თაკომ ბლინები გამოაცხო

თაკოს ძალიან უყვარს სამზარეულოში ტრიალი. დღესაც ბლინების გამოცხობა გადაწყვიტა. ბლინების დასაგემოვნებლად თოკო და პაკო დაპატიჟა

სკოლის შემდეგ მეგობრები თაკოსთან წავიდნენ.

`ბიჭებო, ცოტა ხანი დამაცადეთ, ბლინების გაკეთებას დრო სჭირდება, მანამდე ჭადრაკი ითამაშეთ!~ - დიდი ქალივით ესაუბრება თაკო ბიჭებს.

თოკომ და პაკომ მართლაც ითამაშეს ჭადრაკი. თაკო კი სამზარეულოში საქმიანობდა. მთელ სახლში გემრიელი ბლინების სურნელი დატრიალდა. ბიჭებს ერთი სული ჰქონდათ, როდის მიიწვევდა თაკო ბლინების დასაგემოვნებლად.

-თაკო, მალე იქნება ბლინები? ვეღარ ვითმენთ, ისეთი სურნელია! - არ ისვენებს თოკო.

-ცოტაც მოითმინეთ, უნდა გაგრილდეს და მერე მივირთვათ. სანამ გაგრილდება, ეზოში გავიდეთ და მე თვითონ დაგიძახებთ, როცა დრო იქნება! - თაკო ისევ მკაცრი დიასახლისის როლშია.

ბიჭები დაემორჩილნენ თაკოს თხოვნას, ეზოში გავიდნენ ცოტა ხანს, მაგრამ ძალიან უჭირთ, ვეღარ ითმენენ. M

თაკომ გამომცხვარი ბლინები გასაგრილებლად მაცივრის თავზე შემოდო და თვითონაც ეზოში ჩავიდა.

`არაჟანს ვიყიდი, ბლინებს უხდება და დავბრუნდები!~ - ეუბნება თაკო ბიჭებს და მაღაზიისკენ აგრძელებს გზას.

უკან დაბრუნებული თაკო ბიჭებთან ერთად ადის სახლში.

`კარგით, დასხედით და მოგართმევთ ბლინებს, უკვე გაგრილებული და გემრიელი იქნება~...

ბიჭები მოუთმენლად ელიან თაკოს ბლინების დაგემოვნებას. მოულოდნელად, თაკო ატირებული შემოდის ოთახში.

`ეს რა ქენით? არა გრცხვენიათ? უჩემოდ რატომ შეჭამეთ ბლინები?! არაფრის ღირსები აღარ ხართ, მე სულ სხვანაირად მქონდა ჩაფიქრებული, სიურპრიზების გაკეთება მინდოდა!~ - წუწუნებს თაკო და აგრძელებს ბიჭების დატუქსვას.

გაკვირვებული პაკო და თოკო ერთმანეთს უყურებენ. ვერაფერს მიმხვდარან, რა მოხდა, ვერ გაუგიათ, რატომ ტუქსავს თაკო.

-თაკო, რა მოხდა აგვიხსენი! - გაბედა ხმის ამოღება პაკომ.

-ვითომ არ იცით, რა მოხდა! სანამ მაღაზიაში ვიყავი, მიგირთმევიათ უჩემოდ ბლინები, ახლა მეკითხებით, რა მოხდა?

-ჩვენ არაფერი შეგვიჭამია! - ხმა ამოიღო თოკომაც.

-აბა ვინ შეჭამა? თეფში ცარიელი დამხვდა? არც კი გრცხვენიათ...

თოკო, თაკო და პაკო საქმის გარჩევაში იყვნენ, როცა ოთახში ფეფო შემოვიდა. ფეფო გემრიელად ტუჩებს ილოკავდა, კმაყოფილი წამოწვა ბავშვების ფეხებთან და გემრიელად გაიზმორა...