ვიკა და ვაკო თეთრ სახლში
ვიკამ და ვაკომ სამ დღეში მართლაც მთელი ვაშინგტონი დაათვალიერეს. ვიკამ მაღაზიებში გავლა და ტანსაცმლისა და სუვენირების შეძენაც მოახერხა. ძალიან კმაყოფილები იყვნენ ვიკა და ვაკო თავიანთი მოგზაურობით და უნდოდათ საკუთარი ემოციები ყველასთვის გაეზიარებინათ.
-ვიკა, ბავშვებს არ დავურეკოთ? - ყოველ წუთში ეკითხება ვაკო ვიკას.
-ხომ ველაპარაკეთ ერთი საათის წინ, კიდევ დავურეკოთ?
-კი, კი, აუცილებლად დავურეკოთ, თეთრ სახლთან დაკავშირებული საინტერესო ამბები არ მოგვიყოლია, ძალიან დააინტერესებთ და მოეწონებათ თოკოს და თაკოს, ამიტომ დავურეკავ და მოვუყვები მაგ ამბებს! - ვერ ჩერდება ვაკო, რომელსაც ძალიან მოენატრა თავისი პატარები.
-კარგი, დაურეკე, თეთრი სახლის ბავშვების, უცნაური ცხოველებისა და მოჩვენებების ამბები უამბე...
-კი, აუცილებლად, ვრეკავ უკვე! - ბავშვივით გახარებულია ვაკო.
-თოკო, როგორ ხართ? მამა ვარ, რას შვრებით, თაკო სად არის?
-კარგად ვართ, მამი, თაკოც აქ არის, მეორე ტელეფონს აიღებს და ისიც დაგელაპარაკებათ... თქვენ რას შვრებით, რა ხდება საინტერესო ვაშინგტონში, ხომ მალე ჩამოხვალთ?
-კი, თოკო, კი, ხვალ უკვე მოვფრინავთ, თქვენ აეროპორტში უნდა დაგვხვდეთ, თვითმფრინავი 12 საათს იფრენს, ზეგ უკვე საქართველოში ვიქნებით!
-ძალიან მიხარია, უკვე ძალიან მალე გნახავთ, მითხარი, აბა, ახალი ამბები გექნებათ, მეც მოგიყვებით ჩემი და თაკოს თავგადასავლებს!
-მამი, მეც ხაზზე ვარ! - ლაპარაკში ჩაერთო თაკო.
-კი მამი, ძალიან ბევრი საინტერესო ამბები მაქვს თქვენთვის, ხომ გითხარით გუშინაც თეთრ სახლში რომ ვიყავით, თეთრ სახლზე ძალიან ბევრი საინტერესო და უცნაური ამბები გავიგეთ, როგორც გითხარით თეთრ სახლში პრეზიდენტების ოჯახები ცხოვრობენ. სხვადასხვა დროს ამერიკის სხვადასხვა პრეზიდენტის შვილები ცხოვრობდნენ, რომლებიც სხვადასხვა საინტერესო ხასიათით თუ ქცევით გამოირჩეოდნენ. ასე, მაგალითად, ბევრი ბავშვი ცხოვრობდა თეთრ სახლში. ემი კარტერი ცხოვრობდა თეთრ სახლში, მისი მამა, ჯიმი პრეზიდენტი იყო. მას ჰქონდა სათამაშო ხის სახლი და სულ იმ ხის სახლში იჯდა და თამაშობდა...
ჩელსი კლინტონიც მამა, ბილი, პრეზიდენტი იყო. ჩელსი მამასთან ერთად უყურებდა ხოლმე ფეხბურთს.
ჯონ კენედი უმცროსიც თეთრ სახლში ცხოვრობდა, მისი მამა, ჯონიც, პრეზიდენტი იყო. პატარა ჯონს უყვარდა დაიკოსთან ფეხბურთის თამაში.
ტედ ლინკოლნიც თეთრ სახლში ცხოვრობდა, მისი მამა, აბრაამიც, პრეზიდენტი იყო. ტედი ხშირად ჯარისკაცის ფორმაში გამოეწყობოდა ხოლმე.
