დიმიტრი ყიფიანი
დიმიტრი ყიფიანი ქართველი ხალხის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო და პატივცემული სამოქალაქო მოღვაწეა. დიმიტრი ყიფიანმა დიდი როლი ითამაშა რუსეთის იმპერიის დროინდელ მე-19 საუკუნის საქართველოს განვითარებაში. იგი წმინდანად არის შერაცხული.
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები
დიმიტრი ყიფიანი დაიბადა 1814 წლის 14 აპრილს. მისი მშობლები გორის რაიონის სოფელ მერეთში ცხოვრობდნენ. დიმიტრი ადრე დაობლდა. ის უფროსმა ძმამ წაიყვანა თავისთან, სურამში. დიმიტრი ნიჭიერი და მონდომებული ბავშვი იყო. მან სწრაფად ისწავლა წერა-კითხვა, ანგარიში, საღვთო წერილი, ლოცვები და „ვეფხისტყაოსანი”. დიმიტრი დის ოჯახმა თბილისში წამოიყვანა და სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. ის მალე კეთილშობილთა სასწავლებელში გადავიდა. გიმნაზიაში მასთან ერთად სწავლობდა ნიკოლოზ ბარათაშვილი.
1830 წელს დიმიტრიმ გიმნაზია დაამთავრა და თარჯიმნად დაიწყო მუშაობა. სულ რამდენიმე თვეში ის თბილისის გიმნაზიაში მასწავლებლად გადაიყვანეს. დიმიტრი სულ 17 წლის იყო, მაგრამ გიმნაზიაში 4 საგანს ასწავლიდა – მათემატიკას. გეოგრაფიას, ქართულ და რუსულ ენებს.
იმ დროს საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. ყველაფერი, რაც ეროვნული იყო, იკრძალებოდა. დიმიტრი აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ საქმეში. მას სამშობლოს ბედი აღელვებდა. ახალგაზრდა დიმიტრი ქართველ მამულიშვილებს დაუკავშირდა და 1832 წლის შეთქმულებაში ჩაება. მალე ახალგაზრდა რუსეთის წინაამღდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დაიჭირეს. ახალგაზრდა დიმიტრიმ ერთი წელი მეტეხის ციხეში გაატარა. შემდეგ კი ის საცხოვრებლად ჩრდილოეთ რუსეთში, ქაალაქ ვოლოგდაში გაგზავნეს.
დიმიტრი საქართველოში 1837 წელს დაბრუნდა. თავისი ნიჭიერებისა და ჭკუის გამო, დიმიტრის მაღალი თანამდებობები ეკავა. დიმიტრი ახერხებდა, თავისი თანამდებობა ქვეყნის სასიკეთოდ გამოეყენებინა. დიმიტრი ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა.
დიმიტრი ყიფიანმა ცოლი 1845 წელს მოიყვანა. მისი მეუღლე ნინო სოლომონ მეფის მეუღლის, მარიამის მზრუნველობით იზრდებოდა პეტერბურგში. დიმიტრისა და ნინოს ექვსი შვილი შეეძინათ, რომელთაგან სამი ადრევე გარდაეცვალათ. დარჩათ სამი შვილი: ნიკოლოზი, კონსტანტინე და ელენე.
1881 წელს რუსეთში იმპერატორი ალექსანდრე II მოკლეს. ამან საქართველო კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. მეფისნაცვლის მაგივრად დანიშნეს მთავარი, რომელსაც გარშემო ბოროტი და უხეში ადამიანები ეხვია. ასეთი იყო რუსი ეგზარქოსი პავლე და სემინარიის ახალი რექტორი ჩუდეცკი. სემინარიაში აუტანელი პირობები შეიქნა. მალე ბოროტი რექტორი სემინარიის მოსწავლემ - იოსებ ლაღიაშვილმა მოკლა.
