრაფე, მხედველობა, ბრჭყალები, რომ თაგუნები დღისით თუ სიბნელეში ადვილად დაიჭირონ. შენ კი სიბნელის გეშინია და დაჭერილი თაგუნას წვალებასაც ვერ ახერხებ! - აუხსნა ვაკასამ.
ფეფო ამ ამბავმა ძალიან გააბრაზა. ამიტომ გადაწყვიტა, მეორე დღეს მარტო წასულიყო ბნელ ოთახში, პატარა თაგუნები დაეჭირა და ეჩვენებინა ვაკასასთვის, რომ ისიც ნამდვილი კატა იყო.
მართლაც, მეორე დღეს ფეფომ ბნელ ოთახში სამი თაგუნა დაიჭირა...
-ყოჩაღ, ყოჩაღ!!! ახლა დავრწმუნდი, რომ ნამდვილი კატა ხარ! - ეხუმრებოდა ვაკასა.
-მართალი ხარ, მაგრამ მე მაინც ჩემი ნათელი ოთახი, თაგუნებთან უბრალოდ გართობა და გემრიელი `ვისკასის” მირთმევა მირჩევნია! - უპასუხა თავდაჯერებულმა ფეფომ.