უდაბნო

შესავალი

უდაბნო დედამიწის ყველაზე ცხელ და მშრალ ადგილებს ჰქვია. იქ თითქმის არასოდეს წვიმს. ზოგ ადგილას წვიმა 400 წელზე მეტია, არ მოსულა. დღისით უდაბნოში ძალიან ცხელა. ხშირად ტემპერატურა 60 გრადუსზე მაღლა ადის. ანუ ორჯერ უფრო მეტად ცხელა, ვიდრე ჩვენთან - ყველაზე ცხელი ზაფხულის დღეებში. ღამით კი საშინლად ცივა. იქ ქვიშის გროვები ათასობით კილომეტრზეა გადაჭიმული. უდაბნოში გზის გაგნება ძალიან ძნელია. შეიძლება რამდენიმე დღე ისე იარო, რომ მხოლოდ ქვიშის გროვები შეგხვდეს და არც ერთი ცოცხალი არსება! უდაბნოს სიჩუმეს მხოლოდ ქარის ხმა არღვევს. მოგზაურებს აქ სიცხე, ყინვა და ქვიშის ქარიშხლები ხვდება. ამიტომ უდაბნოში მარტო სიარული ძალიან საშიშია. ადამიანები იქ დიდ ჯგუფებად გროვდებიან და ისე მოგზაურობენ. უდაბნოები თითქმის დაუსახლებელია. მათ ხშირად დედამიწის მკვდარ ადგილებსაც უწოდებენ.

უდაბნო

დედამიწაზე უდაბნო გვხვდება ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიდისა. ეს არის დიდ ფართობზე გადაჭიმული ყვითელი ან თეთრი ქვიშის გროვები. უდაბნოს ბუნება მუდმივად იცვლის ფორმას ქვიშის ქარიშხლების გამო. უდაბნოში ცხოვრება ძნელია. ამიტომ იქ ძალიან იშვიათია ქალაქები. ქვიშის გროვებში ძალიან ცოტა ცხოველი ცხოვრობს. ისინი სიცხეს ადვილად ვერ ეგუებიან. უდაბნოს მცენარეებს თავისზე ოცჯერ გრძელი ფესვები აქვს. ისინი ასე იწოვენ წყალს მიწიდან. ზოგჯერ კი წყალს გამსხვილებულ ღეროში ინახავენ და სიცხის დროს იყენებენ.

სიცოცხლე უდაბნოში, ოაზისები

ქვიშის ამ უზარმაზარ, უსიცოცხლო ზღვაში ალაგ–ალაგ გვხვდება გამწვანებული ადგილები, ოაზისები. ოაზისებში მიწიდან ამოდის წყალი, ამიტომ იქ ცხოვრება შესაძლებელია. როცა მიწისქვეშა წყალი შრება, ოაზისში სიცოცხლე კვდება. იქ მაცხოვრებლები კი ახალი ოაზისის საძებნელად მიდიან.

ოაზისი

ბედუინები

საჰარის უდაბნოში მწყემსები, ბედუინები ცხოვრობენ. ისინი ხშირად მოგზაურობენ, რადგან ოაზისებში ზოგჯერ წყალი შრება. ბედუინებს არ აქვთ სახლები. ისინი კარვებში ცხოვრობენ. თუ წასვლა მოუწევთ, კარვის დაშლა და სხვა ადგილას გადატანა ძალიან ადვილია. თუ მგზავრობისას შემოაღამდებათ, ბედუინები კოცონს ანთებენ.

ბედუინებს ღია ფერის ტანსაცმელი აცვიათ. სიცხეში ეს მათ გადახურებისგან იცავს. სახეც ხშირად დაბურული აქვთ, რომ მზემ არ დასწვას.

ბედუინებს ბარგი აქლემებით გადააქვთ. აქლემი უდაბნოს უდიდესი ცხოველია. ის ძალიან ღონიერია და სწრაფად დარბის. გარდა ამისა, მას უდაბნოში საკვებისა და წყლის გარეშე ერთი თვე შეუძლია გაძლება. აქლემი საჭმლის და წყლის მარაგს კუზში ინახავს, მერე ნელ–ნელა ხარჯავს.

გამგზავრების წინ ბედუინები ერთად იკრიბებიან. ბარგს აქლემებს აჰკიდებენ, ყელზე პატარა ზარებს შეაბამენ და გაუდგებიან გზას. ზარების ხმა უდაბნოში შორს ისმის. ეს სხვებს ატყობინებს, რომ ქარავანი მოდის.

