პაკოს მეგობრები მოენატრა


პაკომ ძალიან მოიწყინა თოკოს და თაკოს არ ყოფნაში. თითქოს ყველაფერი ძველებურად არის: სკოლა, ფეხბურთი, ცეკვა, დავალებები, მაგრამ. .

ერთ დღეს პაკომ გადაწყვიტა, მეგობრებისთვის დაერეკა. პაკომ ტყუპების ბებოს ნომერი იცოდა. მამას სთხოვა მობილური ტელეფონი და მეგობრებთან დარეკა.

თოკოს და თაკოს ძალიან გაეხარდათ პაკოს ზარი. ძალიან დიდი ხანია მეგობარი არ უნახავთ, არც ტელეფონზე უსაუბრიათ. უამრავი რამ აქვთ სათქმელი, პაკოს ამბებიც აინტერესებთ...

-პაკო, როგორ ხარ, რას შვრები, მომიყევი შენი ამბები! _ ეკითხება თოკო მეგობარს.

-მეც მალაპარაკე, რა, გეხვეწები, მეც მალაპარაკე! _ ვერ ისვენებს თაკო. მასაც ძალიან უნდა პაკოსთან ლაპარაკი...

-რა ვიცი, თოკო, კარგად ვარ, მოვიწყინე თქვენ გარეშე, სხვა მხრივ, ყველაფერი ძველებურად არის, სკოლა, მასწავლებლები, ცეკვა, ფეხბურთი, ცურვა. საღამოს დავალებები, ჩიკოსთან და ფეფოსთან თამაში. სხვათა შორის, ძალიან კარგად არიან. ჩიკოს და ფეფოსაც ენატრებით. ჩიკო ხშირად იმეორებს თქვენს სახელებს: “თოკო, თაკო, თოკო, თოკო, თაკო... თქვენი ამბები მომიყევით, რა ხდება, როგორი სოფელია, რას აკეთებთ...

-ჩვენც ძალიან მოგვენატრე, პაკო. სოფელი ძალიან ლამაზია. სოფელი მაღლა მთაშია. აქ ულამაზესი ბუნებაა. მაღალი მთები და დიდი ტყეები. სოფლის მშვენებაა მდინარე. მდინარეც მთიდან მოედინება. წყალი სუფთა და ანკარაა. ხალხი მდინარის წყალს პირდაპირ სვამს. მდინარეზე წყლის წისქვილია გაკეთებული. სოფელში დენის წისქვილიც არის, მაგრამ მე და თაკოს წყლის წისქვილი უფრო მოგვწონს. ამიტომ ბაბუს ვთხოვთ და წყლის წისქვილზე მივყავართ. დენის წისქვილზე მეწისქვილე მუშაობს. მეწისქვილეს სიმინდს დაუტოვებ და მეორე დღეს ფქვილს დაგახვედრებს. წყლის წისქვილზე კი განსხვავებულად არის. ყველა თვითონ ფქვავს წყლის წისქვილზე. ოღონდ ყველა მეზობელმა იცის, როდის შეუძლია წისქვილის გამოყენება. სიაა წინასწარ გაკეთებული. ჩვენი დრო, როცა მოდის ჩვენ სიმინდს და ხორბალს ვფქვავთ. წყლის წისქვილი ძალიან ლამაზია მდინარის პირას. ხალხმა თვითონ ააშენა. აქ ხალხმა ბევრი რამე იცის. ყველაფერს ხელით აკეთებენ, რის გაკეთებაც წარმოუდგენელი გვგონია ხოლმე. წყლის წისქვილზე მუშაობა მეც ვისწავლე. ჯერ კიდევ ბაბუ მეხმარება მაგრამ მაინც. წყლის წისქვილი დიდი ბორბლის მეშვეობით მუშაობს. წყალი ეჯახება ბორბალს გვერდიდან და ბორბალიც ტრიალებს. სოფელში ამბობენ, წყლის წისქვილზე დაფქული უფრო გემრიელიაო. მოკლედ, მე და თაკო კარგად ვერთობით წყლის წისქვილზე. ისე ქარის წისქვილიც კი მაინტერესებდა. მაგრამ ჩვენ სოფელში არსად არის. ჰოლანდიაში თუ წავედი, აუცილებლად, ვნახავ ქარის წისქვილებს. აინტერესებს, იქ როგორ ატრიალებს ქარი წისქვილის ქვის ბორბალს. ამ წისქვილებმა ძალიან დამაინტერესა.

-კი, კი, ძალიან საინტერესოა. მეც ჩამოვალ თქვენთან და წამიყვანეთ წისქვილზე. ჩემი თვალით მინდა ვნახო, როგორ მუშაობს...

-აუცილებლად წაგიყვანთ. შენ რომ ჩამოხვალ, უამრავი საინტერესო რამეს გაჩვენებთ. წისქვილზეც წაგიყვანთ, ტყეშიც, მდინარეზეც, მთაშიც, საძოვრებზე და ყველგან. აქ ძალიან კარგი და ლამაზია. ერთადერთი, რაზეც ხალხი დარდობს _ სოფელი ცარიელდებაო. მალე სკოლაში წასასვლელი ბავშვი აღარ იქნებაო...

-ძალიან, ძალიან საინტერესოა. მეც ბევრი რამე მაქვს მოსაყოლი. მერე კიდევ დაგირეკავ და მომიყევი სხვა ამბებიც. მე ჩემ ამბებს მოგიყვებით, - დაემშვიდობა მეგობარს პაკო.

ცოტა გულდაწყვეტილია პაკო. მეტი უნდოდა ესაუბრა, მაგრამ... მშობლებისგან იცის, მობილურზე დიდხანს არ ლაპარაკობენო, ამიტომ მალე დაამთავრა საუბარი. ხვალ ისევ დაურეკავს...