პაკოს უცნაური სიზმარი
პაკო ხშირად ნახულობს სიზმრებს. პაკო სიზმრებს მეორე დღეს თოკოს და თაკოს უამბობს, თოკომ და თაკომ პაკოს ყველა სიზმარი იცის. პაკოს ძალიან უყვარს სიზმრების მოყოლა. იმ დღეს, როცა სტუმრად თოკო ჰყავდა, ძალიან კარგი და საინტერესო სიზმარი ნახა. მეორე დღეს სიზმარი თოკოს უამბო:
`სახლში მარტო დავრჩი. მარტო, სულ მარტო. ჩემ მეზობლად ერთი ბიჭი ცხოვრობს. შავგვრემანი, დიდი შავი თვალებით, ძალიან სერიოზული და მკაცრი გამოხედვით. იმ ბიჭის სულ მეშინია. ახლა სახლში მარტო რომ ვიყავი, მეგონა, ის ბიჭი სახლში იყო და შეშინებული ადგილიდან ვერ ვინძრეოდი. ის ბიჭი ჩემი ტოლია, მაგრამ არ მომწონს. იმ ბიჭის მეშინია. შეშინებული ვიჯექი სკამზე და ვერ ვინძრეოდი. აქეთ-იქით ვიყურებოდი. მეგონა, მომეპარება და დამარტყამს-მეთქი. უცებ ძალები მოვიკრიბე. წამოვდექი: `გამოდი, გამოდი, გამოდი!~ - ხმამაღლა ვყვიროდი და ბიჭს სახლში ვეძებდი. მოულოდნელად ის ბიჭი ჩემი სახლის კარებთან აღმოვაჩინე და უცბად შემეშინდა... თუმცა, დამინახა თუ არა, ხელები ასწია...
-არ დამარტყა, გთხოვ, არ დამარტყა, - მეხვეწებოდა ბიჭი.
-რატომ უნდა დაგარტყა? - ვკითხე გაკვირვებულმა.
-არ ვიცი, მე შენთან სათამაშოდ მოვედი, გთხოვ, არ დამარტყა! - კვლავ მეხვეწებოდა ბიჭი.
-არა, რატომ უნდა დაგარტყა, მოხვედი და ერთად ვითამაშოთ! - ვუპასუხე მეზობლის ბიჭს და უამრავი სათამაშო გადმოვულაგე.
მთელი საღამო კარგად ვითამაშეთ. ბიჭი გამომიტყდა, რომ მას ჩემი ძალიან ეშინოდა, რატომღაც არ მოვწონდი და ჩემს დანახვაზე სულ ცუდ ხასიათზე დგებოდა. თვითონაც არ იცოდა, რატომ. ბოლოს გადაწყვიტა ჩემი გაცნობა და იმიტომ მოდიოდა სახლში ჩემთან.
მეც ავუხსენი, რომ ზუსტად ასევე მეშინოდა მისი და არ მომწონდა და მეც არ ვიცოდი, რატომ... ორივემ კარგად ვიხალისეთ ჩვენს შიშზე და ძალიან დავმეგობრდით...
და ამ დროს გამომეღვიძა~.
დაასრულა სიზმარი პაკომ და მეგობარს შეხედა:
-თოკო, შენ რას ფიქრობ? როგორ მოვიქცე? სულ არ არის ის ბიჭი საშიში? მე თვითონ არ ვიცი, რატომ მეშინია მისი. მე მგონი, მართლა უნდა დავუმეგობრდე, ისევე, როგორც სიზმარში, რადგან ისიც ჩემნაირი, ჩვეულებრივი და კარგი ბიჭია...