პაკო კვლავ პარიზშია
მეორე დღეც დასრულდა პარიზში. დღეს პაკომ მართლაც უამრავი რამ ნახა: ლუვრი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ტრიუმფალური თაღი, ვერსალი სასახლე, ელისეის მინდვრები. საღამოს ვახშამზე უნდა წავიდნენ ფრანგულ რესტორანში პაკო და მისი მშობლები. უამრავი შთაბეჭდილებებისა და ემოციებით დაღლილები კარგად ივახშმებენ და დაისვენებენ ელისეის მინდვრების ლამაზ რესტორანში.
- დედა, სანამ რესტორანში წავალთ, შეიძლება თოკოს და თაკოს იმეილს მივწერ. ძალიან მომეწონა დღევანდელი დღე პარიზში, მინდა მათაც მივწერო ეს ამბები, ვერ მოვისვენებ, რომ არავის გავუზიარო!
- კარგი შვილო, ნახევარი საათი კიდევ გვაქვს, მიწერე იმეილი მეგობრებს და გავიდეთ სავახშმოდ, - დაეთანხმა დედა პაკოს.
„თოკო და თაკო, გამარჯობათ, რას შვებით, როგორ ხართ, როგორ ისვენებთ? ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ და მეც თქვენთან ერთად დავისვენებ თქვენს ლამაზ სოფელში. მაგრამ, სანამ ჩამოვალ, აქაური ამბები მინდა გიამბოთ. ყველაფერი ისეთი ლამაზი და საინტერესოა, რომ არ მომეწერა, არ შემეძლო...
თავიდან ვიფიქრე, ცალკე თოკოს მივწერ და ცალკე - პაკოს-მეთქი, მაგრამ, პრინციპში, ერთი და იმავე რაღაცის მოწერას ვაპირებდი და ამიტომ ერთად მოწერა გადავწყვიტე. მოკლედ, ძალიან კარგ დროს ვატარებ, ძალიან მომეწონა პარიზი, ორი დღეა პარიზის ღირსშესანიშნაობებს ვათვალიერებ. დღეს ლუვრში ვიყავი, ტრიუმფალური თაღი და ვერსალის სასახლეც ვნახე. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარშიც ვიყავით და ახლა ელისეის მინდვრებზე მივდივართ სავახშმოდ. ცოტა დრო მაქვს და გადავწყვიტე, სწრაფად მომეწერა.
დღეს დილით პირველად ლუვრში წავედით, დილით ძალიან ადრე, 8 საათზე, უკვე ლუვრში ვიყავით. მსოფლიოში ცნობილი ლუვრის მუზეუმი პარიზშია. მუზეუმში დაახლოებით 35 ათასი ნახატი და ექსპოზიციაა, უძველესი დროიდან დაწყებული, თანამედროვე შედევრებით დამთავრებული.
ლუვრის სასახლეში, სადაც მუზეუმია განლაგებული, თავიდან ციხე-სიმაგრე იყო, ლუვრის სასახლე XII საუკუნეში ფილიპ II-ის დროს ააგეს. 1674 წელს ლუდოვიკო XIV-მ ვერსალის სასახლე აირჩია თავის რეზიდენციად. საფრანგეთის რევოლუციის დროს ლუვრი მუზეუმად გამოცხადდა და გამოიფინა საფრანგეთის ეროვნული შედევრები. მუზეუმი გაიხსნა 1793 წლის 10 აგვისტოს. სულ პირველად მხოლოდ 537 ტილო იყო გამოფენილი. ნაპოლეონის დროს კოლექცია მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ამ პერიოდში ლუვრს ნაპოლეონის მუზეუმი დაერქვა.
ლუვრში ამჟამად კოლექცია გაყოფილია რვა განყოფილებად: ძველი ეგვიპტე, ძველი ახლო აღმოსავლეთი, ძველი საბერძნეთი, ეტრუცია და რომი, ისლამური ხელოვნება, სკულპტურა, ფერწერა, ნახატები, გრავიურები. ყველა განყოფილება ძალიან საინტერესოა. ყველაფერი რომ კარგად დაათვალიერო, ძალიან დიდი დრო დაგჭირდება. ყველაფრის ნახვა ვერ მოვახერხე, მაგრამ რაც ვნახე, ძალიან ლამაზი და საინტერესო იყო.
ლუვრის შემდეგ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მოსანახულებლად წავედით. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ულამაზესია, ის პარიზის გულია. ეს ტაძარი ააშენეს პარიზის პირველი ქრისტიანული ტაძრის, წმიდა სტეფანეს ბაზილიკის ადგილას, რომელიც თავის დროზე აიგო იუპიტერის რომაული ტაძრის ადგილას. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სიმაღლე 35 მეტრია. ულამაზესი ფრესკები და კედლის მხატვრობაა ტაძარში, მართლა ულამაზესი, ასეთი არსად მინახავს! აღტაცებული დავრჩი. ტაძარში ტარდებოდა ხოლმე სხვადასხვა ცერემონია. აქ იწერდნენ ჯვარს საფრანგეთის მეფეები, აქ ტარდებოდა მეფედ კურთხევის ცერემონიაც, ეროვნული დაკრძალვები და ტრაგედიებიც ამ ტაძარში აღინიშნებოდა. კიდევ რაც გავიგე საინტერესო, საფრანგეთის პირველი პარლამენტი სწორედ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში შეიკრიბა ჯერ კიდევ 1302 წელს.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მერე ვერსალის სასახლე და ტრიუმფალური თაღიც მოვინახულე. მათ შესახებ და იქ მიღებულ შთაბეჭდილებებზე ხვალ აუცილებლად მოგწერთ, ახლა კი უნდა გავიქცე - დედა და მამა მელოდებიან. როგორც გითხარით, ელისეის მინდვრებზე მივდივართ სავახშმოდ... ელისეის მინდვრები - ეს არის მთავარი გამზირი პარიზში; ისევე, როგორც რუსთაველის გამზირი თბილისში, ელისეის მინდვრებიც პარიზის ერთ-ერთ მთავარი ღირშესანიშნაობაა და როგორც ფრანგები ამბობენ, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გამზირია. ამ გამზირს სავაჭრო პროსპექტსაც ეძახიან, რადგან უამრავი მაღაზიაა, მათ შორის ცნობილი დიზაინერების მაღაზიები. ელისეის მინდვრების სახელწოდება ბერძნულ სიტყვიდან `ელიზიუმ~ მოდის. ეს კუნძულის სახელია, სადაც, ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ცხოვრობდნენ გმირები. ამ კუნძულის გმირებმა უკვდავება დაიმსახურეს. მოკლედ, წავედი ახლა, სხვა ამბებს მერე მოგწერთ. წერილს თან ვურთავ რამდენიმე სურათს, რომელიც მე გადავიღე. იმედია, მოგეწონებათ...
ძალიან მომენატრეთ ორივე. ძალიან მალე გნახავთ“...
პაკომ გააგზავნა მეგობრებთან იმეილი და დედასთან და მამასთან ერთად ელისეის მინდვრებისკენ გაეშურა სავახშმოდ.