ვიკა თავისი ბავშვობის შესახებ
თოკო და თაკო ამ საღამოს მარტონი არიან. გაკვეთილებს ამზადებენ პატარები. ვიკას ოდნავ აგვიანდება. სამსახურში საქმე გამოუჩნდა. ვაკოც აგვიანებს. დღეს სპექტაკლი აქვს და გვიან მოვა. სპექტაკლი როცა აქვს, ყოველთვის აგვიანებს-ხოლმე ვაკო. ბავშვები მოუთმენლად ელიან მშობლების დაბრუნებას. ცოტა მოიწყინეს კიდეც. მოენატრათ მშობლები...
დედის ფეხის ხმა შორიდან გაიგონეს ბავშვებმა. სიხარულით შეეგებნენ ვიკას.
- რა კარგია, რომ მოხვედი, გელოდებოდით, მოვიწყინეთ, ბევრი საქმე გქონდა სკოლაში? - ეტიტინება დედას თაკო.
- რატომ მოიწყინეთ? გეთამაშათ, წიგნი წაგეკითხათ, ტელევიზორი ჩაგერთოთ, ფეფო და ჩიკო გაგერთოთ, რომ აღარ აქცევთ ყურადღებას... კი, ძალიან ბევრი საქმე მქონდა, მე ხომ თქვენ გარდა სხვა ბავშვების ბედიც მაბარია, ისინიც ჩემი შვილები არიან, მათზეც ბევრს ვზრუნავ, ამიტომ ზოგჯერ დამაგვიანდება სკოლიდან სახლში დაბრუნება...
- დედა, იცი რა მაინტერესებს, მასწავლებლობა რატომ გადაწყვიტე? - ჩაეკითხა თაკო დედას.
- ოო, ეგ ძალიან საინტერესო და გრძელი ისტორიაა. ეგ ამბავი თქვენთვის არასოდეს მითქვამს, ახლა მოგიყვებით. მასწავლებლობა ჩემი ბავშვობის ოცნება და გატაცება იყო. ძალიან მინდოდა მასწავლებელი ვყოფილიყავი, ძალიან, ძალიან.
- მართლა?
- კი, მართლა! ჩვენს ოჯახში ყველა ექიმი იყო: დედაც, მამაც, ორივე ბებია და ბაბუა, იმათი მშობლები და იმათი მშობლებიც. ერთგვარი ტრადიცია იყო, რომ ყველა ექიმი გამოსულიყო...
- მერე, შენ რატომ არ გამოხვედი ექიმი?
- ყველას ეგონა, რომ ექიმი გამოვიდოდი, ბავშვობიდანვე შთამაგონებდნენ, რომ მომავალი ექიმი ვიყავი, ექიმის გარეგნობა აქვსო - ამბობდნენ, მე კი სარკეში ვიხედებოდი და ექიმს ვერ ვხედავდი... ექიმის ტვინი აქვსო, ექიმის თითებიო, ექიმის ალღოო, ექიმის ინტუიციაო, მესმოდა ირგვლივ... მე კი ვერ ვხდებოდი, რას ნიშნავდა ეს `ექიმის თვისებები~. მასწავლებლობა მინდოდა და მთელი ოჯახი მეწინააღმდეგებოდა. „ჩემი შვილიშვილი ექიმი უნდა იყოს!“ - იძახდა ხან ერთი და ხან მეორე ბაბუა. ბებიებიც კვერს უკრავდნენ.
- მერე?
- მერე ის, რომ მე სხვისი არჩეული პროფესია არ ავირჩიე. თავიდანვე ვიცოდი, ექიმი არ უნდა ვყოფილიყავი, მასწავლებლობა მინდოდა, ყველა მეჩხუბებოდა, არ მაძლევდნენ არჩევანის გაკეთების საშუალებას. საბუთებიც კი სამედიცინოზე შეიტანეს ჩემ მაგივრად!
- ვაიმე, რა საინტერესოა, მერე რა მოხდა?
- მერე ის მოხდა, რომ გამოცდებზე არ წავედი, არ მინდოდა ის გამოვსულიყავი, რაც სხვას უნდოდა. ვიცოდი, კარგი ექიმი ვერ ვიქნებოდი, არ გამომივიდოდა არაფერი, ასე ვგრძნობდი და ასე ვფიქრობდი. მინდოდა ის გამოვსულიყავი, რაც მე მინდოდა. შეიძლება არასწორი ყოფილიყო არჩევანი, მაგრამ ჩემი არჩევანი იყო და მე ვაგებდი პასუხს ჩემს მომავალზე და არა ჩემი მშობლები. მეორე წელს ჩავაბარე და მასწავლებელი გამოვედი... ჰოდა, ძალიან ბედნიერი ვარ! ამას, ალბათ, თქვენ ახლა ვერ გაიგებთ, მაგრამ ცოტა რომ გაიზრდებით, ალბათ მიხვდებით, რასაც ვამბობ...“
- დედიკო, შენ რასაც ამბობ, გამოდის, რომ მე არ უნდა დაგიჯერო და რასაც მეტყვი, ჯიუტად იმის საწინააღმდეგო გავაკეთო... მე ასე გავიგე! შეიძლება ვცდები, თუმცა, რომ გავიზრდები, ალბათ მერე მივხვდები! - ენას აღარ აჩერებს თაკო.
