პირველი დღე სკოლაში


 

თოკომ და თაკომ დილით ადრე გაიღვიძეს. დღეს ხომ პირველი დღე აქვთ ახალ სკოლაში. დაგვიანება არ შეიძლება. პირიქით, ადრე უნდა მივიდნენ. სკოლა არც ისე შორს არის. თხუთმეტი წუთი მოუწევთ ფეხით სიარული. დღეს მარტო არ წავლენ სკოლაში. ბებო და ბაბუც მიჰყვებიან ბავშვებს. დღეს ხომ ახალ სკოლაში მათთვის პირველი დღეა!

სკოლას მიუახლოვდნენ თუ არა, თოკოს რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „ჩემი ბავშვობის სკოლა” გაახსენდა:

„პატარაობისას სოფელში ვსწავლობდი, ჩვენს სოფელში ორი სკოლა იყო _ ზევითა სკოლა და ქვევითა სკოლა, ზევითა სკოლა _ დიდი, ქვევითა სკოლა _ პატარა. პატარა სკოლაში პატარები დავდიოდით.

დილაადრიან, რვა საათზე, პირველ ზარს დარეკავდნენ. ამ ზარით გვატყობინებდნენ, აბა, ბავშვებო, მოემზადეთ და წამოდითო. ჩვენც, ბავშვები, ჩავაწყობდით ჩანთაში წიგნებს და რვეულებს, ჩავუჭყუნავდით გვერდით ვაშლებსა და მსხლებს, დავიჭერდით სამელნეს ხელში და დავეშვებოდით თავქვემიმავალ ორღობეებში... სკოლას სულ ოთხი ოთახი ჰქონდა, ოთხი კლასი. ერთი პატარა ოთახიც იყო, სამასწავლებლო. იქ, ასე მახსოვს, ყოველთვის სასიამოვნოდ ღუდღუდებდა ღუმელი. ჩვენი იქ შესვლა არ შეიძლებოდა. დაიწყებოდა გაკვეთილი, ჩამოვარდებოდა სიჩუმე _ დავშოშმინდებოდით, დავწყნარდებოდით ბავშვები, ვისხედით და ბარტყების თვალებით შევყურებდით მასწავლებელს, მაგრამ ბუზის გაფრენას გაიგონებდითო, ასეთი სიჩუმე არასოდეს არ იყო“.

ნეტავ რამ გაახსენა ეს მოთხრობა... ალბათ, სკოლის პატარა შენობამ, ცოტა და პატარა ოთახებმა. კიდევ _ სიწყნარემ, თავიანთ ძველ სკოლასთან შედარებით, ირგვლივ სიწყნარე იყო. მოსწავლეც სულ რამდენიმე დადიოდა...

თოკოს და თაკოს მასწავლებელი და მოსწავლეები შეეგებნენ. ბავშვებმა და მასწავლებლებმა ისე მიიღეს, თითქოს დიდი ხნის მეგობრები იყვნენ. ასეთმა შეხვედრამ სულ გადაავიწყათ თოკოს და თაკოს პირველი ემოცია. აღარც სკოლის სიპატარავე და აღარც მოსწავლეთა სიმცირე ახსოვდათ...

მასწავლებელს სიურპრიზი მოემზადებინა ბავშვებისთვის.

-ჩვენ ახალი მოსწავლეების მოსვლისას სპეციალური „რიტუალი“ გვაქვს, - განუმარტა თოკოს და თაკოს მასწავლებელმა.

-ეს რას ნიშნავს? - იკითხა გულუბრყვილოდ თაკომ.

-რას და _ მოსწავლეებს თქვენი თავი შორიდან უკვე გავაცანით. მათ ბევრი რამე იციან თქვენ შესახებ. ამიტომ წერილები დაგიწერეს. გვინდა რომ ეს წერილები წაიკითხოთ და თქვენც მიწეროთ პასუხები ხვალისთვის;

-აუცილებლად! - წამოიძახა გახარებულმა თოკომ...

სკოლის შემდეგ თოკო და თაკო კითხულობდნენ თანაკლასელების წერილებს. მართლაც, თითქმის ყველაფერი სცოდნიათ ბავშვებს მათ შესახებ. ყველაფერი, თუ რა სწყინთ და რა უხარიათ. სად უნდათ წასვლა და რისი ნახვა სურთ... ყველა თავისთან ეპატიჟებათ, რომ მათი საყვარელი თამაში ეთამაშონ, საყვარელ ფილმს უყურონ და ა.შ. თოკო და თაკო აღტაცებულები დარჩნენ ბავშვების წერილებით. მათ ერთ დღეში ახალი მეგობრები გაიჩინეს...