წიგნების შექმნის კვირეული სკოლაში
დღეს 7 სექტემბერია, წიგნიერების საერთაშორისო დღე. წიგნიერება რა არის, არ იციან თოკომ, თაკომ და პაკომ. ერთადერთი, ის იციან, რომ წიგნს და კითხვას უნდა უკავშირდებოდეს ეს სიტყვა. კოტე მასწავლებელმა ხომ „წიგნების კვირეულად“ გამოაცხადა ეს კვირა. ბავშვები დარწმუნებულები არიან, ბევრი საინტერესო რამ ელით „წიგნების კვირეულის“ დროს...
კოტე მასწავლებელმა ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა ბავშვებს წიგნიერების შესახებ.
„ბავშვებო, თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, რომ თქვენსავით ყველა ბავშვს აქვს შესაძლებლობა, ისწავლოს წერა და კითხვა, არითმეტიკა, მიიღოს განათლება სკოლაში. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში, არიან ბავშვები, რომელთაც არ შეუძლიათ წერა და კითხვა. მსოფლიოში 793 მილიონი ადამიანია, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის. მსოფლიოში 67 მილიონ ბავშვზე მეტია, რომელიც სკოლაში არ დადის. მსოფლიოში 100 მილიონამდე ბავშვია, რომელიც სკოლაში დადიოდა, მაგრამ სკოლამ ვერ ასწავლა წერა და კითხვა. წარმოიდგინეთ, თქვენ, რომ არ შეგეძლოთ სკოლაში სიარული; წარმოიდგინეთ, თქვენ რომ არ იცოდეთ წერა და კითხვა? რა შეიძლება იყოს ბავშვების მომავალი, რომლებიც სკოლაში ვერ დადიან?..
ბავშვები უცებ ჩაფიქრდნენ. მათში თითქოს რაღაც შეიცვალა. თითქოს რაღაც გაიგეს, რაც არ იცოდნენ, ან ვერ წარმოედგინათ. შეიძლება იცოდნენ, მაგრამ არ უფიქრიათ. მათ ხომ ყველა ბავშვი თავისნაირი ეგონათ... ეგონათ, ყველას შეეძლო სწავლა, წერა-კითხვა; ეგონათ, ყველა ბავშვს ჰქონდა უამრავი წიგნი და სათამაშო. . . მაგრამ. . .
პაკომ, თოკომ და თაკომ დაიწყეს ფიქრი, თუ რა შეიძლება გააკეთონ, რომ დაეხმარონ სხვა ბავშვებს წერა-კითხვის სწავლაში, სკოლაში სიარულში, განათლების მიღებაში. კოტე მასწავლებელმა მოსწავლეებს პროექტების განხორციელება დაავალა. პროექტები „წიგნიერების კვირაში“ უნდა გაკეთებულიყო.
-თოკო, პაკო, რა მოვიფიქროთ, რა პროექტი გავაკეთოთ? მოვიფიქროთ რამე, ყველა ჩვენი მეგობარი ჩაერთვება, როგორ დავეხმაროთ ჩვენს თანატოლებს? - არ ისვენებდა თაკო.
-ყველაზე ადვილია, ფული ავკრიბოთ და იმათ გადავცეთ, ვინც სკოლაში ვერ დადის, ან წიგნს ვერ კითხულობს, - ჩაერთო საუბარში პაკო.
-ეს ძალიან მარტივია, ფული ჩვენ სად გვაქვს, ფული მშობლებს უნდა გამოვართვათ, ჩვენ კი ისეთი რამ უნდა მოვიფიქროთ, რომ ჩვენ თვითონ დავეხმაროთ - არ ჩერდება თაკო, რომელსაც ძალიან უნდა რაიმე მნიშვნელოვანი გააკეთოს და დაეხმაროს თანატოლებს.
-ასე ჩვენ ვერ შევთანხმდებით, სჯობს, ყველამ სათითაოდ მოვიფიქროთ და გავაკეთოთ პროექტი, ვნახოთ, ვინ უფრო უკეთეს პროექტს მოიფიქრებს, - თქვა თოკომ და მეგობრებიც შეთანხმდნენ, ცალ-ცალკე ემუშავათ და მოეფიქრებინათ, როგორ დახმარებოდნენ თანატოლებს.
