ექსკურსია ნუნისში


 

დღეს ძალიან სასიამოვნო დღე ელოდებათ ბავშვებს. თაკო, თოკო, პაკო, თათა, მიშო, ლელი და სხვა ბავშვები დღეს ექსკურსიაზე მიდიან. ბავშვები ნუნისში მიდიან ექსკურსიაზე. ნუნისში კლასის წასვლა კოტე მასწავლებელმა გადაწყვიტა. მართალია, ნუნისი თბილისიდან მოშორებითაა, მაგრამ კოტე მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ მისი ნახვა ბავშვებისთვის სასარგებლო იქნება. კოტე მასწავლებელმა იცის, რომ ბავშვებს ნუნისი ძალიან მოეწონებათ. ნუნისი ხომ ძალიან ლამაზი და საინტერესო ადგილია!

ბავშვები დილის 8 საათზე უნდა შეიკრიბონ სკოლის ეზოში. ეზოში მათ დიდი და ლამაზი ავტობუსი ელოდებათ. ამ ავტობუსით ბავშვები ნუნისში გაემგზავრებიან. თუმცა, გასვლა 8 საათზეა დაგეგმილი, ბავშვები ერთი საათით ადრე იწყებენ შეკრებას. ყველას ეჩქარება ექსკურსიაზე წასვლა. ყველას უხარია ექსკურსია ნუნისში. ყველას უხარია თავისუფალი დროის ერთად გატარება. ერთად გატარებული საათები ყოველთვის სახალისო და საინტერესოა. განსაკუთრებით, როდესაც კოტე მასწავლებელი ბავშვებთან ერთადაა. განსაკუთრებით, როდესაც პაატა მასწავლებელიც ბავშვებთან ერთად იქნება.

პაკოს ექსკურსიაზე მამა მოჰყვება. თათას კი - დედა. ნიკას მამაც ბავშვებთან ერთად აპირებს წამოსვლას. თაკოს და თოკოს მშობლები აქ არ არიან. დღეს ისინი ვერ ახერხებენ ბავშვებთან ერთად ექსკურსიაზე წამოსვლას. დღეს ვიკა სამსახურში პრეზენტაციას აკეთებს. ვაკოს და მის კოლეგებს კი მნიშვნელოვანი მოლაპარაკება აქვს თეატრში. თაკოს და თოკოს ესმით, რომ მშობლები ხანდახან ძალიან დაკავებულები არიან...

- არაფერია, დე! - ამბობს თაკო, - ჯერ ერთი, კოტე და პაატა ჩვენთან ერთად მოდიან. მეორეც, ლაშა ბიძიაც მოჰყვება პაკოს. თათას დედაც იქნება, ნიკას მამაც, თიკოს ბებოც.

- თანაც, ჩვენ ისედაც ორნი ვართ! - იცინის თოკო, - რაცა რაღაც მჭირდება, ყველაზე მაგრად თაკო მეხმარება.

- არა, არა, შენ მეხმარები უკეთ! - აჰყვა თაკო.

აი, 8 საათი მოვიდა. სკოლის ეზოში უკვე ყველა შეიკრიბა. ბოლო მიშო მოვიდა. ზუსტად რვა საათზე.

- ყველანი ვართ, შეგვიძლია დავიძრათ! - ამბობს კოტე მასწავლებელი.

ავტობუსი დაიძრა. ბავშვებს გზაში 2 საათი მაინც დასჭირდებათ. თუმცა, არავის მოუწყენია.

- ბავშვებო, ნუნისი იმერეთის მხარეშია. ის ძალიან ლამაზი და ძველი სოფელია. სოფელთან ახლოს კურორტი `სამთა ნუნისი~ მდებარეობს. ის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნაწილია. იქაური ბუნება საოცრად ლამაზია. დანარჩენს უკვე, ნუნისში რომ ჩავალთ, იქ მოგიყვებით, - გადაწყვიტა კოტე მასწავლებელმა.

ბავშვები ერთმანეთთან ლაპარაკით თავს იქცევდნენ. თანაც, გზისთვის წამოღებულ სასუსნავებს მიირთმევდნენ.

- პაატა მასწავლებელო, თქვენც გასინჯეთ, ბებოს გაკეთებულია! - სთავაზობს ანა ღვეზელს მასწავლებელს.

- თოკო, აიღე, ნახე, რა გემრიელია! - მიუბრუნდა ანა თანაკლასელს.

ანას არც სხვები ჩამორჩებიან. ყველას უნდა, რომ დედის, მამის, ბებოს ნახელავი მეგობრებმა და მასწავლებლებმა მოიწონონ.

აი, ავტობუსმა ნუნისს მიაღწია. ბავშვები ფანჯრებს მიაწყდნენ. ერთი სული აქვთ, როდის ჩამოვლენ ავტობუსიდან.

- ბავშვებო, ჩამოვედით! ჩვენი ექსკურსიის გეგმა ასეთია: მოვინახულოთ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. შემდეგ „ბერების კლდესთან~ მივიდეთ. ფეხით მოგვიწევს სიარული. იქამდე დაახლოებით 2 კილომეტრია. შემდეგ სოფელში დავბრუნდეთ და იქ გემრიელად ვისადილოთ. რას იტყვით? ხომ არ გშიათ? მე მგონი, გზაში ყველამ მოვახერხეთ წახემსება... - კითხულობს კოტე მასწავლებელი.

