პაკო საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე



დღეს პაკომ დილიდან დაიწყო მზადება. კვირაა და პაკო სკოლაში არ მიდის. დღეს ეთნოგრაფიულ მეზეუმში მსოფლიო ხალხთა ფოლკლორის ფესტივალი ტარდება. მამას პაკო ფესტივალზე მიჰყავს. პაკოსთან ერთად მამას ფესტივალზე პაკოს მეგობრებიც მიჰყავს. პაკოს ძალიან უხარია. ფესტივალი ძალიან აინტერესებს და თანაც მეგობრებთან ერთად უყვარს ყოფნა.

დღე ნელა გადის. პაკო საათს ხშირად უყურებს. ერთი სული აქვს პაკოს, როდის მოვა 5 საათი. 5-ის ნახევარზე მომზადება დაიწყო.

ფესტივალი 6 საათზე იწყება. ბავშვები 5 საათზე იკრიბებიან ვაკის პარკთან. იქიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფეხით აპირებენ წასვლას.

პაკოს ხელში ფესტივალის ბროშურა უჭირავს.

„მსოფლიო ხალხთა ფოლკლორული ფესტივალი, 2-9 სექტემბერი“ - აწერია ბროშურას გარედან.

ხუთისთვის ყველა შეიკრიბა. ბავშვები მუზეუმისკენ გაემართნენ.

- მამა, ზუსტად რას ნიშნავს ფოლკლორი? - ეკითხება პაკო მამას, - დაახლოებით კი ვიცი, რაც არის. ზუსტად რას ნიშნავს, არ ვიცი...

- ფოლკლორი ინგლისურად ხალხთა სიბრძნეს ნიშნავს, პაკო - პასუხობს მამა. ბავშვებმა ნაბიჯი შეანელეს. ყველამ იცოდა, რა არის ფოლკლორი დაახლოებით, მაგრამ ზუსტად რას ნიშნავდა, არ იცოდნენ.

- ფოლკლორი სხვადასხვა ხალხის ტრადიციებს, ცხოვრებას გამოხატავს. ფოლკლორი ბევრ რამეს აერთიანებს: ზღაპრები, სიმღერები, ცეკვები, ხუმრობები, მითები, ლეგენდები - ყველაფერი ფოლკლორია. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ფოლკლორი ზეპირად გადადიოდა, - განაგრძობს პაკოს მამა, - ამ ყველაფერს ხალხი უძველეს დროს იგონებდა. მერე თავის შვილებს ასწავლიდა. ისინი კიდევ, თავიანთ შვილებს. აი, ასე მოვიდა ჩვენამდე ფოლკლორი. ფოლკლორის ნაწილია კიდევ ხელნაკეთობა.

- ხელნაკეთობა? - იკითხა გიომ.

- ოქროს და ვერცხლის სამკაული, თიხის ჭურჭელი, მოქარგული ტანსაცმელი, ნაქსოვი ხალიჩები - ყველაფერი ხელნაკეთობაა. ამ ნივთებს ოსტატები ხელით აკეთებენ. ამიტომაც ჰქვია ხელნაკეთობა. სხვადასხვა ხალხს სხვადასხვანაირი ხელნაკეთობა აქვს. სხვადასხვა ხალხს ხელნაკეთობის სხვადასხვა ტექნიკა აქვს. ამიტომაა, რომ ყველა ერის ხელნაკეთი ნივთი განსხვავებულია. ქართული სამკაულები იაპონურისგან განსხვავებულია. იაპონური კი უკრაინულისგან არის განსხვავებული. ჩვენ კი ძალიან მოგვწონს ეს განსხვავებული ნივთები.

- ეთნოგრაფიული მუზეუმი რაღაა? - კითხულობს სოფო.

- სოფო, ეთნოგრაფია ორი ბერძნული სიტყვისგანაა შედგენილი. ეთნოს - ნიშნავს „ტომს“. ოღონდ წიგნის ტომს არა, ადამიანთა ტომს. გრაფო კი ნიშნავს „ვწერ“. გამოდის, რომ ეთნოგრაფია ხალხის აღწერას ნიშნავს. ეთნოგრაფიული მუზეუმი ინახავს ნივთებს, რომლებიც სხვადასხვა ტომის ცხოვრების პირობებს და კულტურის ტრადიციებს, ისტორიულ მოვლენებსა და გეოგრაფიულ თვისებებს ერთად გვაჩვენებს.

- რა საინტერესოა! - მოეწონა სოფოს, - მე მგონი, დღეს ბევრი სიახლე გველოდება.

- მეც ასე მგონია! - გაეღიმა პაკოს მამას.

ბავშვებმა ეთნოგრაფიულ მუზეუმს მიაღწიეს. გზა გრძელი აღმოჩნდა. პაკოს მამა ბევრ ახალ და საინტერესო ინფორმაციას აწვდიდა ბავშვებს. ბავშვები გზამ არ დაღალა.