- არა, მაგას არ ვამბობ, მით უმეტეს, ახლა, როცა დედა ვარ, შეიძლება ცოტა სხვანაირადაც ვფიქრობ... მეც არ ვიცი ზუსტად. ერთი კი ვიცი, თაკო, მე შევეცდები, არ შეგზღუდო, მე გირჩევ, თუმცა, დანარჩენი, ალბათ, შენი გადასაწყვეტი იქნება... მე არ გეტყვით არცერთს, რომ მე რაც მინდა, ის უნდა გააკეთოთ ყოველთვის, განსაკუთრებით, როცა გაიზრდებით და უკვე შეძლებთ თვითონ მიიღოთ გადაწყვეტილება, შეაფასოთ სიტუაცია, გააკეთოთ არჩევანი...
- დედა, იცი რა არის? მე ვიცი, რაც უნდა გამოვიდე! - მოულოდნელად ლაპარაკში ჩაერთო თოკოც.
- რა უნდა გამოხვიდე, უკვე არჩეული გაქვს პროფესია? საინტერესოა, აბა მითხარი!
- მე მანქანების ხელოსანი გამოვალ... ძალიან მინდა მანქანების ხელოსნობა.
- რა საინტერესოა, მაინც რატომ გადაწყვიტე მანქანის ხელოსანი გამოხვიდე? - ჩაეკითხა ვიკა და მართლაც დაინტერესდა შვილის ამ არჩევანით.
- ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, ის, რომ მანქანების აწყობა მიყვარს და სულ სათამაშო მანქანებს ვაწყობ და მეორეც - გუშინ ჩვენი მეზობლები ლაპარაკობდნენ და ყური მოვკარი: ჩვენი კარის მეზობელი ეკითხებოდა ზედა სართულის მეზობელს, შენმა შვილმა სად დაიწყოო მუშაობაო. იმან კი უპასუხა - მანქამების შემკეთებელ საამქროში, მანქანის ხელოსნადო... კარის მეზობელმა უთხრა: „უი, რა კარგი სამსახური უშოვია, ძალიან გამიხარდაო.“
- ძალიან კარგი, მანქანის კარგი ხელოსანი კარგი ექიმივით არის, ძალიან ცოტაა კარგი ხელოსანი... რა პროფესიაც არ უნდა გქონდეს, მთავარია, ის საქმე კარგად იცოდე. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი მანქანის ხელოსანი გამოხვალ, ძალიან კარგ მანქანებს ააწყობ და გააკეთებ, თუ გაფუჭდება - შეაკეთებ.
- მეც ვიცი, რა უნდა გამოვიდე! - ლაპარაკში ჩაერთო ცოტა ხნით გაჩუმებული თაკო.
- თქვი, აბა, ძალიან გვაინტერესებს, შენც გადაწყვეტილი გქონია უკვე, გაგვიმხილე ერთი! - თაკოს არჩევანითაც დაინტერესდა ვიკა.
- არა, გადავიფიქრე, ჯერ არ გეტყვით, კიდევ კარგად მოვიფიქრებ და მერე გეტყვით. ისე, დედა, შენ რა გინდა, რომ გამოვიდე, რა გაგიხარდება?
- არ ვიცი ზუსტად, არ მიფიქრია, ჩემთვის მთავარია, კარგი, კეთილი და განათლებული ადამიანი იყო. რა პროფესიაც არ უნდა აირჩიო, ყველაფერს კარგად გააკეთებ. ამიტომ - არ მიფიქრია.
- კარგი, ვიფიქრებ მაშინ, კეთილი და განათლებული ადამიანი აუცილებლად ვიქნები. რა გამოვიდე - იმასაც მოვიფირებ და გეტყვი. შენ თუ არ მოგეწონება, ალბათ, დაგიჯერებ, შენსავით მე არ გავჯიუტდები! - გაეხუმრა დედას თაკო და შემოსავლელი კარებისკენ გაიქცა, რადგან ვაკო მოსულიყო და ერთი სული ჰქონდა, მამას რომ შეგებებოდა...