ისევ სკოლაში პაკოსთან ერთად
თოკო და თაკო ისევ ძველ სკოლაში დაბრუნდნენ. ძალიან უხარიათ პატარებს პაკოსთან ერთად სკოლაში სიარული. იციან, ძალიან ბევრი საინტერესო დღე ელით. ოდნავ გულიც წყდებათ: სოფლის სკოლა, მეგობრები და მასწავლებლებიც მოენატრებათ, მაგრამ პაკო ხომ მაინც განსაკუთრებული მეგობარია მათი...
პირველი დღე სკოლაში ყველასთვის განსაკუთრებულია. ბავშვებს უხარიათ სკოლაში დაბრუნება. მასწავლებლები მონატრებულები არიან მოსწავლეებთან შეხვედრას. მშობლები აღტაცებულები არიან და იმედით სავსე. ამ დღეს ყველა სკოლაში ზეიმია. ზოგჯერ მომაბეზრებელიც...
თოკოს, თაკოს და პაკოს სკოლაშიც ყველა ზეიმობს. ყველას უხარია სკოლის დაწყება, გაკვეთილების დაწყებამდე დიდი ჟრიამულია სკოლის შესასვლელში, სკოლის ეზოში, სკოლის დერეფანში. ხმაურობენ და ჟრიამულობენ მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და სხვა უამრავი ადამიანი, რომელიც არც მოსწავლეა, არც მშობელი, არც მასწავლებელი, უბრალოდ _ მეგობარი ან ახლობელია რომელიმე მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის... სკოლის პირველი დღე ყველასათვის საყვარელი დღეა... ერთი შეხედვით, ყველა მხიარულობს, ყველა კარგ განწყობაზეა, ყველა ბედნიერია, ყველა იმედიანია.
პაკოს ძალიან გაუხარდა მეგობრების სკოლაში გამოჩენა:
-თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვარ! ისევ ერთად ვიქნებით სკოლაში, ეზოში, ფეხბურთზე, ყველგან, ყველგან... - თავს ვერ იკავებს პაკო.
-მეც ბედნიერი ვარ, პაკო, ძალიან მომენატრეთ ყველა, ძალიან, ძალიან! მაგრამ ჩემი სოფლის სკოლის მეგობრებიც მენატრებიან. ხშირად უნდა ჩავიდე ბებიასთან და ბაბუასთან და ისინიც მოვინახულო... - არ აჩერებს ენას თაკო, თითქოს თოკოს სათქმელსაც ის ამბობს.
სკოლაში მისულმა თოკომ, პაკომ და თაკომ ახალი ამბავი გაიგეს: მათ წელს უკვე ახალი მასწავლებელი ეყოლებათ. ბავშვები ცოტა ნერვიულობენ, განიცდიან, არ იციან, როგორ შეეჩვევიან ახალ მასწავლებელს.
თოკოს, თაკოს და პაკოს ახალი მასწავლებელი ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდა. უხარიათ ბავშვებს, ცოტა ჰყავთ კაცი მასწავლებლები სკოლაში და ვინც ჰყავთ, ყველა ძალიან უყვართ. დარწმუნებულები არიან, კოტე მასწავლებელიც ძალიან შეუყვარდებათ. უკვე ისე ძალიან აღარ ნერვიულობენ. დარწმუნებულები არიან, რომ კოტე მასწავლებელთან ერთად სწავლა არ გაუჭირდებათ. დარწმუნებულები არიან, იმეგობრებენ კოტე მასწავლებელთან და ბევრ რამეს ისწავლიან ერთმანეთისგან და კოტე მასწავლებლისგან...
სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს კოტე მასწავლებელმა სთხოვა, დაეხატათ ნახატი. ნახატზე ბავშვებს უნდა გამოეხატათ ზაფხულში გატარებული დრო და თავიანთი განწყობა. ამას როგორ გააკეთებდნენ - ეს ბავშვების გადასაწყვეტი იყო:
-ბავშვებო, მე ვარ კოტე მასწავლებელი, ერთმანეთს ძალიან მალე ახლოს გავიცნობთ და საუკეთესო მეგობრები ვიქნებით. მე და თქვენ ერთად შევძლებთ, რომ ყველამ ვისწავლოთ და ყველა ერთად ვიქნებით წარმატებულები. დღეს, უპირველეს ყოვლისა, მინდა ზაფხულის შესახებ ვისაუბროთ, მსურს ცოტა განსხვავებულად აღვწეროთ ჩვენი ზაფხულის არდადეგები, არ მინდა, თითოეულმა მოჰყვეთ, თუ როგორ და სად გაატარეთ ზაფხულის არდადეგები, ამის შესახებ შეგიძლიათ ერთმანეთს ცალკე უამბოთ შესვენებაზე, გაკვეთილების მერე, სახლში, შაბათ-კვირას. ამჟამად მინდა, რომ დახატოთ პატარა ნახატი, ან დაწეროთ ლექსი, სიმღერა, ჩანახატი, რომელიც გამოხატავს თქვენს განწყობას ზაფხულთან და ზაფხულის არდადეგებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ერთი წინადადებაც მიაწეროთ ნახატს, ან ერთი სიტყვა; მთავარია, ნახატში კარგად ჩანდეს ინფორმაცია თქვენი საზაფხულო არდადეგების შესახებ და გამოჩნდეს თქვენი განწყობა. შემდეგ კი კლასის წინ, დერეფანში მოვაწყოთ თქვენი ნახატების გამოფენა. ნახატების გასაკრავად ცალ-ცალკე გახვალთ შესვენებაზე, ისე, რომ არავინ იცოდეს, ვისი რომელი ნახატია... - უთხრა კოტე მასწავლებელმა ბავშვებს.
ეს უკვე რაღაც განსხვავებული იყო, ადრე ყველა მოსწავლე უყვებოდა ბავშვებს საკუთარ არადადეგების შესახებ, ახლა კი ერთ პატარა ნახატში, ჩანახატსა თუ ლექსში უნდა გადმოეცათ ყველაფერი. ცოტა რთული დავალება იყო თითქოს, მაგრამ საინტერესოც... თოკომ, თაკომ, პაკომ და მათმა მეგობრებმა ბევრი იფიქრეს, სანამ დავალების შესრულებას დაიწყებდნენ...
ბავშვებმა ძალიან მოინდომეს. კლასში ბევრი საინტერესო ნახატი, ლექსი და ჩანახატი გაკეთდა. აქ ნახავდით სხვადასხვა ქალაქისა თუ ქვეყნის სიმბოლოებს, ღირსშესანიშნავ ადგილებს, ულამაზეს პეიზაჟებს, სხვადასხვა ატრაქციონს, ზღვის, მთის, ტბის, მდინარეების, ქალაქების, სოფლების სურათებს. უამრავი იყო ემოციის გამომხატველი სიმბოლოც, იყო საინტერესო ჩანახატებიც... რამდენიმე ბავშვმა ლექსიც კი დაწერა, ზოგი უფრო შორს წავიდა, ლექსებზე სანოტო ჩანაწერებიც გააკეთა. ძალიან, ძალიან მრავალფეროვანი ნაშრომები გააკეთეს ბავშვებმა. ყველამ ბევრი იმუშავა. თაკომ, თოკომ და პაკომაც დახატეს პატარა ნახატები. ნახატებიდან აშკარად ჩანდა: მოსწავლეებმა ძალიან ლამაზად გაატარეს ზაფხულის არდადეგები. ისინი ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები იყვნენ, დასვენებულები და მხიარულები!
ბავშვების ძალისხმევით ძალიან საინტერესო და ლამაზი გამოფენა გაკეთდა სკოლის დერეფანში, სკოლის ყველა მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი მოდიოდა გამოფენის სანახავად. ყველას მოეწონა კოტე მასწავლებლის იდეა. როგორც ვთქვით, ძალიან ბევრი საინტერესო ნამუშევარი გამოიფინა. აშკარა იყო, რომ მოსწავლეებს უამრავი თავგადასავალი გადახდათ თავს. მოსწავლეების უმრავლესობა კმაყოფილი იყო ზაფხულით და მათი უმეტესობა ძალიან ბედნიერი იყო... მაგრამ გამოფენაზე იყო ერთი მოსწავლის გამორჩეული ნაშრომი. მოსწავლემ ფურცელი ცარიელი დატოვა, ცარიელი ფურცელი გააკრა საგამოფენო კედელზე, რომელზეც პატარა წარწერა გაუკეთა: „არც არაფერი“...