ოჯახი ისევ ერთადაა


ვიკას და ვაკოს დაბრუნების შემდეგ, ოჯახი ისევ ერთადაა. ისევ ჩვეული ცხოვრებით ცხოვრობენ. ბავშვები ყოველ დილით სკოლაში მიდიან, მშობლები კი -სამსახურში. ფეფო და ჩიკოც დაუბრუნდა ოჯახს. საღამოობით ოჯახში ტრადიციად დამკვიდრდა კითხვის საღამოს მოწყობა. კითხვის საღამოები განსხვავებულია. ზოგჯერ მშობლები უკითხავენ ბავშვებს წიგნებს, ზოგჯერ ოჯახის ყველა წევრი თავისთვის კითხულობს წიგნს, ზოგჯერ ბავშვები უკითხავენ მშობლებს საინტერესო ამბებს.

კითხვის საღამოს ოჯახში ფეფო და ჩიკოც ესწრებიან. იმ საღამოს, როცა ოჯახის ყველა წევრი თავისთვის კითხულობს, მოიწყენენ ხოლმე ფეფო და ჩიკო. თუმცა, ამასაც მიეჩვივნენ. ამ დროს ერთმანეთთან თამაშობენ, უფრო სწორი იქნება, ერთმანეთს აწვალებენ... თქვენ წარმოიდგინეთ, ჩიკო უფრო აწვალებს ფეფოს, ვიდრე პირიქით...

დღეს თოკოს დღეა. დღეს საღამოს თოკომ რაიმე საინტერესო უნდა წაუკითხოს ოჯახის წევრებს. გადაწყვიტა, რაიმე საინტერესო ამბავი თუთიყუშისა და კატის შესახებ მოეძებნა. სკოლის შემდეგ თოკო ბიბლიოთეკაში წავიდა, სადაც თუთიყუშისა და კატის ისტორიები მრავლად აღმოაჩინა. ერთ-ერთი საინტერესო ამბავი ინდური ფოლკლორიდან მან ოჯახის წევრებსაც წაუკითხა:

 

კატადათუთიყუში

ერთხელ კატამ და თუთიყუშმა გადაწყვიტეს, ერთად დაემუშავებინათ მიწის ნაკვეთი.

კატამ უთხრა თუთიყუშს: წამოდი, მეგობარო, ერთად წავიდეთ მინდორში.

თუთიყუშმა უარი უთხრა: „ახლა არ შემიძლია, რადგან ჩემი მანგოს ხე უნდა მოვრწყა“. კატა მარტო წავიდა მიწის ნაკვეთის მოსახნავად.

როცა ნაკვეთი მოხნა, მივიდა თუთიყუშთან და უთხრა: „წამოდი, მეგობარო, ერთად დავთესოთ ხორბალიო“. თუთიყუშმა კვლავ უარი უთხრა.

კატა მარტო წავიდა და დათესა ხორბალი. როცა დათესილი ხორბალი გაიზარდა და მოსავლის აღების დრო მოვიდა, კატა კვლავ მივიდა თუთიყუშთან და სთხოვა დახმარება მოსავლის აღებაში. თუთიყუშმა კვლავ უარი უთხრა კატას.

კატა ისევ მარტო წავიდა. აიღო მოსავალი და შეინახა ბეღელში. ხორბლის მარცვალი უკვე მზად იყო გასალეწად. თუთიყუშმა კატას მოსავლის გალეწვასა და განიავებაზეც უარი უთხრა. მარტო გალეწა, გაანიავა და დაფქვა ხორბალი კატამ...

შემდეგ კიდევ ერთხელ მივიდა თუთიყუშთან და სთხოვა: „წამოდი, მეგობარო, მოსავალი უკვე მზადაა და გავიყოთ“.

„რა თქმა უნდა!“ - უთხრა თუთიყუშმა და გაჰყვა კატას...

ცოტა ხნის შემდეგ კატამ და თუთიყუშმა გადაწყვიტეს, ერთმანეთთან რიგრიგობით მისულიყვნენ სტუმრად. პირველად კატამ მიიწვია თუთიყუში.

გაბრაზებულმა კატამ სადილად თითქმის არაფერი დაახვედრა თუთიყუშს, რომელიც მშიერი დარჩა. როდესაც თუთიყუშის მასპინძლობის დრო მოვიდა, თუთიყუშმა გემრიელი სადილი მოამზადა: შემწვარი ხორცი, ჩაი, მთელი კალათა ხილი და უამრავი ნამცხვარი.

კატამ მიირთვა ხორცი, დალია ჩაი, ხილი და ნამცხვრებიც დააყოლა. ამის შემდეგ მიმოიხედა ირგვლივ და თქვა:

„მადა მხოლოდ ახლა გამეხსნა, კიდევ გაქვს რამე საჭმელი?“

თუთიყუში გაბრაზდა და უთხრა: „მე ვეღარაფერს ვხედავ ჩემ გარდა. გინდა რომ შემჭამო?“

კატა უცებ ახტა, დაახტა თუთიყუშს და ერთ წამში შეჭამა!