მეორე დღეს პაკომ უკვე განახორციელა საკუთარი იდეა. პაკომ რამდენიმე ყულაბა შეიძინა. ყულაბები განათავსა სკოლის დერეფნებში სასწავლო ოთახების წინ. ყულაბებს დააწერა: „დავეხმაროთ თანატოლებს წერა-კითხვის სწავლაში“. ყველა ყულაბაში პირველი თანხა თვითონ ჩაყარა. ფული მამას და დედას გამოართვა. ყულაბები „წიგნიერების კვირეულის“ განმავლობაში იქნებოდა დერეფანში და ყველა მოსწავლეს შეეძლებოდა თანხის გაღება. პაკომ გადაწყვიტა, შეგროვილი თანხით წიგნები ეყიდა იმ ბავშვებისთვის, ვინც სკოლაში დადის, მაგრამ წიგნები არ აქვს და წერა-კითხვას ვერ სწავლობს.
თოკოსაც პაკოს მსგავსი იდეა მოუვიდა: ყულაბების ნაცვლად თოკომ „წიგნის კუთხეები“ გახსნა სკოლაში. ყველა მოსწავლეს „წიგნიერების კვირეულის“ განმავლობაში შეეძლო წიგნები მოეტანა სკოლაში, ეჩუქებინა ბავშვებისთვის, რომლებსაც წიგნები არ აქვთ. თოკოს უნდოდა, ამ გზით შეეგროვებინა უამრავი წიგნი და ეს წიგნები გადაეცათ ბავშვებისთვის, რომლებსაც წიგნების ყიდვის საშუალება არ აქვთ.
თოკოს და პაკოს იდეა ძალიან მოეწონა თაკოს. მაგრამ თაკოს უნდოდა, რაიმე განსხვავებული მოეფიქრებინა, უნდოდა დახმარებოდა თანატოლებს, მაგრამ ცოტა სხვანაირად. თაკოს უნდოდა, რომ ვისაც ეხმარებოდა არ ეგრძნოთ თავი დაჩაგრულად. არ ჩაეთვალათ, რომ მათ უჭირთ და ბედნიერი თანატოლები ეხმარებიან. უნდოდა მოეფიქრებინა რამე, რითაც ამ ბავშვებთან ერთად რაღაც მნიშვნელოვანს გააკეთებდა. ამიტომ თითქმის მთელი კვირა ფიქრობდა თაკო. პროექტი კინაღამ ჩაეშალა კიდეც, რადგან „წიგნიერების კვირეული“ მთავრდებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც მოიფიქრა...
თაკო დაუმეგობრდა რამდენიმე ბავშვს. ბავშვებს სთხოვა, რომ მას სპექტაკლის დადგმის სურვილი ჰქონდა და ისინი უნდა დახმარებოდნენ... ყველა ბავშვი სიამოვნებით დათანხმდა. თაკომ თითოეულ ბავშვს თავისი როლი მისცა. სპექტაკლი „წიგნის ძალა’ იმ ადამიანების შესახებ იყო, რომლებმაც წიგნით და სწავლით მიაღწიეს წარმატებას. სპექტაკლი აჩვენებდა, წიგნის სიყვარულმა თუ როგორი წარმატება მოუტანა ადამიანებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც მანამდე ძალიან უჭირდათ და უბედურები იყვნენ. ამ სპექტაკლში 20 ბავშვი მონაწილეობდა. ეს ბავშვები სკოლაში ვერ დადიოდნენ. . .
სპექტაკლის შემდეგ, ბავშვებმა მოაწყვეს „წიგნის შექმნის“ საათი. თაკოს ახალი მეგობრები, რომელთაც წერა-კითხვა არ შეეძლოთ, ხატავდნენ ნახატებს. ამ ნახატებში ისინი ჰყვებოდნენ სხვადასხვა ამბავს, საკუთარ ისტორიებს, სურვილებს, ოცნებებს... თაკომ შემდეგ თანაკლასელებს დაურიგა ნახატები. თანაკლასელებს სთხოვა, საკუთარი აზრი დაეწერათ ნახატზე, დაეწერათ, თუ რა იყო ასახული ნახატზე. თანაკლასელებიც სიამოვნებით ჩაერთნენ. ბოლოს ყველა ნახატი და ამ ნახატის შესაბამისი ამბავი ერთად აკინძეს, როგორც დიდი წიგნი, რაც ბავშვებმა ერთად გააკეთეს. . .
თაკოს პროექტი ყველას ძალიან მოეწონა.
- ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. ამ სპექტაკლს ყველას ვაჩვენებთ, ყველა ბავშვს, ყველა მშობელს, ყველას, ყველას... - არ ჩერდებოდა აღტაცებული თაკო...