ზაფხულის არდადეგები


თოკო და თაკო მიეჩვივნენ ბებოსთან და ბაბუსთან სოფელში ცხოვრებას. ბავშვებს უკვე ჰგონიათ სულ აქ ცხოვრობდნენ. ერთადერთი დედა და მამა ენატრებათ ძალიან. არა მარტო დედა და მამა, პაკოც ძალიან ენატრებათ, ჩიკო და ფეფოც სულ ახსენდებათ...

ამასობაში გაზაფხულიც მიილია. დადგა ზაფხული. თოკოს და თაკოს სკოლაში არდადეგები დაეწყოთ. თოკოს და თაკოს სოფელი განსაკუთრებით ლამაზი ზაფხულშია. სოფელს უამრავი ადამიანი სტუმრობს. სოფელში სტუმრებს მოაგარაკეებს ეძახიან. სოფელი სააგარაკოდ მართლაც რომ შესანიშნავია. ჰაერი და წყალი საუცხოოა, სოფლის მდინარე ხომ ნამდვილი ფუფუნებაა ზაფხულში.

წელს თოკოს და თაკოს ოჯახს ესტუმრნენ ნათესავები: თამთა და ლალი. ორივე გოგონა, ისინი თოკოზე და თაკოზე უფროსები არიან. ლალი ცხრა წლისაა, თამთა კი თერთმეტის.

თაკო და ლალი კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს. მუდამ ერთად არიან, ერთად თამაშობენ, ერთმანეთთან საუბრობენ, ერთად დადიან წყაროზე, მდინარეზე, კლუბში, მოედანზე. თოკო დიდად ვერ შეეწყო გოგოებს. ის მათთან ვერ თამაშობს. ძირითადად თანაკლასელებთან მიდის სტუმრად, ან პირიქით _ ისინი სტუმრობენ თოკოს. რაც შეეხება თამთას, მან ცოტა მოიწყინა, ვერც თაკოსთან გამონახა საერთო ენა, ვერც თოკოს ეთამაშა, თავის დაზეც გაბრაზებულია, ის ხომ სულ თაკოსთან ერთად თამაშობს, ძალიან მოიწყინა თამთამ, ცოტა აგრესიულიც კი გახდა...

თამთა განსაკუთრებით აგრესიული ლალის მიმართ გახდა. ხშირად აწყენინებდა დაიკოს, დასცინოდა. ლალი უხმოდ იტანდა დაიკოს ასეთ საქციელს. მხოლოდ მარტო დარჩენილი ყრიდა ცრემლებს და ვერ ხვდებოდა თამთას ასეთი აგრესიის მიზეზებს. თაკოს ძალიან ეცოდებოდა ლალი, მაგრამ თამთასაც ვერაფერს ეუბნებოდა. თამთა სულ ეფერებოდა თაკოს, ამიტომ თაკოს თამთას წყენინებაც არ უნდოდა.

თაკოს ბებია ადვილად მიხვდა ლალის მოწყენილობის მიზეზს. აკვირდებოდა ბავშვებს და ერთ დღეს თამთას საყვედურიც უთხრა დაიკოს მიმართ აგრესიის გამო. თამთა ამ ამბავმა უფრო გააღიზიანა. უფრო აგრესიული გახდა ლალის მიმართ, რადგან ეგონა, რომ ბებიას ყველაფერი ლალიმ უამბო.

ლალი, თავის მხრივ, ცდილობდა თამთას გულის მოგებას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. თამთას მოსაწონს ვერაფერს აკეთებდა.

ერთ დღეს თამთამ ლალის და თაკოს უბრძანა, მას გაჰყოლოდნენ: „გააკეთებთ რასაც მე გეტყვით!“ - უთხრა ბავშვებს თამთამ. ლალიმ ხმა ვერ ამოიღო, არ უნდოდა, უარესად დაეძაბა დასთან ურთიერთობა, თაკო პატარა იყო, თან თამთა სულ ეფერებოდა, ამიტომ უსიტყვოდ შეასრულა უფროსის ბრძანება.

