თევზაობა


თოკოს და თაკოს სოფელს მდინარე ჩამოუდის. მდინარე მთა-მთა მიდის. პირველი თოკოს და თაკოს სოფელში ჩამოედინება. ამიტომ აქ წყალი სუფთა და ანკარაა. ამბობენ, დასალევადაც გამოდგებაო. მდინარეში ხშირად თევზაობენ. განსაკუთრებით ბიჭებს უყვართ თევზაობა. გოგოებიც არ ჩამოუვარდებიან და ხშირად ეხმარებიან ბიჭებს თევზაობისას. თევზაობის შემდეგ კი ერთად მიირთმევენ თევზს და მხიარულობენ ბავშვები...

ალბათ გაგიკვირდებათ და აქ თევზს ხელით იჭერენ. კი, ხელით, მხოლოდ ხელით! მდინარე სუფთა და გამჭვირვალეა. კარგად ჩანს თევზები. ბავშვები ქვის ქვეშ დამალულ თევზს იჭერენ: შეაცურებენ ქვის ქვეშ ხელს და გამოიყვანენ პატარა თევზებს. მდინარეში ძირითადად პატარა ლიფსიტებს იჭერენ. აქ კალმახიც არის. ბავშვებს კალმახის დაჭერა განსაკუთრებით ახარებთ.

თოკოს და თაკოსაც აინტერესებთ თევზაობა. ბაბუს სთხოვეს სათევზაოდ წაყვანა. ბაბუმ მეზობლის ბავშვებთან ერთად წაიყვანა თოკო და თაკო მდინარეზე სათევზაოდ.

Pპირველი თევზაობა თოკოსა და თაკოსთვის წარუმატებელი გამოდგა. ვერც თოკომ და ვერც თაკომ ვერ დაიჭირეს თევზი. არადა, როგორ ეცადნენ! თითქმის დაჭერილი თევზი დაუსხლტებოდათ ხოლმე ხელიდან. თოკოს და თაკოს ბაბუმ და სხვა ბავშვებმა უამრავი თევზი დაიჭირეს. უკვირთ ტყუპებს, როგორ ახერხებენ თანატოლები თევზის დაჭერას, ვერაფრით გაიგეს, მათ რატომ ვერ უსხლტებათ ასე ადვილად ხელიდან თევზი... უამრავი თევზი მოგროვდა...

თევზაობის შემდეგ კოცონი დაანთეს. კოცონის დანთება და თევზის კოცონზე შეწვაც თევზაობის აუცილებელი ნაწილია სათითაოდ გაახვიეს ბავშვებმა დაჭერილი თევზები კაკლის ფოთოლში. კაკლის ფოთოლში შემწვარი ლიფსიტები განსაკუთრებით უყვართ ამ სოფელში. კოცონზე მხოლოდ დაჭერილი თევზების ნაწილი იწვება. მეორე ნაწილი კი წყლიან ვედროში ჰყავთ ბავშვებს. წყლიანი ვედროდან ამოხტომას ცდილობენ, მაგრამ უშედეგოდ. მათ სახლში წაიღებენ და დაინაწილებენ. ცისანა ბებოს, თოკოს და თაკოს მეზობელს, განსაკუთრებით უყვარს სოფლის მდინარეში დაჭერილი კალმახი. თოკო და თაკო აუცილებლად შეახვედრებენ მასაც დაჭერილ კალმახს...

მართალია, თოკომ და თაკომ თევზი ვერ დაიჭირეს, მაინც კმაყოფილები არიან. საინტერესოდ გაატარეს დღევანდელი დღე.

-ხვალ სოკოზე წაგიყვანთ `ზემოთა ტყეში”, - ჰპირდება ბებო ბავშვებს. `ზემოთა ტყე” შორს არის, იქ ბევრი სოკოა. სოკოზე წასვლის მოლოდინით აღტაცებული ბავშვები სწრაფად იძინებენ და ერთი სული აქვთ, რომ მალე გათენდეს...