თქმულებების კვირეული სკოლაში
ზღაპრების კვირეულის შემდეგ თქმულებების კვირეული გაიმართა თოკოს, თაკოს და პაკოს სკოლაში. თქმულებების კვირეულისთვისაც უამრავი თქმულება წაიკითხეს ბავშვებმა. სხვადასხვა ხალხის საუკეთესო თქმულებები შეარჩიეს. პაკომ აფხაზური თქმულება შეარჩია „თავშემონახული დათვის შესახებ“ და ბავშვებს უამბო:
„გაზაფხულზე დათვმა ტყეში გაიარა, აყვავებული შინდის ხე დაინახა და თქვა:
_ რა კარგია, შინდი რომ დამწიფდება, ძალიან ბევრი უნდა ვჭამოო! _ და საყარაულოდ იქვე დარჩა, შინდი არავინ მომპაროსო. ერთხელ ამ ხის ახლოს მეორე დათვმა ჩაიარა, ძლივს მიდიოდა, იმდენი ეჭამა. დათვმა იფიქრა, ჩემი შინდის ჭამა უნდაო და დაიღრიალა, თანამოძმეს გაგდება დაუპირა.
_ რას ღრიალებ, იყავი ამ ხის ძირას, ვინ გიშლის, ჩემგან რაღა გინდაო, _ ჰკითხა მოსულმა დათვმა.
_ ალბათ, გაიგე, რომ შინდი უკვე დამწიფდა და მოსაპარად მოხვედი, მაგრამ, იცოდე, ცოცხალი თავით ერთ ცალსაც არ დაგანებებ. გირჩევნია აქაურობას გაშორდეო! - უთხრა შინდის მცველმა დათვმა.
_ ვაი, შე სულელო, აი, თურმე რატომ უტრიალებდი ამ ხეს. ბევრჯერ მინახავხარ აქ, მაგრამ რას ვიფიქრებდი, თუ შინდს დარაჯობდი... არც კი იცი, შენი უგუნურობის წყალობით რამდენი გემრიელი საჭმელი დაკარგე. სანამ აქ იჯექი, ალუბალი, მოცვი, მაყვალი, მარწყვი და რა ვიცი, კიდევ რა აღარ დამწიფდა! მე ყველაფერი გეახელით და პირიც ჩავიგემრიელე. რაში მჭირდება შენი მკვახე შინდი! ახლაც იმდენი ვჭამე, ძლივს დავდივარ... წავალ ჩემს ბუნაგში და კარგად გამოვიძინებ. შენ კი, იმის გარდა, რომ შიმშილით თავს იკლავ, თვალიც არ მოგიხუჭავს... თუ ასე გააგრძელე, მალე ძვალი და ტყავიღა დარჩება შენგან! _ უთხრა მაძღარმა დათვმა და მძიმე ნაბიჯით გზა განაგრძო.
მშიერმა დათვმა კი კვლავ შინდის ძირას მოიკალათა, გულში შენატროდა გამძღარ დათვს და პასუხი ვერ გაეცა.“
ბავშვებს პაკოს თქმულება ყველაზე მეტად მოეწონათ. პაკომ სერტიფიკატიც მიიღო: „წლის საუკეთესო თქმულება“...