პაკო ცეკვაზე


თოკო, თაკო და პაკო ერთად დადიოდნენ ცეკვაზე. თოკოს და თაკოს სოფელში გადასვლის შემდეგ პაკომ გააგრძელა ცეკვაზე სიარული. მართალია, ისეთი ხალისით აღარ დადის ხოლმე, მაგრამ მაინც ძალიან უყვარს ცეკვა. განსაკუთრებით უყვარს თავისი ცეკვის მასწავლებელი. პაკოს ცეკვის მასწავლებელი ყველა ბავშვს აქცევს ყურადღებას. ყველას ასწავლის, თუნდაც დიდი დრო დასჭირდეს. ძალიან მშვიდად და წყნარად უხსნის ბავშვებს ყველაფერს. თუ ვინმე რამეს ზუსტად ვერ შეასრულებს, დამოუკიდებლადაც ავარჯიშებს. Aცეკვის მასწავლებელი ბავშვების ნამდვილი მეგობარია. ყველა ბავშვს ძალიან შეაყვარა ცეკვა. ცეკვაზე ყველა ბავშვი დიდი სიამოვნებით დადის. პაკოც არც ერთ გაკვეთილს არ აცდენს.

ერთ მშვენიერ დღესაც ცეკვაზე ახალი მასწავლებელი გამოჩნდა.

-თქვენი მასწავლებელი გასტროლებზეა, ამიტომ დღეიდან 3 თვის განმავლობაში მე გავარჯიშებთ. 3 თვის შემდეგ კი ისევ ტარიელ მასწავლებელი დაგიბრუნდებათ, _ უთხრა ახალმა მასწავლებელმა ბავშვებს.

-ჩემი სახელია ზურა _ განაგრძო მან _ მართალია, ტარიელი ცუდი მასწავლებელი არ არის, მაგრამ მე სულ სხვა სტილი და მოთხოვნები მაქვს. ნამდვილ ცეკვას მე გასწავლით, - დაასრულა ზურა მასწავლებელმა მკაცრი ტონით.

პაკოს არ მოეწონა ზურა მასწავლებლის ასეთი ლაპარაკი. განსაკუთრებით გულზე მოხვდა ფრაზა: `ნამდვილ ცეკვას მე გასწავლით~. მთელი ღამე ფიქრობდა პაკო. რისი თქმა უნდა ზურა მასწავლებელს? რა იგულისხმა? ტარიელ მასწავლებელი კარგ ცეკვას ვერ ასწავლის? Aგულში ჩარჩა პაკოს ეს გამონათქვამი და მოსვენება დაუკარგა. სულ ამ ამბავზე ფიქრობდა.

მომდევნო გაკვეთილზე ისევ ზურა მასწავლებელი დახვდათ ბავშვებს. ზურა მასწავლებელმა, პირველი გაკვეთილის მსგავსად, მკაცრად გააგრძელა ბავშვებთან ლაპარაკი. გაკვეთილზე ყვირილზეც გადავიდა. რამდენიმე ბავშვს ისეთ ხმაზე უყვირა, ბიჭები სად დამალულიყვნენ, აღარ იცოდნენ.

-რას აკეთებ?

-ფეხს ვერ შლი?

-ვერ ხვდები, რას გელაპარაკები?

-თუ არ შეგიძლია, რას წვალობ?

-ამათ მშობლებს ჰგონიათ, მოცეკვავეები ეზრდებათ!

ეს იყო ის ძირითადი ფრაზები, რასაც ზურა მასწავლებელი იყენებდა. პაკოს აღარ უნდოდა ცეკვაზე წასვლა. მისთვის არასოდეს უთქვამთ მსგავსი სიტყვები, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს _ სხვებს ხომ ეუბნებოდა და საერთოდ აღარ მოსწონდა ცეკვაზე სიარული... თან იმასაც ფიქრობდა, სამი თვე მალე გაირბენდა და მერე ტარიელ მასწავლებელიც დაბრუნდებოდა. ფიქრობდა, ცოტა მოეთმინა, მაგრამ მოთმენაც აღარ შეეძლო. სულ განერვიულებული და დაძაბული იყო იმ დღეებში, როცა ცეკვა ჰქონდა.

ერთ დღესაც, ზედმეტი დაძაბულობისგან პაკოსაც არც ერთი ილეთი აღარ გამოუვიდა:

-შენ რაღა დაგემართა, ბიჭო, რას აკეთებ, გაშალე ფეხი ნორმალურად, გაუსვი კაცურად, რა შეშინებული ხარ...

პაკო გაშრა. აღარ იცოდა, რა ექნა. უნდოდა, ყველაფერი ეთქვა, რასაც ფიქრობდა. თან ერიდებოდა პატარას, მაინც უფროსი იყო, მაინც მისი მასწავლებელი იყო. ვეღარ გადაეწყვიტა, რა ექნა...

პაკომ ბოლომდე თავი შეიკავა, არაფერი უთხრა მასწავლებელს. გაკვეთილის დასრულების შემდეგ კი ვაჟკაცურად გავიდა საცეკვაო დარბაზიდან.

პაკო ატირებული დაბრუნდა სახლში. სახლში მისვლამდე ცრემლები შეიკავა. არ უნდოდა, ცრემლები შეემჩნიათ მშობლებს. მერე მამასთან მივიდა. დაელაპარაკა დღევანდელი შემთხვევის შესახებ.

-დაწყნარდი, პაკო. Mმაგ საქმეს მე და დედა მივხედავთ, მთავარია, შენ გული არ გაიტეხო და ცეკვაზე სიარული გააგრძელო! _ დაამშვიდა მამამ პაკო.

მომდევნო ცეკვის გაკვეთილზე პაკოს ახალი მასწავლებელი დახვდა...