გზად ვაშინგტონში
ვიკა და ვაკო შეეჩვივნენ ამერიკაში ცხოვრებას. თუმცა ძალიან მოენატრათ საქართველო. განსაკუთრებით თოკოსთან და თაკოსთან განშორება უჭირთ მშობლებს. ამიტომ ვიკამ და ვაკომ გადაწყვიტეს, ექვსი თვით უკან დაბრუნდნენ საქართველოში. ექვსი თვის შემდეგ კი თოკოსთან და თაკოსთან ერთად წამოვიდნენ და მთელმა ოჯახმა იცხოვროს რამდენიმე წლით ამერიკაში. ვაკოს 3 წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს ბროდვეი შოუში, ასე რომ, 3 წელს ამერიკაში გაატარებს მთელი ოჯახი. მანამდე კი საქართველოში ჩამოვლენ და აქ იქნებიან.
ვიკამ და ვაკომ გადაწყვიტეს ვაშინგტონიდან გამოფრენილიყვნენ საქართველოში. ამიტომ რამდენიმე დღით ნიუ-იორკიდან ვაშინგტონში გადავიდნენ და მშვიდ და წყნარ ვაშინგტონში გაჩერდნენ.
ვაშინგტონი ამერიკის დედაქალაქია და ყოველთვის აინტერესებდათ ვიკას და ვაკოს რატომ იყო ვაშინგტონი ამერიკის დედაქალაქი? რატომ არ იყო, მაგალითად, ნიუ-იორკი ან სხვა დიდი ამერიკული ქალაქი. ვაშინგტონი ხომ ერთი სხვა ქალაქებთან შედარებით მშვიდი და პატარა ქალაქია.
ვაშინგტონის დედაქალაქად შექმნის შესახებ ვიკამ და ვაკომ ვაშინგტონში, მუზეუმში ვიზიტისას საინტერესო ისტორია მოისმინეს:
„ამერიკული რევოლუციის შემდეგ შეერთებულ შტატებში დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რომელი ქალაქი უნდა გამხდარიყო ქვეყნის დედაქალაქი. რამდენიმე ქალაქსა და ქვეყნის ნაწილს უნდოდა, გამხდარიყო დედაქალაქი. ამერიკის დედაქალაქი იმ პერიოდში ფილადელფია ყოფილა. ერთი წლის განმავლობაში ამერიკის დედაქალაქი ნიუ-იორკიც გამხდარა. მოკლედ, ფილადელფიასაც და ნიუ-იორკსაც დედაქალაქობა სურდათ. თუმცა გადაწყდა, რომ აშენებულიყო ახალი ქალაქი, 1790 წელს კონგრესმა გადაწყვიტა აშენებულიყო ახალი ქალაქი მდინარე პოტომაკის ნაპირზე, ამ ტერიტორიას ეწოდა კოლუმბიის ოლქი, ქრისტეფორე კოლუმბის საპატივცემულოდ, ხოლო თვითონ ქალაქს დაარქვეს ვაშინგტონი _ ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტის _ ჯორჯ ვაშინგტონის პატივსაცემად. 1791 წელს სწორედ ჯორჯ ვაშინგტონმა შეარჩია ადგილი ქალაქისათვის. სწორედ ამ ადგილას აშენდა ქალაქი ვაშინგტონი. ამბობენ, ამ ადგილას მდინარე პოტომაკი ყველაზე ღრმაა და, შესაბამისად, მოხერხებულია ნაოსნობისთვის. ნაოსნობისთვის მოხერხებულობა გახდა სწორედ ამ ადგილის შერჩევის ერთ-ერთი საფუძველიც.
ადგილის შერჩევის შემდეგ პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა მოიწვია ცნობილი ფრანგი ინჟინერი და არქიტექტორი, პიერ შარლ ლენფანი, რათა მას დაეგეგმა და აეშენებინა ახალი ქალაქი.
ქალაქის გეგმა პარიზის მსგავსი უნდა ყოფილიყო. იგი ითვალისწინებდა ფართო პროსპექტების გაკეთებას, გამწვანებას, სამთავრობო შენობების აშენებას, ცნობილი ადამიანების მონუმენტების დადგმას და ა. შ.