თამთა ბავშვებს სახლთან ახლოს, მეზობლის ბოსტნისკენ გაუძღვა. ბოსტანში უამრავი შეყვითლებული კიტრი იყო. თამთამ უბრძანა ლალის და თაკოს, რომ შეყვითლებული კიტრები მოეწყვიტათ და იქვე დაეტოვებინათ.

თაკომ ვერაფერი გაიგო, კიტრი უამრავი ჰქონდა ბებიას, რამდენიც უნდოდათ, იმდენი შეეძლოთ მოეკრიფათ თავიანთ ბოსტანში. სხვის ბოსტანში, მით უმეტეს, მეზობელი ცისანა ბებიას ბოსტანში, რატომ უნდა მოეკრიფათ და დაეყარათ, ვერ გაერკვია პატარას. თაკომ მაინც ვერაფერი უთხრა თამთას და ლალისთან ერთად შეასრულა მისი ბრძანება.

ამ დროს სახლიდან ცისანა ბებია გამოვიდა. „ჰაუ, ჰაუ“ იძახდა ცისანა ბებია და დაფეთებულ ქათმებს დასტრიალებდა გარშემო. ბოსტანში მყოფი ბავშვები ვერც კი შეამჩნია... მაგრამ ბავშვებმა რა იცოდნენ? ცისანა ბებიას ხმაზე გაიქცნენ ბოსტნიდან და ყანა-ყანა სირბილით მივიდნენ სახლამდე. სახლში მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ლალის მაისური დარჩა ბოსტანში. ახლა კი ყველა ყველაფერს გაიგებდა...

მართლაც, თოკოს და თაკოს ბებიამ შეიტყო ცისანა ბებიასაგან ბავშვების საქციელი. თამთას ძალიან შერცხვა ჩადენილის. ამიტომ სახლში მისვლა ვეღარ გაბედა. თაკომაც არ მიატოვა თამთა და მასთან დარჩა. ლალი მივიდა მხოლოდ სახლში და მთელი დღე ელოდა, როდის დაბრუნდებოდნენ თაკო და თამთა...

თაკო და თამთა მთელი დღე ყანაში იმალებოდნენ. დაღამდა, შიათ და ეშინიათ ბავშვებს, მაგრამ სახლში დაბრუნებასაც ვერ ბედავენ. ქარიც ამოვარდა, სიმინდის ფოთლებმა შრიალი დაიწყეს. ძალიან შეეშინდათ გოგოებს, ერთმანეთს ჩაეხუტნენ.

ბებია მთელი დღე ეძებდა გოგოებს. ბოლოსდაბოლოს, ბებომ შუაღამისას ბავშვები ჩაძინებულები იპოვა ყანაში. დილით თამთას და თაკოს საწოლში გაეღვიძათ. ახლად გაღვიძებულებს ბებომ რძე და ცხელ-ცხელა ხაჭაპური დაახვედრა და სოკოზე ტყეში წაყვანას დაჰპირდა.

თამთა მიხვდა, რომ ბებომ ყველაფერი იცოდა, მაგრამ არაფერი უთხრა.

„ბებო, შეიძლება, ჩვენი ბოსტნიდან შეყვითლებული კიტრები ცისანა ბებიას წავუღო?“ - დაეკითხა თამთა ბებოს.

„კი შვილო, როგორ არ შეიძლება, ძალიან გაეხარდება ცისანა ბებოს შენი მირთმეული ყვითელი კიტრები, სათესლედ გამოიყენებს და თავის ბოსტანში დათესავს~.

თამთამ და თაკომ ერთი კალათი გაავსეს კიტრით და ცისანა ბებიას მიართვეს. ცისანა ბებიამ ძალიან გაიხარა, დიდი მადლობა უთხრა ბავშვებს და კარგადაც გაუმასპინძლდა.

თაკო ბოლომდე გაკვირვებული იყო. ვერ გაეგო ვერაფერი: გაიგეს უფროსებმა? რატომ არავინ საყვედურობდა... თამთა ყველაფერს მიხვდა. იმ დღის მერე თამთა ძალიან კეთილი და მოსიყვარულე გახდა, მთელი დღე ლალისთან და თაკოსთან ერთად თამაშობდა. ცისანა ბებიასაც ყოველდღე სტუმრობდნენ. . .