ვიკას და ვაკოს ზღაპრები


კითხვის საღამოები გრძელდება. დღეს ვიკას და ვაკოს დღეა. ისინი ორ ზღაპარს წაუკითხავენ თოკოს და თაკოს. ამ ზღაპრებსაც განიხილავენ ბავშვებთან ერთად. თემა ისევ თუთიყუშის და კატის ამბებია.

ყოველ საღამოს ზღაპრებს ფეფო და ჩიკოც უსმენენ. ფეფო ბოლო ორი დღეა, მოწყენილია. თითქოს გრძნობს, რომ კატის შესახებ უსიამოვნო ზღაპრებს კითხულობენ. თოკო და თაკო არაფერს აგრძნობინებენ, მაგრამ ყველაფერს ხვდება ფეფო და ცოტა გულიც წყდება, მაგრამ არ იმჩნევს...

ვიკამ და ვაკომ გადაწყვიტეს, ორი ზღაპარი შეერჩიათ ბავშვებისთვის. ბევრი არჩიეს, ბევრი ეძებეს და საბოლოოდ ცალკე თუთიყუშზე და ცალკე კატაზე ორი საინტერესო ზღაპარი აღმოაჩინეს. ინდური ზღაპრები „ბრძენი თუთიყუში“ და „კრიშნას კატა“. ვაკომ ბრძენი თუთიყუშის ზღაპარი შეარჩია: ბევრი იფიქრა ამ ზღაპრის შერჩევისას. ეშინოდა ბავშვების რეაქციისა, ფიქრობდა, ცუდად არ გაიგონო, მაგრამ ჩათვალა, რომ კარგი იქნებოდა სამსჯელოდ და გასაანალიზებლად და ლამაზ საღამოს გაატარებდნენ. ამიტომ ბოლოს მაინც გადაწყვიტა, ეს ზღაპარი წაეკითხა თოკოსთვის და თაკოსთვის. ვიკა, თოკო და თაკო დიდი გულისყურით უსმენდნენ ვაკოს წაკითხულს...

 

ბრძენითუთიყუში

ერთ ვაჭარს ერთი თუთიყუში ჰყავდა. ერთხელ ვაჭარმა სავაჭროდ წასვლა გადაწყვიტა. გამგზავრებისას ოჯახის წევრები შეკრიბა და ყველას შეეკითხა:

-მე სავაჭროდ მივდივარ. მითხარით, ვის რა საჩუქარი ჩამოგიტანოთო? - საჩუქარზე უარი არავინ თქვა. ვაჭარი გამოემშვიდობა ოჯახს და, ის იყო, წასვლა დააპირა, რომ უცებ თუთიყუში გაახსენდა.

-შენ რაღა ჩამოგიტანოო? - ჰკითხა ვაჭარმა თუთიყუშს.

-მე შენი არაფერი მინდა, უბრალოდ, ერთი თხოვნა შემისრულეო, - უთხრა თუთიყუშმა; - იმ ქალაქში, სადაც სავაჭროდ მიდიხარ, ერთი მინდორია, მინდორზე ერთი ხე დგას, ზედ თუთიყუშები ბუდობენ. ნახე ის თუთიყუშები, ჩემი სალამი გადაეცი და თან უთხარი, ჩემი თუთიყუში გალიაშია გამომწყვდეული და შემოგითვალათ, თქვენ რომ თავისუფლად დაფრინავთ და გაჭირვებულებზე არ ფიქრობთ, ქვის გულები ხომ არ გაქვთ. მოფრინდით, ტყვეობიდან დაგვიხსენით, თორემ სული გალიებში ამოგვძვრება-თქო. აბა, ვნახოთ, რას გეტყვიან. თუ ამას შემისრულებ, დიდ სამსახურს გამიწევ.

-კარგი, ეგრე ვიზამო, - უთხრა ვაჭარმა და თუთიყუშის ნათქვამი დაიმახსოვრა.

ვაჭარი ჩავიდა ქალაქში, იყიდა საჩუქრები და გაეშურა იმ მინდვრისაკენ, სადაც თუთიყუშები სახლობდნენ. ხედავს, მინდორში უზარმაზარი ბებერი ხე დგას, ზედ თუთიყუშები შემომსხდარან.

-ჰეი, თუთიყუშებო! - შესძახა ვაჭარმა. - ჩემი თუთიყუში სალამს გითვლითო, - და სიტყვასიტყვით გაიმეორა, რაც თუთიყუშმა დააბარა. ჯერ სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ უცებ თუთიყუშები ხიდან უსულოდ ჩამოცვივდნენ.

