ზეთისხილის ხე

ზეთისხილი ერთ-ერთი უძველესი ხეა დედამიწაზე. ზეთისხილით განსაკუთრებით განთქმულია საბერძნეთი, იგი ზეთისხილის სამშობლოდ ითვლება, რის შესახებაც არაერთი ბერძ-ნული მითი იძლევა ინფორმაციას.

საბერძნეთის გარდა, ზეთისხილი მოჰყავთ იტალიაში, ესპანეთში, ლათინოამერიკულ ქვეყნებსა და წყნარი ოკეანის ზოგიერთ კუნძულზეც კი.

ზეთისხილის ნაყოფი სასარგებლოა და მას მრა-ვალმხრივი გამოყენება აქვს. უპირველეს ყოვლისა, ზეთის-ხილის ნაყოფი ბევრისათვის უგემრიელესი საკვები პროდუქტია, მას აგრეთვე იყენებენ სამკურნალოდ, მისგან ხდიან ძვირადღირებულ, მაღალი ხარისხის ზეთს, ამზადებენ კოსმეტიკურ საშუალებებს (საპნებს, საცხებს) და ა.შ.

ზეთისხილის აღწერა

ზეთისხილი მარადმწვანე მცენარეა. იგი შეიძლება შეგხვდეთ როგორც ხის, ასევე ბუჩქის სახით. ზეთისხილი დაახლოებით ათიდან ოც მეტრამდე იზრდება. ზეთისხილის ხე არსებობს გარეული, რომელსაც ველურ ზეთისხილს უწოდებენ და ნამყენიც, რომელიც ადამიანის მიერაა დარგული.

ზეთისხილის ნაყოფი

ზეთისხილის ნაყოფი

ველური ზეთისხილი შედარებით დაბალია, ვიდრე დამყნილი, მას ნაყოფიც პატარა აქვს. საერთოდ, ზეთისხილი ძალიან ნელა იზრდება, მას ასეულობით წლები სჭირდება, რომ დიდი ზომის ხედ იქცეს.

ხის ფესვები ძალიან მნიშვნელოვანია მისი ზრდისათვის. თუ რბილი და ფხვიერი მიწა შეხვდა, ზეთისხილის ფესვები ძალიან ღრმად ჩადის და ძლიერ ქსელს ქმნის ნიადაგში, იგი დაახლოებით 7 მეტრის სიღრმემდე ჩადის, ხოლო თუ ნიადაგი მაგარია, ხის ფესვები მხოლოდ ერთ მეტრამდე იზრდება მიწის ქვემოთ.

ზეთისხილის ხე ყვავის აპრილის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე. მისი ნაყოფი ელიფსის ფორმისაა და დასაწყისში მწვანე ფერი აქვს; როცა იგი მწიფდება, შავი ან იისფერი/მოყავისფრო ხდება. ყველაზე უხვ ნაყოფს ზეთისხილი 20 წლის ასაკიდან იძლევა.

ლეგენდა ზეთისხილის გაჩენის შესახებ

ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ზღვის ღმერთ პოსეიდონსა და სიბძნის ქალღმერთ ათენას შორის იყო კამათი ქალაქ ათენის მმართველობაზე. პოსეიდონმა ათენას შე-ბრძოლება შესთავაზა, ათენა ბრძოლაზე არ დათანხმდა და უთხრა, რომ სჯობდა, ხალხის-თვის უფრო მეტად გამოსადეგი რაიმე გაეკე-თებინათ და ასე შეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. პოსეიდონმა ათენელებს ცხენი აჩუქა. ათენამ კი მიწას შუბი დაჰკრა და იმ ადგილას მწვანეფოთლებიანი ნერგი ამოიზარდა. ეს ზეთისხილის ხე იყო.

ღმერთების უფროსმა, ზევსმა, ღმერთებისა და ქალღმერთების კრება მოიწვია და მათ სთხოვა, დაესახელებინათ გამარჯვებული. ღმერთები პოსეიდონს მიემხრნენ, ხოლო ქალღმერთები - ათენას. საბოლოო სიტყვა ზევსს უნდა ეთქვა, მან ქალღმერთების განაწყენება არ მოინდომა და გამარჯვება ათენას ერგო.

სწორედ ამ ლეგენდის მიხედვით ერგოთ ათენელებს ზეთისხილის ხე, რომელიც გამრავლდა და მართლაც დიდი სარგებლობა მოაქვს დღემდე ადამიანებისთვის.

ზეთისხილის სიმბოლო

ზეთისხილის ხეს უძველეს ნაწერებშიც ვხვდებით. იგი ძვირფას ხედ ითვლებოდა საბერძნეთში და დიდ პატივს სცემდნენ ბერძნები. ძველი ბერძენი მწერალი, ჰომეროსი წერდა, რომ ზეთისხილის ხისგან დამზადებული გემები განსაკუთრებით მტკიცე და გამძლე იყო, იგი ასევე ზეთისხილის ზეთს ჭრილობების მოსაშუშებელ საუკეთესო საშუალებად იხსენიებს.

გარდა ბერძნული ისტორიებისა, ზეთისხილი მოხსენიებულია ბიბლიასა და ყურანშიც. ქრისტიანებიცა და მუსლიმებიც ზეთისხილის ხეს ღვთისგან დალოცვილ მცენარედ მიიჩნევენ და დიდი მოკრძალებით საუბრობენ მასზე.

ზეთისხილიხ ხე მშვიდობის სიმბოლოა უძველესი დროიდან. ბიბლიის გადმოცემის მიხედვით, როდესაც დიდი წარღვნა დასრულდა და ნოემ თავისი კიდობნიდან მტრედი გაუშვა დედამიწაზე, მტრედმა მას ზეთისხილის ტოტი მოუტანა. ამით ნოე მიხვდა, რომ დედამიწაზე უკვე მცენარეები ყვაოდა და კიდობნიდან გამოსვლაც შეიძლებოდა.

მტრედი ზეთისხილის

ტოტით

მტრედი ზეთისხილის

ტოტით

გარდა იმისა, რომ ზეთისხილი ადრიდანვე მშვიდობის სიმბოლოა, მას დღეს გამარჯვების სიმბოლოდაც მიიჩნევს ხალხი: როდესაც ოლიმპიურ თამაშებში რომელიმე სპორტსმენი იმარჯვებს, მას ზეთისხილის გვირგვინს ადგამენ თავზე.

ზეთისხილის ტოტისგან დაწნული გვირგვინი

ზეთისხილის ტოტისგან დაწნული გვირგვინი

ბოლოსიტყვაობა

ზეთისხილი, როგორც უკვე შევიტყვეთ, ძალიან საინტერესო ისტორიის მქონე მცენარე ყოფილა. ჩვენ მას ვიყენებთ, როგორც საკვებად, ასევე - სამკურნალოდ. ისეთ ქვეყნებში, სადაც ეს მცენარე ვერ ხარობს, მისგან დამზადებულ პროდუქტს ყიდულობენ იმ ქვეყნებიდან, სადაც ზეთისხილი ფართოდაა გავრცელებული. იგი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.