- კი, კი, გზაში ვჭამეთ. სულ არ გვშია. წავიდეთ! - ერთმანეთს ასწრებენ ბავშვები.

ჯგუფი ეკლესიისკენ დაიძრა.

- ბავშვებო, ნუნისის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს, - დაიწყო პაატა მასწავლებელმა, - ერთხელ თურმე დავით აღმაშენებელი და მისი მებრძოლები ომიდან ბრუნდებოდნენ. სიარულით დაღლილი ცხენები ნუნისის წყალში ჩაწოლილან. საწყალ ცხენებს კანი სულ გადატყავებული ჰქონდათ. მეფეს წასვლა არ უჩქარია. ცხენები წყალში კარგა ხანი ყოფილან. ნუნისის წყალს საოცრება მოუხდენია. ცხენებს კანი მალე სულ მორჩენიათ. დავითს სოფელი ძალიან მოსწონებია და იქ ტაძრის აგება უბრძანებია.

- თუმცა, მეორე ლეგენდის თანახმად, თურმე თამარს დედოფალს ნუნისის მიდამოებში შეუსვენია. მას ბუნება ძალიან მოსწონებია და მშვენიერ ადგილას ტაძრის აგება უბრძანებია.

ბავშვებმა ეკლესია დაათვალიერეს. ეკლესიის კედლებს გრძელი და საინტერესო ისტორია თითქოს ზედ ახატია..

- ნუნისის ღვთისმშობლის ტაძარი — IX-X სს. ეკლესიაა. მტრის შემოსევის დროს ტაძარი ბევრჯერ დანგრეულა და განახლებულა. ამიტომაა, რომ ეკლესია ძალიან არის შეცვლილი, - უყვება ბავშვებს კოტე მასწავლებელი.

- ნუნისის ღვთისმშობლის ტაძართან დაკავშირებითაც არსებობს ლეგენდა. ლეგენდის თანახმად, ღვთისმშობლის ტაძარი საიდუმლო გვირაბით „ბერების კლდეს“ უკავშირდებოდა, - აგრძელებს პაატა მასწავლებელი.

ბავშვებს ერთი სული აქვთ, როდის ნახავენ „ბერების კლდეს“.

გზა ტყით მიდიოდა. გზადაგზა პაატა მასწავლებელი ბავშვებს „ბერების კლდის“ თქმულებებს და ლეგენდებს უყვება.

- `ბერების კლდე~ სამი გამოქვაბულისგან შედგება. ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ გამოქვაბულებთან იყო დაკავშირებული ღვთისმშობლის ტაძარი. იმასაც ამბობენ, რომ ამ კლდეში ინახება იმ ჯვრის ნაწილი, რომელზეც ქრისტე გააკრეს. კიდევ ერთი ლეგენდის თანახმად, ეს ადგილი ნოეს კიდობანია. იმასაც ამბობენ, რომ ნოეს კიდობანი სულაც არ ყოფილა ხის ნაგებობა. ნოეს კიდობანი სწორედ აქ მდებარეობდა... სწორედ ამიტომ გადარჩნენ იქ მყოფები. - გააგრძელა კოტე მასწავლებელმა.

- გვახსოვს ნეოს კოდობანის ისტორია? - იკითხა პაატა მასწავლებელმა.

- მე, მე, მე მოვყვები! - ყვირიან ბავშვები. ანამ ყველას აჯობა და მოყოლა დაიწყო:

- ნოე ბიბლიური გმირია. მას სამი ვაჟი ჰყავდა. ის კეთილი და კარგი კაცი იყო, ამიტომ ღმერთმა მას უთხრა, რომ წარღვნა მოხდებოდა. ნოემ დიდი ხის კიდობანი ააგო და შიგ თავისი ოჯახი და ყველა ცხოველისა და ფრინველის წყვილი შეიყვანა. წარღვნა მოხდა. ყველაფერი წყლით დაიფარა. მხოლო ნოეს ოჯახი და კიდობანში მყოფი ცხოველები და ფრინველები გადარჩნენ... - ჩქარ-ჩქარა ჰყვებოდა ანა.

ბავშვებს ნუნისი ძალიან მოეწონათ, განსაკუთრებით კი ლეგენდები.

- მოდით, კლასში ნუნისის შესახებ ჩვენი წიგნი გავაკეთოთ! - მოიფიქრა ნიკამ, - ყველა ლეგენდა, რაც მოვისმინეთ, ამ წიგნში შევიტანოთ და სურათებით გავაფორმოთ.

- მაგარია! მოდით კიდევ სხვა ლეგენდებიც მოვიძიოთ და ისინიც დავუმატოთ! - მოეწონა იდეა თაკოს.

ბავშვების იდეა პაატა მასწავლებელსაც ძალიან მოეწონა.

ბავშვები საღამოს დაღლილები და ძალიან კმაყოფილები დაბრუნდნენ თბილისში