თოკო და თაკო ბებოსთან და ბაბუსთან


თოკო და თაკო სოფელში, ბებიასთან და ბაბუასთან გადავიდნენ საცხოვრებლად. თავდაპირველად ცოტა მოიწყინეს პატარებმა. ახალი გარემო, ახალი სკოლა, ახალი მასწავლებლები, ახალი მეგობრები. ყველაფერი ახალი და უჩვეულო.

თაკოს და თოკოს განსაკუთრებით უყვართ ბებოსთან ერთად მეზობლებთან სიარული. მეზობლებთან ძალიან ბევრ ახალ ამბავს იგებენ. განსაკუთრებით _ სულ ახლოს მცხოვრები ცისანა ბებოსთან სტუმრობა მოეწონათ.

ცისანა ბებო ასაკიანი ქალია. ის მარტო ცხოვრობს. შვილიც ჰყავს ცისანა ბებოს და შვილიშვილიც, მაგრამ ისინი სხვაგან ცხოვრობენ. ცისანა ბებო ძირითადად საქმეს მარტო აკეთებს. ის ყველაზე ადრე ხნავს მიწას. ყანაც სულ მოვლილი აქვს. ამბობენ, სოფელში ყველაზე კარგი ყანა ცისანა ბებოს აქვსო.

ბოსტანიც საუკეთესო აქვს ცისანა ბებოს. უამრავი სახეობის ბოსტნეულია ბოსტანში, ქინძი, ოხრახუში, ნიახური, კამა, სტაფილო, ბოლოკი, კიტრი და პომიდორი. მოკლედ, როგორც იტყვიან, რაც გინდა _ სულო და გულო!

თაკოს და თოკოს განსაკუთრებით ცისანა ბებოს ხეხილის ბაღი უყვართ. ხეხილი ყველას აქვს სოფელში, მაგრამ ყველას ცისანა ბებოს საადრეო მსხალი იზიდავს. ის ყველაზე ადრე ისხამს მსხალს, ყველა ბავშვი ცდილობს საადრეო მსხალი დააგემოვნოს. ცისანა ბებოც ყველას გულით ეპატიჟება...

თოკოს კიდევ ერთი მიზეზის გამო უყვარს ცისანა ბებოსთან სტუმრობა. ყოველი მისვლისას ქათმები კვერცხს დებენ. კაკანს დაიწყებს თუ არა ქათამი, თოკო საბუდართან მიდის და კვერცხს იღებს. კვერცხის ამოღება განსაკუთრებით ხიბლავს თოკოს.

თაკოს სხვა მიზეზიც აქვს ცისანა ბებოსთან სტუმრობისთვის. ზუსტად მის სახლთან ჩერდება სოფლის ავტობუსი. ავტობუსი კვირაში ორ დღეს დადის. ვინც ვერ მიჰყვება, ავტობუსის მძღოლს აბარებს პურს, ფქვილს, შაქარს და სხვადასხვა სურსათს. დაბარებულ ნივთებს მძღოლი ცისანა ბებოსთან ტოვებს. საღამოს ყველა თავის ნივთს მოაკითხავს და წაიღებს. მთელი ეს პროცესი ძალიან მოსწონს თაკოს. თან ყველაფრის საქმის კურსშია: ვინ რა დააბარა ავტობუსს. ვის რა მოუტანა ავტობუსმა და ა.შ. ცისანა ბებოს არ ეშლება, ვისი რაა. ასე ეხმარება მეზობლებს უკვე ოცდაათი წელია.

ზუსტად ოცდაათი წლისაა სოფლის ავტობუსიც. ძალიან ძველია, მაგრამ სოფელს მაინც კარგ საქმეს უკეთებს. ავტობუსის მგზავრებს აღარ აშინებთ ავტობუსში რყევა, არც გადავარდნის ეშინიათ. ისინი მიჩვეულები არიან. აი სტუმრები კი შეშინებულები და გაოცებულები რჩებიან.

თოკოს და თაკოსაც ახსოვთ თავიანთი პირველი მგზავრობა ამ ავტობუსით. წვიმიანი დღე იყო. თოკოს და თაკოს ძალიან გაუკვირდათ, როცა ბებომ ავტობუსში ქოლგა გაშალა. რა ექნა ბებოს, ავტობუსშიც წვიმდა... თოკომ და თაკომ ბევრი იცინეს იმ დღეს. ავტობუსის დანახვაზე ყოველთვის ეს ამბავი ახსენდებათ…