ახლა თეთრ სახლში საშა და მარია ობამები ცხოვრობენ. ისინი ბარაკ ობამას შვილები არიან. ისინი ძალიან საინტერესოდ ერთობიან და ბევრი სათამაშო აქვთ თეთრ სახლში.
მოკლედ, თეთრ სახლში მცხოვრები ბავშვები ისევე ერთობიან და თამაშობენ, როგორც ყველა ბავშვი. ჩვეულებრივად დადიან სკოლაში, სხვადასხვა სპორტის სახეობაზე, წრეებზე, ვერც კი მიხვდები, რომ ამერიკის პრეზიდენტის შვილები არიან...
-რა საინტერესოა! - ლაპარაკში ჩაერთო ისევ თაკო, - კიდევ რა საინტერესო ამბები გაიგე თეთრ სახლზე?
-კიდევ რა გავიგე და _ თეთრ სახლში, ბავშვების გარდა, ცხოველებიც ჰყავთ, თანაც, არა მარტო შინაური ცხოველები. თეთრი სახლის ცხოველების შესახებ ბევრი საინტერესო ამბავი გვიამბო გიდმა თეთრ სახლში სტუმრობისას. პრეზიდენტების უმეტესობას ჰყავდა ცხოველები. მათ ჰყავდათ ძაღლები, კატები, ჩიტები და ცხენები. თუმცა, საინტერესო რაც არის, მაგალითად, პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის დროს ცხვრებიც ცხოვრობდნენ თეთრ სახლში და თეთრი სახლის ეზოში „ბალახს კრეჭდნენ“.
პრეზიდენტი კელვინ კულიჯს ენოტი ჰყავდა და ყოველდღე ასეირნებდა მას თეთრი სახლის ეზოში.
პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის ქალიშვილს საყვარელი გველი ჰყავდა სახლში და ყოველ დღე დიდი სიამოვნებით უვლიდა და აქცევდა ყურადღებას.
მფრინავი ციყვიც ცხოვრობდა თეთრ სახლში. პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი მას აძლევდა უფლებას ტანზე აბობღებოდა.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ თურმე თეთრ სახლში ცხოვრობდნენ დათვები. პრეზიდენტი თომას ჯეფერსონი მათ ბაღში ასეირნებდა.
პრეზიდენტ ჯონ ადამსის დროს, თეთრ სახლის ბინადარი ნიანგიც ყოფილა, რომელიც აბაზანაში ცხოვრობდა.
-ვაიმე, რა საინტერესოა, ამას ვერც წარმოვიდგენდი, თუ ეს ცხოველები ამერიკის პრეზიდენტის სასახლეში, თეთრ სახლში იცხოვრებდნენ, - ჩაერთო საუბარში თოკო.
-კი ცხოვრობდნენ, თუმცა ამერიკის პრეზიდენტებს ბევრი ისეთი ცხოველიც ჰყოლიათ, რომლებიც თეთრ სახლში ვერ აცხოვრეს და ისინი ზოოპარკში გადაიყვანეს. მაგალითად, სპილოები, ლომები, ვეფხვი და ჰიპოპოტამი პრეზიდენტებს აჩუქეს. ამ ცხოველებს თეთრ სახლში ვერ გააჩერებდნენ, ამიტომ ისინი ზოოპარკში ცხოვრობდნენ, მაგრამ პრეზიდენტებმა იცოდნენ, რომ ისინი მათი საჩუქარი იყო.
-ძალიან საინტერესოა... დედა რას აკეთებს, არ დაგვალაპარაკებ?
-დედა ემზადება, სტუმრად მივდივართ, ჩემი კოლეგის ოჯახში დაგვპატიჟეს. იქიდან რომ მოვალთ, დედა დაგირეკავთ და თეთრ სახლში არსებულ მოჩვენებებზე მოგიყვებათ საინტერესო ამბებს. კარგით, ბავშვებო, ახლა უნდა წავიდე, ცოტა ხნით დაგემშვიდობებით და მალე დაგირეკავთ.
-კარგი, მამი, დროებით, ერთი სული გვაქვს, როდის გნახავთ, მალე ჩამოდით, გელოდებით...