მიწისძვრა

შესავალი

მიწისძვრა

თქვენ ალბათ უკვე გსმენიათ მიწისძვრის შესახებ მშობლებისაგან ან სულაც ტელევიზორის საშუალებით. ხშირად, როცა მიწისძვრები ხდება, ამას ტელევიზიით გადმოსცემენ ხოლმე.

მიწისძვრა ბუნებრივი მოვლენაა, ისევე, როგორც ქარი და წვიმა. ბევრ ადამიანს ეშინია მიწისძვრის და მიიჩნევენ, რომ იგი ძალიან საშიში და დამღუპველიც კია. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის.

ერთი შეხედვით უწყინარი ჟუჟუნა წვიმაც კი შეიძლება საშიშ წყალდიდობად იქცეს, ასევეა მიწისძვრაც. ჩვენ ვერც კი ვგრძნობთ, წამში რამდენჯერ შეიძლება მოხდეს მიწისძვრა, მაგრამ თუკი როდისმე სპეციალურ სადგურში (ამ სადგურს სეისმოლოგიური სადგური ეწოდება) მოხვდებით, სადაც მიწისძვრებს აკვირდებიან, მაშინ ნახავთ, რომ თურმე ძალიან ხშირად ხდება მსუბუქი მიწისძვრები.

ასეთი მიწისძვრა საშიშია არაა. მაგრამ ჩვენ ვიცით ისეთი მიწისძვრების შესახებაც, რომლებმაც გამოიწვიეს სახლების ნგრევა, მიწის ჩამოშლა, ადამიანებისაღუპვა და ა.შ.

რატომ ხდება მიწისძვრა?

ყველას გვაინტერესებს, რატომ ხდება მიწისძვრა. დედამიწის სიღრმეში არსებობს ბევრი ქანი, ისინი ერთმანეთზეა დაწყობილი და თავისი ენერგია გააჩნია. დროთა განმავლობაში, ქანებს შორის ენერგია იზრდება და დიდი სიმხურვალე ჩნდება. დედამიწას ესაჭიროება ენერგეტიკული განმუხტვა. მიწისძვრა სწორედ ეს ენერგეტიკული განმუხტვაა, ამ დროს ქანები სცილდება ერთმანეთს და ჩნდება დიდი ძალა, რომელიც არხევს მიწას. ხშირად მიწისძვრას ხმაური და გუგუნიც ახლავს. ეს ხმაც მიწის სიღრმიდან ამოდის.

რაც უფრო მაღალია დედამიწის ენერგეტიკული ძალა, მით უფრო ძლიერია მიწისძვრა. ზოგ ადგილას ეს ძალა არც ისე მაღალია, სწორედ ამიტომაა, რომ ადამიანები ვერც კი გრძნობენ ხოლმე დედამიწის მსუბუქ რხევას, მაგრამ ზოგან ენერგეტიკული ძალა ძალიან დიდია, ასეთ დროს მიწისძვრას ნგრევაც შეიძლება მოჰყვეს.

მიწისძვრის სიძლიერეს ზომავენ სპეციალური საზომი საშუალებით. ამ საზომს რიხტერის შკალა ეწოდება, ხოლო საზომ ერთეულს - ბალი.

დედამიწის გული და ენერგეტიკული ტალღები მიწისძვრისას

როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს?

მიწისძვრის შესახებ წინასწარ არავინ იცის. მეცნიერებიც კი ვერაფერს გვეუბნებიან, თუმცა ისინი ცდილობენ, სპეციალურ ლაბორატორიებში დააკვირდნენ ბუნებრივ მოვლენებს.

არც მიწისძვრის თავიდან არიდება შეუძლია ვინმეს! მთავარია, შენობების შენების დროს გათვალისწინებული იყოს მისი სიძლიერე, რომ მიწისძვრის დროს არ ჩამოინგრეს.

გარდა ამისა, მიწისძვრის დროს მთავარია, არ შეგეშინდეთ და არ დაიბნეთ! კიბეზე არ უნდა ჩახვიდეთ, თუ ამ დროს შენობაში ხართ! ასევე, მოერიდეთ ლიფტს. გარდა ამისა, უკეთესია, მოერიდოთ მაღალი შენობების გვერდით დგომას, ისინი შეიძლება ჩამოინგრეს! ამ დროს ყველაზე კარგია, მოძებნოთ ისეთი ადგილი, რომელიც ადვილად არ ჩამოინგრევა, მაგალითად, შენობის ძირითადი კედელი.

მთავარია, გახსოვდეთ, რომ მიწისძვრა დიდხანს არ გრძელდება, ის მალევე გადაივლის!