ნადირობა დათვზე


დღეს თოკოს და თაკოს ოჯახში დიდი სამზადისია. თოკოს და თაკოს ბაბუა სანადიროდ მიდის. ბაბუამ და რამდენიმე თანასოფლელმა დათვზე სანადიროდ წასვლა გადაწყვიტეს.

დათვზე ნადირობას სპეციალური მომზადება სჭირდება. დიდხანს გეგმავენ კაცები, როდის უნდა წავიდნენ, რა ამინდი უნდა იყოს, როგორ შეებრძოლონ დათვს და დაამარცხონ. საკმაოდ აზარტულად უდგებიან დათვზე ნადირობის საკითხს _ სარისკოც არის დათვზე ნადირობა. თუ გამოცდილი მონადირე არ ხარ, საშიშია დაჭრილი დათვი. არაერთი სახელოვანი მონადირე დაუმარცხებია დაშვებული შეცდომის გამო. შარშანაც სამი მონადირე დატორა დაჭრილმა დათვმა.

დღეს ყველაფერი მზად აქვთ. თოფები და ვაზნები გაამზადეს, საგზალი მოუმზადა ბებომ. შეიძლება რამდენიმე დღეც დასჭირდეთ ტყეში ყოფნა. ყველაფრისთვის უნდა იყვნენ მზად. მონადირე ძაღლიც მიჰყვებათ. ძაღლი კარგად ეხმარებათ ნადირობისას.

თოკო და თაკო ცოტა მოწყენილები არიან. რაღაცას ნერვიულობენ. რაღაც არ სიამოვნებთ, რაღაცაზე გული წყდებათ, რაღაცის ეშინიათ. თვითონ არ იციან ბავშვებმა, რატომ არიან ცუდ ხასიათზე

თოკოს და თაკოს ბებო ადვილად ამჩნევს ბავშვებს უხასიათობას.

-რა გჭირთ ბავშვებო, რატომ მოიწყინეთ, მალე დაბრუნდება ბაბუ, პირველად კი არ მიდის დათვზე სანადიროდ! _ ამშვიდებს ბებო თოკოს და თაკოს.

-რა საჭირო იყო სანადიროდ წასვლა, _ შეფარულად ამბობს საყვედურს თოკო;

-როგორ თუ `რა საჭირო იყო~, ცოტას გახალისდებიან, თან დათვიც შეშინდება უფრო, ნაკლები საფრთხე ექნება ჩვენს საქონელს, _ უკან არ იხევს ბებო.

თოკომ და თაკომ ჩათვალეს, რომ ბებოსთან კამათს აზრი არ ჰქონდა. მთელი დღე ასე უხასიათოდ ელოდებიან ბაბუას დაბრუნებას. არც გართობა უნდათ, არც წიგნის წაკითხვა, არც მეცადინეობა და არც ტელევიზორის ყურება. სხედან აივანზე და უყურებენ გარემოს. ფიქრობენ, ბევრს ფიქრობენ. თვითონ არ იციან რატომ, რატომ არიან ასეთ ხასიათზე. Fფიქრიც სულ გაურბით, ხან საით გაიფანტება მათი გონება და ხან _ საით.

გვიან საღამოს ბაბუაც ბრუნდება თავის მეგობარ მონადირეებთან ერთად. ბავშვები მაშინვე ეგებებიან ბაბუს, აინტერესებთ, რა მოხდა ტყეში. ბაბუა და მისი მეგობრები აღტაცებულები ახარებენ ბავშვებს საკუთარი წარმატების შესახებ. მალე ნანადირევით სუფრაც გაშალეს. ძალიან ამაყობენ მონადირეები. ხმამაღლა ჰყვებიან თავიანთი წარმატების ამბებს. ეამაყებათ, თუ როგორ დაესხნენ დათვს და როგორ ადვილად დაამარცხეს. ერთმანეთს უწონებენ ვაჟკაცობას.

აღტაცებული მამაკაცები ბავშვების რეაქციას ვერც კი ამჩნევენ. ვერ ამჩნევენ, რომ მათ აღტაცებულ საუბარს ბავშვების სულ უფრო ნაღვლიანი გამომეტყველება ცვლის. თოკოს და თაკოს სიმწრის ბუშტი აწვებათ კისერში. ვერც ვერაფერს ამბობენ ბავშვები. უჭირთ დიდებთან შეკამათება. ბოლოს თაკომ ვეღარ მოითმინა და აქვითინებულმა თავისთვის წაილუღლუღა:L

-რას ერჩოდით, რა გინდოდათ, ისიც ხომ სულიერია, მასაც ხომ შვილები ჰყავს, მასაც ხომ უყვარს, ისიც ხომ უყვართ, მასაც ხომ სტკივა, ისიც ხომ განიცდის...

-რას ამბობ თაკო, ის ხომ ცხოველია... _ შეეპასუხა ერთ-ერთი სტუმარი.

-ამხელა კაცი ვარ და მაგდენი არც კი მიფიქრია... ადრე მაინც გეთქვათ, შვილო, _ წარმოთქვა ხმაგაბზარულმა ბაბუამ...

მთელი ღამე არ სძინებია ბაბუას. ფიქრობს თავისთვის. ფიქრობს და ვერ მიმხვდარა, რატომ არასოდეს დაფიქრებულა იმაზე, რაზეც რვა წლის ბავშვები ფიქრობენ...