პაკო პარიზში


 

ზაფხულში პაკოსაც არდადეგები დაეწყო. პაკოს ძალიან უნდა არდადეგებზე თოკოსთან და თაკოსთან სოფელში წასვლა. ყოველდღე მეგობრებთან გამგზავრების მოლოდინშია. . .

ერთ დღეს მამა გახარებული დაბრუნდა სახლში.

-პასპორტები და ვიზები მზად არის, თვითმფრინავის ბილეთებიც ავიღე, ასე რომ, მივდივართ ევროპაში სამოგზაუროდ!

-მართლა? რა სიურპრიზია, პაკო, საფრანგეთში და ესპანეთში წავალთ, რა ბედნიერებაა! - სიხარულს ვერ მალავს პაკოს დედა.

-ფეხბურთზე წავალთ ბარსელონაში? - კითხულობს მორიდებით პაკო.

-კი ფეხბურთზეც წავალთ, ბილეთები უკვე შევიძინე ბარსელონა-რეალის მატჩზე, პარიზში კი დისნეილენდშიც წაგიყვანთ! მოკლედ, ძალიან კარგ დროს გაატარებ! - აღტაცებას ვერ მალავს პაკოს მამა.

-და თოკოსთან და თაკოსთან რომ უნდა წავსულიყავი სოფელში?.. - მაინც წუწუნებს პაკო.

-თოკოსთან და თაკოსთანაც აუცილებლად გაგიშვებთ. ევროპიდან რომ დავბრუნდებით, სოფელში წახვალ! - ერთხმად პასუხობენ მშობლები.

პაკო თვითმფრინავით გაემგზავრა პარიზში. პარიზში სასტუმროში გაჩერდნენ.

-მამა, საფრანგეთში მაინცდამაინც პარიზში რატომ გავჩერდით, სხვა ქალაქში რატომ არ წავედით? - კითხულობს გულუბრყვილოდ პაკო.

-პაკო, პარიზი საფრანგეთის დედაქალაქია. პარიზს სიყვარულის ქალაქსაც ეძახიან. აქ უამრავი ტურისტი ჩამოდის ყოველ წელს, თუ არ ვცდები, 45 მილიონი ტურისტი, იმიტომ, რომ პარიზი ულამაზესი ქალაქია და იქ ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობაა. ყველა ამ ღირსშესანიშნაობის ნახვა საინტერესოა ტურისტებისთვის. ჩვენთვისაც საინტერესო იქნება ეიფელის კოშკის, ლუვრის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის, ტრიუმფალური თაღის და სხვა ღირსშესანიშნაობების დათვალიერება. ამიტომ გავჩერდით პარიზში და ვარჩიეთ პარიზი საფრანგეთის სხვა ქალაქებს.

-ძალიან მიხარია, ბევრ საინტერესოს, რომ ვნახავთ. და ეს რა მდინარეა, პარიზში რომ ჩამოედინება? - კითხულობს ცნობისმოყვარე პაკო.

-ეს მდინარე სენაა, ძალიან ცნობილი მდინარე.

-და პარიზი თბილისზე დიდი ქალაქია? - ისევ აგრძელებს პაკო.

-კი, პაკო, პარიზი უფრო დიდია, ვიდრე თბილისი, ხალხიც უფრო მეტი ცხოვრობს, ტურისტებიც მეტი ჩამოდიან. პარიზი ორი კუნძულისაგან შედგება: წმინდა ლუდოვიკოს კუნძული და დიდი კუნძული სიტე, - დეტა-ლურად უხსნის მამა შვილს.

რამდენ ხანს გავჩერდებით პარიზში?

-პარიზში ხუთი დღე გავჩერდებით. აქედან ორი დღე დისნეილენდში გავატარებთ, სამი დღე კი პარიზს დავათვალიერებთ. შემდეგ ესპანეთში გავემგზავრებით, ჯერ ბარსელონაში, მერე კი _ მადრიდში, - დაწვრილებით აცნობენ გეგმას მშობლები პაკოს.

დისნეილენდში წასვლამდე პარიზი უნდა დაათვა-ლიერონ, პირველ რიგში ეიფელის კოშკს ნახავენ _ საფრანგეთისა და პარიზის სიმბოლოს.

ეიფელის კოშკთან მისულებს ძალიან დიდი რიგი დახვდათ. თითქმის ორი საათი იდგნენ რიგში, რათა ეიფელის კოშკზე ასულიყვნენ. ეიფელის კოშკზე ასვლამდე, რიგში დგომისას, საინფორმაციო ფურცელი წაიკითხა პაკომ. საინფორმაციო ფურცელში ეწერა ეიფელის კოშკის აგების ისტორია და მისი მნიშვნელობა:

-ეიფელის კოშკი პარიზის ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ღირშესანიშნაობაა. კოშკს სახელი დაერქვა მისი არქიტექტორის, გუსტავ ეიფელის პატივსაცემად. თვითონ არქიტექტორმა კოშკს უბრალოდ „300-მეტრიანი კოშკი“ დაარქვა. ეიფელის კოშკი თავდაპირველად აშენდა, როგორც დროებითი ნაგებობა _ ის უნდა ყოფილიყო შესასვლელი არკა პარიზის მსოფლიო გამოფენაზე, 1889 წელს. გამოფენის შემდეგ ის უნდა დაენგრიათ. დანგრევისაგან (გამოფენიდან 20 წლის შემდეგ) ის იხსნა რადიოანტენებმა, რომლებიც ყველაზე მაღლა იყო დაყენებული და ყველაზე კარგად იღებდა რადიოს ტალღებს.

ეიფელის კოშკს მოგვიანებით ახალი ანტენა დააშენეს. მისი სიმაღლე ახალ ანტენასთან ერთად არის 324 მეტრი. 40 წლის განმავლობაში ეიფელის კოშკი იყო ყველაზე მაღალი ნაგებობა მსოფლიოში, თითქმის ორჯერ მაღალი იმ დროის მსოფლიოს სხვა ყველაზე მაღალ ნაგებობებზე - ხეოფსის პირამიდაზე (137 მ), კიოლნის ტაძარზე (161 მ). ეიფელის კოშკზე მაღალი ნაგებობა მხოლოდ 1930 წელს აიგო ნიუ-იორკში (`კრაისლერ ბილდინგი~)...

რიგში დგომით ძალიან დაიღალა პაკო. მიუხედავად ამისა, რიგშიც კი არ მოუწყენია. რიგში უამრავი ადამიანი იდგა, ყველა უცხოელი იყო: ამერიკელები, გერმანელები, ინგლისელები, ჩინელები, ინდოელები, იაპონელები, ავტრალიელები, კანადელები, ბრაზილიელები, ალჟირელები, ეგვიპტელები, რუსები, უკრაინელები და მრავალი სხვა. რა ენაზე აღარ ლაპარაკობდნენ რიგში მდგომი ადამიანები! პაკოს მარტო რუსული და ინგლისური ლაპარაკი ესმოდა.

პაკო და მისი მშობლები ეიფელის კოშკის უმაღლეს წერტილამდე ავიდნენ. ზემოდან გადმოხედეს პარიზს. ხელისგულივით მოჩანდა პარიზი ეიფელიდან...

- მართლა, რა ძალიან ლამაზი ყოფილა პარიზი, ბედნიერი ვარ, აქ რომ მოვხვდი! - ფიქრობდა თავისთვის პატარა პაკო...