მუსიკალური კვირა სკოლაში
მაისი დადგა. მაისში თაკოს, თოკოსა და პაკოს სკოლაში მუსიკალური კვირეული ეწყობა. მაისის ბოლო კვირას ყველა მოსწავლეს შეუძლია საყვარელი სიმღერა ან ცეკვა შეასრულოს. მუსიკალურ კვირაში ბავშვებს მშობლები და მასწავლებლები ეხმარებიან. მუსიკალური კვირეული ძალიან საინტერესოა. მუსიკალური კვირეული ძალიან სახალისოა.
თოკო და თაკო ყოველ წელს იღებენ მონაწილეობას მუსიკალურ კვირეულში. ისინი კარგად მღერიან. შარშან სიმღერის მომზადებაში ბავშვებს დედ-მამა დაეხმარათ. თაკოს და თოკოს დედა ძალიან კარგად მღერის. ის გიტარაზეც უკრავს. ვაკოც ძალიან კარგად უკრავს და მღერის. ის გიტარაზე, ფორტეპიანოზე და ფლეიტაზე უკრავს. ახალგაზრდობაში, ვაკოს მეგობრებთან ერთად მუსიკალურ ჯგუფი ჰქონდა შექმნილი. ვაკო და მისი მეგობრები 60-იანი წლების მუსიკოსების ჰიტებს ასრულებდნენ. ვაკოსა და მისი მეგობრების ჯგუფს „ობობები“ ერქვათ. ეს სახელი ახალგაზრდებმა ლეგენდარული ჯგუფის „ბიტლზის“ საპატივცემულოდ აირჩიეს. „ბიტლზ“ ინგლისურად „ხოჭოებს“ ნიშნავს.
- ისინი თუ ხოჭოები არიან, ჩვენ ობობები გავხდეთ! - გაიხუმრა თურმე ერთხელ ვაკომ. მეგობრებს ისე მოეწონათ ეს იდეა, რომ გადაწყვიტეს, „ობობები“ გამხდარიყვნენ. „ობობები“ კონცერტებს ხშირად მართავდნენ. „ობობები“ „ბიტლზის“ სიმღერებს ასრულებდნენ, თანაც წარმატებით.
- ბევრ კონცერტს ვმართავდით, - უყვება ვაკო შვილებს, - დარბაზები და სარდაფები სულ სავსე იყო, როდესაც ჩვენ გამოვდიოდით.
- სარდაფები? - ეღიმება თოკოს.
- ჰო, სარდაფები. ახალგაზრდები ხშირად ვიკრიბებოდით სახლების სარდაფებში და იქ ვუკრავდით. ასე მეზობლები ნაკლებად წუხდებოდნენ, - ეღიმება ვაკოს ძველი ამბების გახსენებისას.
- სიმღერას რომ დავამთავრებდით, გოგონები კიოდნენ და ცეკვავდნენ. ხანდახან შუა სიმღერაში იწყებდნენ კივილს. მოკლედ, ზუსტად ისე იყო, როგორც „ბიტლზის“ კონცერტებზე.
თოკოს და თაკოს ეღიმებათ. მათ ნანახი აქვთ, როგორ კიოდნენ და ცეკვავდნენ გოგონები „ბიტლზის“ კონცერტებზე. მათ ნანახი აქვთ მამის და მისი მეგობრების ფოტოები. ერთ ფოტოში მამას სასაცილო კეპი ახურავს თავზე, ხელში კი ელექტროგიტარა უჭირავს. მეორე სურათზე მამას და მის მეგობრებს ერთნაირი სასაცილო მაისურები აცვიათ და ყელზე ჰალსტუხები უკეთიათ.
- მამა, რა ახალგაზრდა ხარ ამ სურათში და რა საყვარელი! - ეფერება თაკო მამას.
ვაკო ბედნიერია.
ვაკოს ძალიან უნდა, რომ ბავშვებს სიმღერის მომზადებაში მიეხმაროს. ვაკოს ძალიან უნდა, მაგრამ არ სცალია. თეატრის რეჟისორი ახალ სპექტაკლზე მუშაობს. დასი ძალიან ბევრს მუშაობს. ეს სპექტაკლი თეატრალურ კვირეულზე უნდა ითამაშონ ლონდონში. დასი გასტროლებისთვის ემზადება. ვაკო ადრე მიდის და გვიან ბრუნდება სახლში. ვიკა არ არის ასე ძალიან დაკავებული. იგი დიდი სიამოვნებით ეხმარება შვილებს. თუმცა დედამ და ტყუპებმა ვერ მოიფიქრეს, რა იმღერონ სკოლის სცენაზე.
- მამა მოგვეხმარება! - ამბობს ბევრი ფიქრის შემდეგ თოკო.
- ჰო, მამა მოგვეხმარება! - აჰყვა თაკო ძმას.
- კარგი, დაწექით! - ეუბნება ვიკა თაკოს და თოკოს. მამა გვიან მოვა და მე დაველაპარაკები. ის დაგვაკვალიანებს. მამა ზუსტად გვეტყვის, რა სჯობს, რომ ვიმღეროთ.
