პაკო და თოკო ეზოში


თოკო და პაკო ხშირად არიან ერთად ეზოში. ისინი ხომ მეზობლებიც არიან. ძალიან უყვართ ბიჭებს ეზოში თამაში. განსაკუთრებით ფეხბურთის თამაში ხიბლავთ თანატოლებთან ერთად.

დღესაც ეზოში არიან ბიჭები. გაკვეთილები მოამ-ზადეს და შეუძლიათ, ეზოში ბევრი ითამაშონ. კალათ-ბურთის ბურთიც ჩამოიტანეს. ერთმანეთს ეთამაშებიან კალათბურთს თოკო და პაკო. მათ თამაშს მეზობლის ბიჭი უყურებს:

-მეც ვითამაშებ, - შეეხვეწა ბიჭი თოკოს და პაკოს.

-შენ ზედმეტი ხარ, სამნი ვერ ვითამაშებთ, ჩვენ ერთმანეთს ვეთამაშებით, - უპასუხეს დაუფიქრებლად თოკომ და პაკომ და თამაში გააგრძელეს.

მეზობლის ბიჭს აშკარად ეწყინა თოკოს და პაკოს საქციელი. აცრემლებული თვალებით აპირებდა ეზოდან წასვლას. შეამჩნიეს ბიჭებმა. მიხვდნენ თავიანთ შეცდომას:

-მოითმინე ერთი წუთით, რიგრიგობით ვითამაშოთ: შენ გამარჯვებულს შეხვდი, მერე დამარცხებული დაის-ვენებს და და ა.შ. სამივე ვითამაშებთ! - დაუძახა თოკომ უცხო ბიჭს.

მართლაც, თოკომ, პაკომ და ბიჭმა დიდი ხნის განმავლობაში ითამაშეს კალათბურთი. სამივე ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი იყო. თოკო და პაკოც ბედ-ნიერები იყვნენ, რომ მალე გამოასწორეს შეცდომა.

სანამ ბიჭები კალათბურთს თამაშობდნენ ეზოში, სხვა ბავშვებიც მოგროვდნენ. ზოგი - დიდი, ზოგი - უფრო პატარა. ბავშვებმა გადაწყვიტეს, ფეხბურთი ეთამაშათ. ყველამ ვითამაშოთ, ყველას გვინდა თამაში! - გაიძახოდნენ ბავშვები.

მართლაც, ორ გუნდად დაიყვნენ ბავშვები. ყველამ ითამაშა ფეხბურთი. დიდებმაც, თოკოს და პაკოს ასაკის ბავშვებმაც და უფრო პატარებმაც. თითქოს ყველა კმაყოფილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ გაამართლა ყველას თამაშმა. ბურთი ძირითადად დიდებს ჰქონდათ, პატარები კი უბურთოდ და ტყუილად დარბოდნენ. დიდებსაც დიდი ჟინი და ინტერესი არ ჰქონდათ, პატარები უფრო ხელს უშლიდნენ, რომ ნორმალურად ეთამაშათ. მოკლედ, ყველას თამაშის იდეამ აშკარად არ გაამართლა. შეიძლება ითქვას, ყველა დაზარალდა, ვერავინ ისიამოვნა თამაშით.

-რა საინტერესოა, თითქოს ყველა ვათამაშეთ და სამართლიანად მოვიქეცით, მაგრამ მაინც ვერ ვისიამოვ-ნეთ და ყველა უკმაყოფილო დარჩა... - ლაპარაკობდა თავისთვის თოკო. პაკოც ჩაფიქრებული იყო და აღარ ესმოდა მეგობრის ლაპარაკი, - ეს პატარები ხელს გვიშლიდნენ, არ დაგვაცადეს თამაში! - არ ჩერდებოდა ერთი დიდი ბიჭი.

-ეს დიდი ბიჭები თავისთვის თამაშობდნენ, ჩვენ პასებს არ გვაძლევდნენ, ტყუილად დავრბოდით! - აქეთ პატარები წუწუნებდნენ...

-მე საერთოდ არ მინდოდა ფეხბურთის თამაში, კალათბურთი მირჩევნია, მაგრამ მთელი მოედანი დაიკავეს და რას ვიზამდი, მეც ვითამაშე ფეხბურთი, სულ ტყუილად ყოფნას და სხვების ყურებას ეგ მერჩია! - ეუბნებოდა თოკოს და პაკოს უცხო ბიჭი, რომელთან ერთადაც ცოტა ხნის წინ კალათბურთი ითამაშეს თოკომ და პაკომ.