დღეს ფესტივალის მეორე დღეა. ფესტივალზე სხვადასხვა ერისა და ნაციონალობის ფოლკლორია წარმოდგენილი. ქართული ფოლკლორის გარდა, სომხეთისა და აზერბაიჯანის, რუსეთისა და უკრაინის, იტალიისა და საფრანგეთის, ინდოეთისა და ნეპალის, იაპონიისა და პერუს... და კიდევ ბევრი სხვა ქვეყნის ფოლკლორია წარმოდგენილი. მოცეკვავეები, მუსიკოსები, მომღერლები, ხელნაკეთობების ოსტატები მთელი მსოფლიოდან არიან ჩამოსულები. ფოლკლორის ოსტატები საკუთარ ხელოვნებას ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოადგენენ.

დღევანდელ საღამოს ძალიან საინტერესო კონცერტი იმართება. კონცერტი ღია ცის ქვეშ ჩატარდება. დიდ მინდორზე სცენაა გაკეთებული. მაყურებელი პირდაპირ ბალახზე იკავებს ადგილებს. ზოგს მინდორზე დასაგებად პატარა ხალიჩა წამოუღია, ზოგს კი _ პლედი. ზოგს არაფერი არ წამოუღია. მათ პირდაპირ ბალახზე ჯდომაც მოსწონთ.

კონცერტის დაწყებამდე, ბავშვები მსოფლიო ხალხთა ხელნაკეთობებს ათვალიერებენ.

- ეს ლამაზი ხალათები იაპონური კულტურის ნაწილია - უხსნის პაკოს მამა ბავშვებს, - მათ კიმონოები ჰქვიათ. ეს ლამაზი ყვავილები და დრაკონები სულ ხელითაა ნაქარგი. ეს იაპონელმა ოსტატებმა სულ ხელით მოქარგეს.

- ეს კი პერუს ცნობილი ლითონის ნაკეთობებია, - აგრძელებს პაკოს მამა. ბავშვები ყურადღებით ათვალიერებენ უცნაური სახეებით მორთულ სამკაულებს. პერუს ისტორია და კულტურა ძალიან, ძალიან ძველია. მეცნიერები იმასაც კი ფიქრობენ, რომ პირველი ადამიანები პერუში წარმოიშვნენ. პერუ მრავალი უცნობი ცივილიზაციის ქვეყნად მიაჩნიათ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-12 საუკუნიდან კი აქ ინკების ტომები ცხოვრობდნენ.

მალე კონცერტი დაიწყო. ბავშვები ბალახზე მოკალათდნენ. სცენაზე მონაწილეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. მაყურებელი ტაშს არ იშურებდა. კონცერტი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო.

- გვიან საღამოს დაღლილი და კმაყოფილი ბავშვები ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებენ.

- მე ყველაზე მეტად ნეპალელი მუსიკოსები მომეწონა. თანაც, გაინეები მოხეტიალე მუსიკოსები ყოფილან მათი ხელოვნება ნელ-ნელა ქრება. ჩვენ კი მათ სიმღერებს მოვუსმინეთ - ამბობს ანა.

- მე ფრანგული სიმღერები მომეწონა - ამბობს აჩო. ლაღი და ხალისიანი სიმღერები იყო. ფრანგულის სწავლა მომინდა. მგონი, სასაცილო ლექსებზე მღეროდნენ.

- მე კი შვეიცარიული სიმღერები მომწონს ძალიან, - აგრძელებს გიო.

- იოდლი! - ეხმარება ბავშვებს პაკოს მამა, - იოდლი ჰქვია ალპურ ფოლკლორულ სიმღერებს. ცოტა გურულ კრიმანჭულსაც ჰგავს, არა?

თათა კი ინდური ხალხური ცეკვებით მოიხიბლა: - რა ლამაზი ფერები აცვიათ! როგორი მოქნილები არიან! და რამდენი ლამაზი და უცნაური სამკაული უკეთიათ! - ვერ მშვიდდება თათა.

- სოფოს ყველაზე მეტად უკრაინული ცეკვა-სიმღერა დაამახსოვრდა. მოეწონა, როგორ ერთად ცეკვავდნენ წყვილები. განსაკუთრებით კი ქალების გვირგვინები და კაცების ფართხუნა შარვლები - შარავარები დაამახსოვრდა.

- პაკო, შენ რომელი ქვეყნის ფოლკლორი მოგეწონა ყველაზე მეტად? - ეკითხება მამა პაკოს.

- ქართული! - იღიმება პაკო. ყველაფერი ძალიან მომეწონა, მაგრამ ხევსურული ცეკვა ყველაზე მაგარია!

ბავშვების ყურადღება ნეპალელი მუსიკოსების მუსიკოსებმა და მოცეკვავეებმა მიიპყრეს.