მხიარული სტარტები

იცით, მხიარული სტარტები რა არის? ალბათ, ყველამ იცით, ყველას მიგიღიათ მონაწილეობა მხიარულ სტარტებში. თოკოს, თაკოს და პაკოსაც დღეს განსაკუთრებული დღე აქვთ. დღეს მხიარული სტარტების შეჯიბრი ტარდება სკოლაში. თოკოს, თაკოს და პაკოს კლასი პარალელურ კლასს ეჯიბრება მხიარულ სტარტებში.

მოსწავლეები ორი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ შეჯიბრისთვის. ფიზკულტურისა და სპორტის გაკვეთილებზე მასწავლებელი ავარჯიშებდა ბავშვებს. მოსწავლეებს მასწავლებელმა გააცნო თამაშის წესები

მხიარული სტარტების დაწყებამდე შეარჩიეს ჟიური. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეებიც. ჟიურიმ დაადგინა ქულები თითოეული სახის თამაშობისთვის. ჟიურიმ მხიარულის სტარტების შეჯიბრში შემდეგი თამაშობები შეიტანა:

1.კაპიტნების კონკურსი.

2.ჩაითრიე წრეში.

3.ფეხმარდები.

4.ბრძოლა ალმებით.

5.ხტომები ხაზებზე.

6.მიზანში ტყორცნა.

7.იხვები და მონადირეები.

8.ვინ დაასწრებს.

თითოეულ კლასს განსხვავებული ფორმა ეცვა. თოკოს, თაკოს და პაკოს კლასელებს ცისფერი მაისურები ეცვათ. პარალელურ კლასელებს კი _ წითელი ფორმა. თოკოს, თაკოს და პაკოს კლასის გუნდს „ლიდერები“ ერქვა. მოწინააღმდეგე გუნდს კი _ „არწივი“.

შეჯიბრი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ორივე გუნდი თითქმის თანაბარი ძალისა იყო. გადამწყვეტი კაპიტნების კონკურსი აღმოჩნდა. თაკო გუნდის კაპიტანი იყო. თაკომ ერთი ქულით წააგო „არწივის“ გუნდის კაპიტანთან. საბოლოოდ „არწივის“ გუნდმა სწორედ ერთი ქულით დაამარცხა „ლიდერები“.

შეჯიბრის შემდეგ თოკო, თაკო, პაკო და მათი თანაკლასელები ძალიან დანაღვლიანდნენ. „არწივის“ გუნდის სიხარულს კი საზღვარი არ ჰქონდა. ყველაზე მეტად თაკო ნერვიულობდა. თავის თავს ადანაშაულებდა. თაკომ სიმწრისგან ტირილიც კი დაიწყო.

მეგობრები თაკოს დაწყნარებას ცდილობდნენ. ყველას მას ამხნევებდა. `არწივის“ გუნდიც კი მალავდა სიხარულს. ისინიც ცდილობდნენ თაკოს გახალისებას.

თაკო სახლშიც მოწყენილი იყო. „გამარჯვებას და დამარცხებას თანაბრად უნდა შეხვდე!“ - ამშვიდებდა ვიკა თაკოს.

„შემდეგი შეჯიბრისთვის უკეთესად მოვემზადებით და ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენი კაპიტანი კი ისევ თაკო იქნება!“ - იმედს არ კარგავდნენ თოკო და პაკო.