თაკოს და თოკოს იმედი მიეცათ. მამამ ყოველთვის ზუსტად იცის, სად და რა სჯობს, რომ ტყუპებმა იმღერონ. თაკოს და თოკოს მუსიკა ძალიან უყვართ და ყველაფერს სიამოვნებით მღერიან. მეგობრებთან ერთად საბავშვო სიმღერებს ასრულებენ. მშობლებთან და მათ მეგობრებთან კი დედას და მამას ხალხური და ქართული სიმღერების შესრულებაში ეხმარებიან. კარაოკე-ბარში საყვარელი მომღერლების სიმღერებსაც სიამოვნებით ასრულებენ. სიმღერები ბავშვებმა ზეპირად იციან. თაკოს და თოკოს „ბიტლზის“ მოსმენა და სიმღერაც ძალიან უყვართ. ხანდახან, საღამოობით, როდესაც ვაკო სახლშია, ის გიტარაზე უკრავს. თაკო და თოკო მამასთან ერთად „ბიტლზის“ სიმღერებს ასრულებენ. თაკომ და თოკომ `ბიტლზის~ ბევრი სიმღერა იციან ზეპირად.
დილას ბავშვებს დედამ სასიამოვნო ამბავი დაახვედრა. ვაკომ ბავშვებს ორი სხვადასხვა სიმღერა შესთავაზა მუსიკის კვირეულისთვის. ის კი არა, დახმარებასაც დაჰპირდა ბავშვებს სიმღერის მომზადებაში.
- მამამ შემოგითვალათ, რაღა ერთი, ბარემ ორი სიმღერა მოამზადეთო! - გაუზიარა ღიმილით ვიკამ ბავშვებს.
იმ დღეს თაკო და თოკო სკოლაში კმაყოფილები წავიდნენ. მათ ზუსტად იციან, რას შეასრულებენ მუსიკის კვირეულზე. მასწავლებელმა ბავშვებს მონაწილეობის წესები გაუზიარა.
- კიდევ გაქვთ მთელი 2 კვირა. ზუსტად გადაწყვიტეთ, ვის რა გინდათ, რომ შეასრულოთ. თქვენი არჩევანი გამიზიარეთ. აბა, თქვენ იცით! თქვენ ყველა კარგად მღერით, უკრავთ და ცეკვავთ. მთავარია, რომ არ დაიმორცხვოთ და არ იზარმაცოთ!
თაკომ და თოკომ მასწავლებელს უკვე გაუზიარეს საკუთარი პროგრამა. მასწავლებელს პროგრამა ძალიან მოეწონა. მასწავლებელმა ბავშვებს დასკვნით კონცერტზე მონაწილეობაც შესთავაზა.
- ყოჩაღები ხართ! ძალიან მიხარია, რომ დედა გეხმარებათ. ძალიან ლამაზი სიმღერები აგირჩევიათ. აუცილებლად უნდა იმღეროთ ორივე კონცერტზე.
პაკომაც იცის, რა უნდა იცეკვოს. პაკოს ახალი ჩოხაც აქვს. პაკოს ახალი ჩოხა ძალიან უხდება. პაკო თათასთან ერთად იცეკვებს. თათა პაკოს მეწყვილეა ქართულ ცეკვაში. თათა და პაკო ერთად ძალიან ლამაზად ცეკვავენ. კონცერტზე ისინი ცეკვა „ქართულს“ შეასრულებენ.
კვირის ბოლოს კლასში ყველამ იცოდა, ვინ რას შეასრულებდა კონცერტზე. კლასის საკონცერტო პროგრამა ძალიან მრავალფეროვანი გამოვიდა.
აი, კონცერტის დღეც მოვიდა. კონცერტზე ბავშვები ხალხურ და საესტრადო, საბავშვო სიმღერებს, ქართულ და ლათინურ ცეკვებს და პოპ-ჯგუფების ჰიტებს ასრულებდნენ. ლელიმ კი როიალზე შოპენის ლამაზი პიესა შეასრულა. ნიკამ ფლეიტაზე დაუკრა. თაკომ და თოკომ ვიკასთან ერთად სიმღერა შეასრულეს მიუზიკლიდან „მუსიკის ჰანგები“. სიმღერა ძალიან ლამაზი და ხალისიანი გამოვიდა. სკოლის დარბაზი სავსე იყო. აუდიტორია კი ტაშს არ იშურებდა. ყველა შემსრულებელი კმაყოფილი და ბედნიერი დარჩა.
მასწავლებელი კმაყოფილია. კონცერტმა წარმატებით ჩაიარა.
მეორე დღეს თაკოსა და თოკოს კლასელებმა აუდიტორიაში დაიკავეს ადგილები. თაკოს და თოკოს მუსიკის კვირეული კიდევ გრძელდება. ისინი დასკვნით კონცერტზე შეასრულებენ სიმღერას. თაკო და თოკო დასკვნით კონცერტზე ვიკასა და ვაკოსთან ერთად შეასრულებენ „ბიტლზის“ სიმღერას.