თაკო და თოკო ცხენს აჭენებენ


მიხო თოკოს და თაკოს მეზობელია. ის უკვე დიდი ბიჭია. მიხოს განთქმული ცხენოსნის სახელი აქვს სოფელში. ერთ დღეს მიხომ თოკოს და თაკოს მოაკითხა ცხენით.

თოკოს და თაკოს ძალიან უყვართ ცხენი და ცხენით სეირნობა. ბებოს და ბაბუს არ ჰყავთ ცხენი. თითქმის ყველა შინაური ცხოველი ჰყავთ, მაგრამ ცხენი არ ჰყავთ.

მიხოს ცხენი ყველაზე კარგი ცხენია სოფელში. მიხოს ცხენს დიდი კუდი აქვს და მწერებს ადვილად იგერიებს. ის ძალიან მაღალია, აცქვეტილი ყურები და დიდი ნესტოები აქვს. ამიტომ, როგორც ამბობენ, მიხოს ცხენს კარგი ყნოსვა და სმენა აქვსო. Mმიხო ცხენს ბევრი საქმისთვის იყენებს. ყველაზე ხშირად მიხოს ცხენი ტვირთის გადატანაში ეხმარება. ცხენით სიარული და მისი გაჭენებაც ძალიან უყვარს მიხოს.

სტუმრად მოსულ მიხოს აღტაცებით შეეგებნენ ბავშვები. მიხვდნენ, მიხომ ცხენზე უნდა ასეირნოს, იქნებ გააჭენებინოს კიდეც. ყოველთვის უხარიათ თოკოს და თაკოს მიხოს სტუმრობა.

-მიხო, რა კარგი ცხენი გყავს, როგორ უვლი, რას აჭმევ? _ ეკითხება ცნობისმოყვარე თოკო.

-სახლში შვრიას ან ქერს ვუყრი. ისე, საბალახოდ დამყავს მინდორში. იქ ბალახს ჭამს. ცხენი, ძროხისგან განსხვავებით, არ ცოხნის ბალახს, იქვე უნდა შეჭამოს. კბილებიც დიდი აქვს, რომ კარგად შეჭამოს ბალახი. ჩემს ცხენს ზედა და ქვედა ყბის წინა ნაწილში ექვს-ექვსი დიდი კბილი აქვს, სახეც იმიტომ აქვს ასე წაგრძელებული, _ პასუხობს დაუზარებლად მიხოც.

-მიხო, რა მაინტერესებს, იცი? შენს ცხენს შვილები ჰყავს? _ აქტიურად ერთვება საუბარში თაკო.

-კი, როგორ არ ჰყავს, ოღონდ შვილები არა, ერთი შვილი, ერთი კვიცი ჰყავს. საერთოდ, ცხენს ერთი შვილი ჰყავს, იშვიათად ხდება, რომ ორ კვიცსაც აჩენს.

-და რა ჯიშისაა შენი ცხენი? _ აგრძელებს შეკითხვებს თაკო.

-ეს მარბოლარი ჯიშის ცხენია, ბედუინური, ასე ეძახის ხალხი. ძალიან კარგად დარბის და კარგი ჯიშია. სხვა კარგი ჯიშებიც ჰყავთ სოფელში. ჩემს მეზობელს თუშური და მეგრული ჯიშის ცხენები ჰყავს. ორივე კარგი, მუშა ცხენია, განსაკუთრებით _ მთიანი ადგილებისთვის. მე მაინც ჩემი ცხენი უფრო მომწონს, _ მოუთხრობს ბავშვებს მიხო თავმომწონედ.

ცხენის ამბების გარკვევის შემდეგ მიხო ცხენზე სვამს ბავშვებს. წინ თოკო მოისვა, უკან _ თაკო. სამივემ, ცხენზე ამხედრებულებმა, დიდხანს ისეირნეს.

-მარტო ხომ არ გააჭენებ? _ ჩაეკითხა მიხო თოკოს.

-რატომაც არა, ხომ არ გადმომაგდებს? _ მაინც ფრთხილობს პატარა მხედარი.

-არა, არ გადმოგაგდებს, მთავარია, შიში არ შეგატყოს და არაფერმა დააფრთხოს და შეაწუხოს.

თოკომ აღვირს წაავლო ხელი. ცხენმაც იგრძნო პატარა მხედრის სიმხნევე და დამორჩილდა პატარა მხედარს. დიდხანს ასეირნებდა ნელა თოკო ცხენს. მერე, ოდნავ აუჩქარა, მალე გააჭენა კიდეც...

-ნამდვილი ალექსანდრე მაკედონელი ვარ. ალექსანდრეც ცხრა წლის იყო, როცა თავისი ცხენი _ ბუციფალი დაიმორჩილა და გააჭენა!

-შენ კი ტორნადო დაიმორჩილე. ტორნადო არაფრით ჩამორჩება ბუციფალს, ისევე, როგორც შენ _ ალექსანდრე მაკედონელს, _ გაეხუმრა მიხო პატარა მხედარს...

თაკო ბედნიერი და სიამაყით აღსავსე ადევნებდა თვალს თოკოს. თვითონაც მოუნდა ცხენის გაჭენება. Mმიხოს შემდეგი სტუმრობისას თაკომაც უნდა გააჭენოს ცხენი... მტკიცედ გადაწყვიტა ძმის საქციელით გათამამებულმა თაკომ.