გულაბი მსხალი
თოკო და თაკო ზაფხულის პერიოდში თითქმის ყოველდღე მდინარეზე დადიოდნენ. გზად მდინარისკენ, იქვე, სახლთან ახლოს, ბავშვებმა ერთი გულაბის ხე შენიშნეს, რომელიც ძალიან მოეწონათ. გულაბის ხე გზის პირას იყო. შეიძლება ითქვას, რომ ის უპატრონო იყო, უფრო სწორი იქნებოდა _ გულაბი მთელი სოფლისა იყო, ვისაც გაეხარდებოდა, შეეძლო ჩაეტკბარუნებინა პირი მისი შეუდარებელი გემოთი.
გულაბი მსხლის ხე ძალიან მაღალი და ძველი იყო. ზაფხული ილეოდა და მსხალი ამ დროს ისხამდა მოსავალს. მსხლის ხე უკვე ვეღარ ისხამდა ბევრ მოსავალს. მხოლოდ ხის კენწეროში იყო ხოლმე რამდენიმე მსხალი. მსხლის სიმაღლისა და სიძველის გამო მასზე ვეღარავინ ავიდოდა მსხლის დასაკრეფად. ამიტომ დამწიფებული მსხალი ცვიოდა ცოტ-ცოტა და ნელ-ნელა.
თოკოს და თაკოს ძალიან უყვარდათ ეს გულაბი მსხალი. უამრავი მსხლის ხე ჰქონდათ ბებოს და ბაბუს, მაგრამ გულაბი განსაკუთრებით უყვარდათ პატარებს. ყოველ დილით ადგებოდნენ ბავშვები და მიირბენდნენ თავიანთი საყვარელი გულაბის ხესთან და მის ძირში ეძებდნენ ჩამოვარდნილ მსხალს. ხშირად ხელმოცარულები ბრუნდებოდნენ, რადგან გულაბს ცოტა მსხალი ესხა და ყოველთვის არ ვარდებოდა.
მიუხედავად ამისა, დღე არ გავიდოდა, ბავშვები გულაბთან არ მისულიყვნენ. მოათვალიერებდნენ მსხალს, თუ იპოვიდნენ, სადილისთვის წამოიღებდნენ და გემრიელად მიირთმევდნენ, თუ ვერ იპოვნიდნენ _ მაინც ძალიან სიამოვნებდათ მსხლის ძირას ყოფნა. მთელი დღის გატარება შეეძლოთ მსხალთან თოკოს და თაკოს.
მსხლის ქვეშ დასხდებოდნენ, ხან წიგნს კითხულობდნენ, ხან სხვადასხვა თამაშს თამაშობდნენ, ხან პატარა სუფრებსაც აწყობდნენ და მსხლის ძირას სადილობდნენ. თოკომ და თაკომ გულაბი მსხლის ეს სიყვარული სოფლის სხვა ბავშვებსაც გადასდეს. თოკოსთან და თაკოსთან ერთად უკვე უამრავი ბავშვი იკრიბებოდა გულაბი მსხლის ხესთან. გულაბი მსხლის ხე ბავშვების თავშეყრისა და გართობის ადგილი გახდა.
დილით მსხალთან მისვლას ვერავინ დაასწრებდა თოკოს და თაკოს. მსხლიდან ჩამოვარდნილი გულაბი აუცილებლად მათ უნდა დაესაკუთრებინათ. გულაბი მსხლის ხე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საყვარელი ადგილი იყო ბავშვებისთვის. სოფელში მსხლის ხეს უკვე თოკოს და თაკოს გულაბი შეარქვეს, ყველა ასე მოიხსენიებდა გულაბის ხეს.
გულაბის ხეც ხარობდა ბავშვების სტუმრობით. თითქოს გრძნობდა გულაბი: ბავშვების სტუმრობისას თითქოს ტოტებს უფრო გადაშლიდა, რომ ჩრდილი არ მოკლებოდა პატარებს. თითქოს სიო განზრახ ამოვარდებოდა და სასიამოვნო შრიალს იწყებდა გულაბის ხე. ალბათ, ფიქრობდა, სიგრილე და სასიამოვნო ჰაერი ჰქონოდათ მის ჩრდილში მყოფ ბავშვებს, რომ მზეს არ შეეწუხებინა და რაც შეიძლება დიდხანს გაჩერებულიყვნენ მსხლის ქვეშ. ბავშვებიც, თითქოს გრძნობდნენ გულაბის სიყვარულს და მთელი დღის იქ გატარება უნდოდათ. მშობლებს ან ბებია-ბაბუას რომ არ მოეკითხათ, არც გაახსენდებოდათ სახლი, საჭმელი ან სასმელი, დაღამებამდე გაჩერდებოდნენ გულაბი მსხლის ქვეშ.
ერთ დილასაც, როგორც ყოველთვის, ადრიანად გაიღვიძეს ბავშვებმა
-გულაბი მსხლის ჩამოვარდნის ხმა გავიგე, მე მგონი რამდენიმე მსხალი ჩამოვარდა, წავიდეთ ჩვენს მსხალთან, მოვძებნოთ, არავინ დაგვასწროს! - ლოგინიდან დგება, ტანსაცმელს იცვამს თოკო და გაუჩერებლად ელაპარაკება თაკოს.
თაკოს ოდნავ ეზარება ადგომა, მაგრამ გულაბის სიყვარულით მაინც დგება. ისიც იცვამს ტანსაცმელს და გულაბისკენ გარბიან ბავშვები. დღესაც ყველას უნდა დაასწრონ, გულაბი მსხლის ხე ხომ „თოკოს და თაკოს გულაბია“.
სულმოუთქმელად მიირბინეს თოკომ და თაკომ გულაბთან. ერთი სული ჰქონდათ პატარებს, როდის იპოვნიდნენ ხიდან ჩამოცვენილ მსხალ და მიიტანდნენ სახლში. ადგილზე მისულებს უეცრად ელდა ეცათ. გულაბი მსხლის ხე აღარ დახვდათ... თოკოს და თაკოს თავდაპირველად ეგონათ, გზა ხომ არ შეგვეშალაო, მაგრამ ზუსტად ის ადგილი იყო, ყველაფერი იგივე, მხოლოდ გულაბის ხე აღარ იყო...
პატარებმა გულაბი მსხლის ადგილზე მხოლოდ კუნძი და ხის ნაფოტები დაინახეს. ვიღაცას „თოკოს და თაკოს“ გულაბი“ მოეჭრა...
იმ დღის მერე აღარასოდეს მისულან სტუმრად იმ ადგილზე თოკო და თაკო, რადგან იმ ადგილის დანახვა ცუდ ხასიათზე აყენებდა პატარებს. მიუხედავად ამისა, ყოველ გაღვიძებაზე გულაბის მსხლის ხესთან წასვლა უნდოდათ, თუმცა გაახსენდებოდათ, რომ ხე აღარ იყო და აღარც ხიდან ჩამოვარდნილი გულაბის მოძებნა შეიძლებოდა. თოკო და თაკო დიდხანს ინახავდნენ მოჭრილ ხესთან ნაპოვნ ნაფოტებს. ნაფოტები პატარებს თავიანთ გულაბის ხეს ახსენებდა და მუდამ კარგ ხასიათზე აყენებდა.