ეგზარქოსმა დაწყევლა მკვლელი მოსწავლე და მასთან ერთად მთელი ქართველი ერი. ეს ქართველი ერის შეურაცხყოფა იყო. როდესაც დიმიტრი ყიფიანმა ეს ამბავი შეიტყო, ეგზარქოსს დეპეშა გაუგზავნა, რომელშიც სწერდა:
,,ამბობენ, რომ თქვენ დაწყევლეთ ის ქვეყანა, რომელსაც უნდა უპატრონოთ. ეს ქვეყანა თქვენგან მხოლოდ სიყვარულსა და შეწყალებას ელოდებოდა. თუ ეს მართალია, შეურაცხმყოფელი შეურაცხყოფილი ქვეყნიდან დაუყონებლივ იქნეს გაყვანილი.”
ეგზარქოსი პავლე
დიმიტრი ყიფიანს არ აპატიეს ეგზარქოსის გადაყენება. 1886 წლის ოქტომბერში იგი გადაასახლეს სტავროპოლში. აქ 72 წლის მოხუცი რუსმა პოლიციელებმა ვერაგულად მოკლეს.
დიმიტრი ყიფიანის დამსახურება
დიმიტრი ყიფიანი აქტიურად მონაწილეობდა საგლეხო რეფორმის პროექტის შედგენაში; სათავეში ედგა ქართველი თავადაზნაურობის ლიბერალურ ფრთას. 1876-1879 წლებში იყო თბილისის ქალაქისთავი. დიმიტრი ყიფიანი ასევე იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. აქტიურად მონაწილეობდა ბატონყმობის გაუქმების მომზადებაში.
მან დიდი როლი შეასრულა პირველი სათავადაზნაურო ბანკის დაარსებაში. მისი აქტიურობით დაარსდა დრამატული საზოგადოება. 1879 წელს სხვა მოღვაწეებთან (ილია, აკაკი, იაკობ გოგებაშვილი და სხვ.) ერთად ჩამოაყალიბა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”. დიმიტრი ყიფიანი საზოგადოების თავმჯდომარედაც ერთხმად აირჩიეს. ის ასევე ბევრს აკეთებდა საბიბლიოთეკო საქმის განვითარებისთვის.
დიმიტრი ყიფიანის შუამდგომლობით დაარსდა პირველი ქართული ჟურნალი „ცისკარი“. ყიფიანმა განსაზღვრა ჟურნალის თემატიკა ისე, რომ ყველა კატეგორიისა და სოციალური ფენის მკითხველისთვის საინტერესო ყოფილიყო. დიმიტრი ყიფიანი სამშობლოს გარეთ მცხოვრებ ქართველებზეც ზრუნავდა. დიმიტრი ყიფიანის სამეცნიერო-ისტორიულ ნაშრომებში დამუშავებულია საქართველოს ისტორიის არაერთი საკვანძო საკითხი: ქართველთა ეთნოგენეზისი, სახელმწიფოსა და რელიგიის ისტორია, ისტორიული გეოგრაფიის ცალკეული საკითხები, ქართული დამწერლობის წარმოშობა-განვითარება და სხვა.
დიმიტრი ყიფიანი ფლობდა რამდენიმე უცხოურ ენას და იცნობდა დასავლეთ ევროპის ლიტერატურას. მას მრავალი თარგმანი ეკუთვნის, მაგალითაც, 1841 წელს მან თარგმნა შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ (გამოქვეყნდა „ცისკარში“ 1896 წელს). 1851 წელს დაიბეჭდა მის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი გ. ერისთავის „გაყრა". 1857-დან თანამშრომლობდა „ცისკარში". აქვე დაიბეჭდა ჟან ლისის, ოქტავ ფელიეს, მოლიერის, შექსპირის, ბომარშესა და სხვების თხზულებათა თარგმანები. 1882 წელს სანქტ-პეტერბურგში გამოაქვეყნა „ახალი ქართული გრამატიკა", რომლის გამოცემას ქართული ენისა და ქართული სკოლების დევნის პერიოდში არა მარტო პრაქტიკულ-პედაგოგიური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. დიმიტრი ყიფიანს ეკუთვნის ლექსი - პასუხი ვახტანგ ორბელიანის მიძღვნის ლექსზე - „ძველი მეგობრობის პასუხი" (გაზეთი „დროება", 1883, ფსევდონიმით „ბაქარ ქართლელი"), აგრეთვე მემუარები რუსულ ენაზე (1884-1885).