ბავშვები ნელ-ნელა იშლებოდნენ. თოკო და პაკო ჯერ ისევ ეზოში იყვნენ. რამდენიმე მეზობლის ბიჭიც იქვე ტრიალებდა და ფუსფუსებდა.

-გინდათ, რამე საინტერესო ვითამაშოთ? - წამოიწყო პაკომ.

-რა ვითამაშოთ? - ეკითხება იქვე მჯდომი პატარა ბიჭი.

-მაგალითად, „გამოცნობანა“...

-გამოცნობანა? ეგ რა არის?

-მე მოვიგონე, მარტივი თამაშია: ორ გუნდად გავი-ყოფით. ერთი გუნდი ჩაიფიქრებს ვინმე ცნობილ ადამი-ანს, მეორე გუნდს 10 კითხვის დასმის უფლება აქვს, 10 კითხვაში უნდა გამოვიცნოთ ჩაფიქრებული ადამიანი. თუ პირველი კითხვის მერე გამოვიცანით - 10 ქულა გვექნება, თუ მეორე კითხვის შემდეგ - 9 ქულა, თუ მესამე კითხვის მერე - 8 ქულა, მეოთხე - 7 ქულა და ა.შ. მერე როლებს გავცვლით, - მეორე გუნდი ჩაიფიქრებს და პირველი გამოიცნობს...

-ვაა, რა საინტერესოა! მაგრამ გუნდები როგორ თამაშობენ, ერთად უნდა ჩავიფიქროთ...

-ერთი წუთით, ჯერ არ დამისრულებია! გუნდები ქულებს რომ დააგროვებენ, იმ ქულების შესაბამისად შეუძლიათ ისროლონ კალათში ბურთი. ანუ, თუ პირველმა გუნდმა დააგროვა 100 ქულა, ის 100-ჯერ ის-ვრის კალათში. თუ მეორე გუნდმა დააგროვა 80 ქულა, ის მხოლოდ 80-ჯერ ისვრის კალათში. კალათში ისვრის გუნდის ყველა წევრი რიგრიგობით. გამარჯვებული კი ის იქნება, ვინც მეტ ბურთს ჩააგდებს კალათში. მაგალითად, ვისაც 100 ქულა აქვს და 100-ჯერ ისვრის ის, თუ 50-ს ჩააგდებს, ხოლო ვისაც 80 ქულა აქვს და 80-ჯერ ისვრის და 60-ს ჩააგდებს, გამარჯვებული 60 ქულის ჩამგდებია. რაც შეეხება გუნდებს, ისე გადანაწილდება, რომ ყველა გუნდში იქნება სხვადასხვა ასაკის ბავშვი. გუნდი შეიკრიბება, იმსჯელებს, ითათბირებს და ჩაიფიქრებს ცნობილ ადამიანს. შემდეგ მეორე გუნდი შეიკრიბება, შეთანხმდება პირველ კითხვაზე, პასუხის მერე ისევ ითათბირებენ, თუ პასუხი არ აქვთ, შეთანხმდებიან მეორე კითხვაზე და ა.შ.

-ძალიან საინტერესოა, ანუ ყველა ჩავერთვებით და რაც მალე გამოვიცნობთ ჩაფიქრებულ ადამიანს, მეტ ქულას ავიღებთ და მეტჯერ სროლის უფლება გვექნება.

-კი, ნამდვილად ასეა, კარგი, ვითამაშოთ!

ბავშვებმა დიდხანს ითამაშეს „გამოცნობანა“. ბევრს ფიქრობდნენ, მსჯელობდნენ, კამათობდნენ. ყველა აქ-ტიურად ჩაერთო თამაში. დაგროვებული ქულების შესა-ბამისად, კალათშიც ისროლეს ბურთი. ძალიან კარგად გაერთო ყველა, ყველა აქტიურად მონაწილეობდა და თამაშობდა. საბოლოოდ, ამ თამაშში ვინ გაიმარჯვა, მეორე დღეს აღარავის ახსოვდა. ახსოვდა მხოლოდ, რომ ძალიან კარგად გაერთნენ, ყველა თამაშობდა დიდი სიამოვნებით და რომ შეჯიბრი სამართლიანი იყო...

ამ დღის მერე „გამოცნობანას“ ხშირად თამაშობდნენ ბავშვები ეზოში, თუმცა, სახელი არ მოსწონდათ და ახლა იმაზე ფიქრობდნენ, რომ რაიმე უფრო ზუსტი სახელი დაერქმიათ თამაშისთვის...