თაკოს და თოკოს მამა
ერთ დღეს ვაკო გახარებული დაბრუნდა სახლში. გახარებულ ვაკოს ხელში რაღაც საბუთები უჭირავს და ვიკას ახარებს:
-დღეს საოცარი დღე მაქვს. ვერ წარმოიდგენ და _ მოწვევა მივიღე ნიუ-იორკიდან, ამერიკიდან!
-რაა? ეგ რას ნიშნავს? - კითხულობს გაოგნებული ვიკა.
-რას ნიშნავს და _ ბროდვეის საბავშვო მიუზიკლში მონაწილეობის მისაღებად მიმიწვიეს. ამსტერდამის თეატრის ახალ სპექტაკლში `მერი პოპინსში” უნდა ვითამაშო. ბროდვეის `მერი პოპინსშიც” ჯორჯის როლში ვიქნები.…
-ძალიან კარგია, ძალიან, ეს ნამდვილი სიურპრიზია! - ემოციებს ვერ მალავს ვიკა.
ეს მოულოდნელი ამბავი მთელი დღე განიხილებოდა თაკოს და თოკოს ოჯახში. მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ერთ თვეში ისინი წავიდოდნენ ამერიკაში. თოკოს და თაკოსაც ძალიან უნდათ მშობლებთან ერთად ამერიკაში წასვლა, მაგრამ... ჯერჯერობით ვერ მოხერხდებაო. თოკოს და თაკოს სოფელში მოუწევთ დროებით სასწავლებლად წასვლა. იქ ბებიასთან და ბაბუასთან ერთად იცხოვრებენ.
ბავშვები კარგად ვერ ხვდებიან, რატომ მიდის მამა. არ იციან, რა არის ბროდვეის მიუზიკლები, ამიტომ გადაწყვიტეს, ინფორმაცია ინტერნეტით მოეძებნათ... ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ ნიუ-იორკში, ბროდვეიზე, უამრავი სპექტაკლი იმართება სხვადასხვა თეატრში. საბავშვო მიუზიკლებს შორის კი განსაკუთრებით პოპულარული `მეფე ლომი”, `მერი პოპინსი”, `პატარა ქალთევზა” და `ბოროტი” ყოფილა.
პატარაქალთევზა
ბავშვები ძალიან ამაყობენ, რომ მათი მამა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ შოუში ითამაშებს. ერთი სული აქვთ, პაკოს როდის ნახავენ და ახალ ამბავს უამბობენ.
თოკოს და თაკოს მოულოდნელად პაკო ესტუმრებათ. პაკოს აღტაცებული თოკო და თაკო დახვდებიან:
-პაკო, იცი, დედა და მამა ამერიკაში, მიდიან, მამა ბროდვეის შოუში მიიწვიეს, სპექტაკლში სათამაშოდ! - ემოციებს ვერ მალავს თაკო.
-ბროდვეის შოუ რა არის? -კითხულობს გაკვირვებული პაკო.
-ბროდვეის შოუ არის ნიუ იორკში, ამერიკაში. ეს არის თეატრები, რომლებიც სპექტაკლებს მართავენ. სულ ორმოცამდე თეატრია და ყველას თავის სპექტაკლი აქვს. ეს თეატრები ბროდვეის მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული. ამ თეატრებს უამრავი მაყურებელი სტუმრობს. ბროდვეის ერთ-ერთი თეატრია ახალი ამსტერდამის თეატრი. ეს თეატრი დგამს სპექტაკლს `მერი პოპინსი”. მამამ ამ სპექტაკლში უნდა ითამაშოს. ამიტომ მიდიან დედა და მამა ამერიკაში, - უხსნის მეგობარს თოკო.
-მერე, მერე, თქვენ ვისთან იქნებით? - კითხულობს პაკო;
-ჩვენ სოფელში წავალთ დროებით, ბებიასთან და ბაბუასთან! - ერთხმად პასუხობენ თოკო და თაკო...
-ანუ, გამოდის, რომ კლასელები აღარ ვიქნებით? აღარც მეზობლები? ხშირადაც ვეღარ გნახავთ? - ეკითხება დანაღვლიანებული პაკო მეგობრებს...
პაკოსთან განშორებაზე არც კი უფიქრიათ და-ძმას. ახალი სკოლა, ახალი მასწავლებლები, ახალი მეგობრები... პაკოს ვეღარ ნახავენ ხშირად... ბავშვები დანაღვლიანდნენ და დაფიქრებულები ცოტა ხანს ლაპარაკსაც ვეღარ ახერხებენ...