შემდეგ კატა ქუჩას თავდაღმა დაუყვა. წინ მოხუცი ქალი შეხვდა, რომელმაც თავისი თვალით დაინახა, როგორ შეჭამა მან თავისი მეგობარი თუთიყუში... „საშინელებაა შენი მხრიდან, რომ საკუთარი მეგობარი, თუთიყუში შეჭამე!“ - უთხრა ქალმა კატას.

„თუთიყუში?“ - თქვა კატამ, „ჩემთვის თუთიყუში არაფერია, დიდი სურვილი მაქვს, რომ შენც შეგჭამო!“ და კატა ახტა, გადახტა და მოხუცი ქალი გადაყლაპა.

კატამ გზა გააგრძელა, უცებ კაცი შემოხვდა, რომელიც სახედარზე იჯდა და სწრაფად მოდიოდა. კატა რომ დაინახა კაცმა დაუძახა, გაიწიე, თორემ სახედარი გადაგივლისო.

„სახედარი? როგორ მეშინია სახედრის?! მე უკვე შევჭამე უამრავი ნამცხვარი, ჩემი მეგობარი თუთიყუში და ერთი მოხუცი ქალი და რა არის ჩემთვის ერთი საცოდავი კაცისა და სახედრის შეჭმა?“ - თქვა კატამ, ახტა, გადახტა და კაციც და სახედარიც, ორივე გადაყლაპა. შემდეგ კი მხიარულად გააგრძელა გზა.

ცოტა ხნის შემდეგ მას შეხვდა მეფე თავის ახლადდაქორწინებულ მეუღლესთან ერთად. მეფე-დედოფალს უკან მოჰყვებოდნენ მხლებლები და უამრავი დაწყვილებული სპილო.

„უფ, უფ, მე უკვე შევჭამე უამრავი ნამცხვარი, თუთიყუში, მოხუცი ქალი და კაცი თავისი სახედრით. რა არის ჩემთვის ერთი მეფის შეჭმა?“... ახტა, გადახტა და მეფე-დედოფალი თავის მხლებლებთან ერთად გადაყლაპა. მათ სპილოებიც მიაყოლა.

კატამ შემდეგ ისევ გააგრძელა გზა. ცოტა ხნის შემდეგ წინ შემოხვდა ორი კიბორჩხალა. „გადადი ჩვენი გზიდან“ - დაიწრიპინეს კიბორჩხალებმა.

„ოჰ, ოჰ!“ - დაიღრიალა კატამ. „მე უკვე შევჭამე ნამცხვარი, თუთიყუში, მოხუცი ქალი და კაცი თავის სახედრით. შევჭამე მეფე და დედოფალი, მათი ყველა მხლებლითა და სპილოებით. და ახლა მე თქვენც შეგჭამთ!“

კატა ახტა, გადახტა და ორივე კიბორჩხალა გადაყლაპა.

როცა კიბორჩხალები მის მუცელში მოხვდნენ, ირგვლივ მიმოიხედეს. იქ ძალიან ბნელოდა,

„მოდი, ვიმუშაოთ!“ - თქვეს კიბორჩხალებმა და დაიწყეს პატარა ხვრელის გაკეთება. ბრჭყალებით მოახერხეს ხვრელის გაკეთება და კატის მუცლიდან გარეთ გამოვიდნენ. მათ მეფე და დედოფალიც მიჰყვა, მხლებლებითა და სპილოებით. გარეთ გამოვიდა მოხუცი კაციც თავისი სახედრით. მას გამოჰყვა მოხუცი ქალი და ბოლოს, გამოძვრა თუთიყუში. საწყალმა კატამ კი მთელი დღე მოანდომა თავის მუცელზე ამ დიდი ხვრელის ამოკერვას!“

თოკომ დაამთავრა ზღაპრის კითხვა...

-არ მომეწონა შენი ზღაპარი. ფეფო ჩიკოს არასოდეს არაფერს დაუშავებს. ჩიკოც ყოველთვის დაეხმარება ფეფოს! - ატიტინდა თაკო.

-თაკო, ვიცი, რომ ფეფო ჩიკოს არაფერს დაუშავებს, ისიც ვიცი, რომ ჩიკო ყველა საქმეში დაეხმარება ფეფოს. ეს ზღაპარი მაგისთვის არ შემირჩევია. ამ ზღაპრის წაკითხვის მერე ბევრ რამეზე ვიფიქრე. მეგობრობაზე, ერთგულებაზე, სიხარბეზე,გაუტანლობაზე, ერთიანობაზე, სამაგიეროს გადახდაზე, სიკეთეზე, ბოროტებაზე და ა.შ.. მინდოდა, ამაზე ყველას ერთად გვემსჯელა. ამიტომ წაგიკითხეთ ეს ზღაპარი! - თავს იმართლებდა თოკო...

ის საღამო კამათში გაატარეს. ფეფო და ჩიკო გაკვირვებულები უცქერდნენ თავიანთ პატრონებს და ვერ გაეგოთ, რაზე კამათობდნენ ასე ცხარედ...