1800 წელს უკვე დასრულდა ამერიკის პრეზიდენტის სასახლის მშენებლობა. პრეზიდენტის სასახლეს თეთრი სახლი უწოდეს. ამ დროისთვის ააშენეს კაპიტოლიუმი. კაპიტოლიუმი ის შენობაა, სადაც ამერიკის კონგრესი, ანუ პარლამენტი მუშაობს. კაპიტოლიუმი ყველაზე მაღალი შენობაა ვაშინგტონში. კაპიტოლიუმზე მაღალი შენობის აშენება ამ ქალაქში იკრძალება.
სწორედ ამიტომაც არ ჰგავს ვაშინგტონი სხვა ამერიკულ ქალაქებს. სწორედ ამიტომ არ გვხვდება ვაშინგტონში ცათამბჯენები ჩიკაგოს, ნიუ-იორკის და სხვა დიდი ამერიკული ქალაქების მსგავსად. 1800 წელს პრეზიდენტი ჯონ ადამსი, მთავრობა და პარლამენტი ვაშინგტონში გადავიდნენ და იქ გააგრძელეს საქმიანობა.
ვაშინგტონის დაარსების შესახებ ისტორიის მოსმენის შემდეგ ვიკას და ვაკოს სურვილი გაუჩნდათ, დაათვალიერონ ვაშინგტონი. მათ 3 დღე აქვთ საქართველოში დაბრუნებამდე. 3 დღე კი, ალბათ, საკმარისი იქნება ვაშინგტონის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად:
-ვიკა, დღეს მდინარე პოტომაკზე გავიდეთ ნავით, ნაოსნობისთვის კარგი ადგილი ყოფილა, მერე ვივახშმოთ მდინარის პირას, ხვალიდან კი დავიწყოთ ვაშინგტონის დათვალიერება, - გააცნო საკუთარი გეგმები ვაკომ მეუღლეს
-აუცილებლად, ვაკო, მე მგონი 3 დღე გვეყოფა ყველაფრის სანახავად, თან მაღაზიებში გავლაც მინდა, ბავშვებს ტანსაცმელი უნდა ვუყიდო, სუვენირებიც საყიდელი გვაქვს ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის...
-საყიდლები და მაღაზიები არასდროს გავიწყდება! - ეხუმრა ვაკო ვიკას,
-ნუ დარდობ, მაღაზიებში გავლასაც მოვასწრებთ
- ხვალ მოვინახულოთ თეთრი სახლი, კაპიტოლიუმი, სახელმწიფო დეპარტამენტი, პენტაგონი, ლინკოლნის მემორიალი, ჯეფერსონის მემორიალი, ვაშინგტონის სვეტი, მარტინ ლუთერ კინგის ახალი მემორიალი და სხვა.
-მარტინ ლუთერ კინგის მემორიალიც არის ვაშინგტონში? არც კი ვიცოდი! - გაიკვირვა ვიკამ.
-კი არის, შარშან გახსნეს, ძალიან ლამაზი და საინტერესო მემორიალია, ახალია და უამრავი ტურისტი ნახულობს, ჯერ ყველა ვაშინგტონელსაც კი არ უნახავს, იმდენად ახალია... ამერიკელები დაკავებულები არიან და ჯერ ვერ ახერხებენ მის ნახვას, ჩვენ კი ნანახი გვექნება! - სიამაყითა და ხუმრობით აგრძელებდა საუბარს ვაკო.
-ძალიან კარგი, ყველაფერი დავგეგმეთ, თუმცა ერთი რამე გამოგვრჩა. თოკოს და თაკოსთან დარეკვა, ერთი სული მაქვს, ბავშვებს როდის ვნახავ, სასტუმროში რომ მივალთ, აუცილებლად დავურეკოთ და ვუამბოთ ჩვენი შთაბეჭდილებები ვაშინგტონის შესახებ. როცა მთელი ოჯახი წამოვალთ, თოკო და თაკოც წამოვიყვანოთ ვაშინგტონში, დარწმუნებული ვარ, ძალიან მოეწონებათ.
-კი, აუცილებლად წამოვიყვანოთ და კიდევ უამრავი ადგილი გვექნება სანახავი: ამერიკაში ხომ 51 შტატია და თითოეული _ ძალიან საინტერესო...