ვაჭარი გაოცდა, იფიქრა, ალბათ ეს გარეული თუთიყუშები წინათ ჩემი თუთიყუშის მეგობრები იყვნენ და იმის ამბავი რომ გაიგეს, იმიტომ დაიხოცნენო.

ვაჭარმა უყურა დახოცილ თუთიყუშებს, უყურა. ბოლოს ქალაქში გაბრუნდა და გასამგზავრებლად მოემზადა.

შინ მშვიდობით დაბრუნდა, ყველას საჩუქრები ჩამოუტანა, ხოლო თუთიყუშს არაფერი უთხრა. არ უნდოდა, მეგობრების სიკვდილით დაედარდიანებინა.

თუთიყუში თვითონ შეეკითხა:

-ბატონო, გადაეცი თუ არა ჩემი სალამი, რატომ პასუხს არ მეუბნებიო?

-შენი სალამი გადავეცი, - მიუგო ვაჭარმა, - მაგრამ პასუხი არ მიმიღიაო.

თუთიყუში ძალიან დაღონდა.

- მაშინ ის მაინც მიამბე, მინდორზე რა ნახეო.

ვაჭარმა, მეტი რა გზა ჰქონდა, ყველაფერი უამბო.

- როგორც მითხარი, მივედი იმ მინდორზე. ვხედავ, ხეზე თუთიყუშები შემომსხდარან. როგორც კი შენი სალამი გადავეცი, მაშინვე მიწაზე უსულოდ დაცვივდნენო.

ეს თქვა თუ არა ვაჭარმა, თუთიყუში უსულოდ დაეცა ძირს.

შეწუხდა ვაჭარი. მეგობრების სიკვდილის ამბავი არ უნდა მეთქვაო, გაიფიქრა.

მერე გააღო გალია, თუთიყუშს ფეხებში მოჰკიდა ხელი და სარკმელში გაისროლა. ის კი შეფრთხიალდა და გაფრინდა.

ვაჭარი მიხვდა, გარეული თუთიყუშებიც ცოცხლები იყვნენ, მათ ასწავლეს თავიანთ მეგობარს, როგორ დაეღწია თავი ტყვეობისაგან...

ვაკოს ზღაპრის შემდეგ ბავშვები ცოტა ხანს გაჩუმდნენ. ბოლოს თოკომ იმარჯვა და დედას სთხოვა:

-დედა, ახლა შენი ზღაპარი წაგვიკითხე და მერე ვილაპარაკოთ, ახლა ჯერ არ მინდა ამაზე ლაპარაკი.

ვიკამაც შეუსრულა ბავშვებს თხოვნა და კრიშნას კატის ამბის წაკითხვა დაიწყო. კითხულობდა ვიკა კრიშნას კატის ამბავს, მაგრამ ატყობდა, ბავშვები არ უსმენდნენ. თოკო და თაკო ფიქრებში იყვნენ გართულნი და აშკარად ჩანდა, ვაკოს მიერ წაკითხული თუთიყუშის ამბავს დაეფიქრებინათ. მოულოდნელად ვიკამ შეწყვიტა კითხვა. ბავშვებს რეაქცია არ ჰქონიათ. არ უკითხავთ დედისთვის, რატომ აღარ კითხულობდა. ვერც კი შეამჩნიეს, რომ წიგნს აღარავინ კითხულობდა. თოკო და თაკო თავისთვის ფიქრს აგრძელებდნენ და ვიკას და ვაკოს ვერც კი ამჩნევდნენ...

თაკო და თოკო დიდხანს ისხდნენ დაფიქრებულები ხმაამოუღებლად. ბოლოს ისევ თაკომ გაბედა:

-ანუ, რისი თქმა გინდათ, ჩიკო გავუშვათ, არ უნდა გვყავდეს გალიაში?..

ვაკო მთელი ღამე ფიქრობდა, ფიქრობდა, ხომ არ შეეშალა წიგნის შერჩევა, ბავშვებთან ერთად უნდოდა წიგნის განხილვა. განხილვის მაგივრად კი...

თოკო და თაკო კი მთელი ღამე ჩიკოზე ფიქრობდნენ, თითქმის არ ეძინათ ბავშვებს. მეორე დღეს სკოლაშიც კი დააგვიანდათ, რადგან ახალი ჩაძინებულები იყვნენ, როცა უკვე სკოლაში წასვლის დრო მოვიდა.

სკოლაში თოკოს და თაკოს პაკო, სხვა მეგობრები და ახალი მასწავლებლები ელოდათ...