აქლემის გარდა, უდაბნოში ბინადრობს უდაბნოს კურდღელი, დიდყურება მელა, გველი, ეკლებიანი თაგვი... ყველა მათგანი ცხელ ადგილას ცხოვრებას თავისებურად ეგუება. მცენარეებიდან გავრცელებულია კაქტუსი, ბაობაბი, პალმა.

კაქტუსი

კაქტუსი უცნაური ფორმის მცენარეა. მას მსხვილი ღერო, ეკლები და ძალიან ლამაზი ყვავილი აქვს. კაქტუსი ღეროში წყალს იგროვებს და ასე უძლებს სიცხეს. მისი ჩხვლეტია ეკლებისა ძალიან ბევრ ცხოველს ეშინია.

ბაობაბი

ბაობაბი აფრიკაში იზრდება. ის უზარმაზარი მცენარეა. ზოგჯერ მისი სისქე 12 მეტრსაც კი აღწევს. ის ათასობით წელს ცოცხლობს. არსებობს ბაობაბი, რომელიც 5000 წლისაა. ეს უცნაური მცენარე წვიმის დროს ფესვებით იმდენ წყალს იწოვს, რომ „სუქდება“. წყლით გაჟღენთილი ბაობაბი ღრუბელივით რბილია. სიცხის დროს კი ისევ „ხდება“. ბაობაბი ცხრა თვეს უფოთლებოდ ატარებს. ის წელიწადში ერთხელ ყვავის. მისი ყვავილი შუაღამისას იშლება. ბაობაბის ქერქისგან ისეთ მაგარ თოკს აკეთებენ, რომ სპილოც კი ვერ წყვეტს. ამბობენ, თუ ბაობაბის ქვეშ დადგები და სურვილს ჩაიფიქრებ, აუცილებლად აგიხდებაო!

გამორჩეული უდაბნოები, ანუ ყველაზე, ყველაზე...

მსოფლიოში უდიდესია უდაბნო საჰარა. ის მდებარეობს აფრიკის კონტინენტზე. საჰარის უდაბნო ტერიტორიით თითქმის ავსტრალიის ტოლია. სიდიდის გამო მას ქვიშის ზღვასაც კი უწოდებენ. მისი ფართობი დღითიდღე იზრდება.

უდაბნო საჰარა

საჰარაში ძალიან იშვიათად წვიმს. იქ ისე ცხელა, რომ წვიმის წვეთები მიწამდე ვერ აღწევს და ჰაერშივე ორთქლდება. კლდეები დღისით ხშირად 100 გრადუსამდეა გახურებული. ამ დროს იქ თუ შეძლებ და ჭურჭლით წყალს დადგამ, ის ადუღდება. ღამით კი საშინელი ყინვა იცის. მგზავრები კარავს შლიან და კოცონს ანთებენ გასათბობად.

საჰარაში ხშირია ქვიშის ქარიშხალი. ის ძალიან სწრაფად ჩნდება და ხშირად მთელ ქალაქებს ფარავს. ცხელი ქვიშიანი ქარიშხლის შემდეგ საჰარაში ჰაერი ელექტროვდება: რკინის ნივთები, ტანსაცმელი, თმა ნაპერწკლებს ყრის.

ყველაზე მლაშე და უსიცოცხლო უდაბნო

ეს თეთრი მინდორი ერთი შეხედვით თოვლიანი გეგონებათ, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით!

სინამდვილეში ის მარილის უდაბნოა. მდებარეობს არგენტინაში. იქ მხოლოდ მინერალური მარილებია. არ ცხოვრობს არც ერთი ცოცხალი არსება.

ყველაზე მშრალი უდაბნო

მსოფლიოში ყველაზე მშრალია ატაკამის უდაბნო. ის ამერიკის კონტინენტზე მდებარეობს. ატაკამის უდაბნოში 400 წელია, წვიმა არ მოსულა.

თეთრი და შავი უდაბნოები

უდაბნოში ქვიშა ძირითადად ყვითელი ფერისაა, თუმცა ეგვიპტეში არის თეთრი და შავი უდაბნოები. ორივე ძალიან ლამაზია.

ასეთ შავ შეფერილობას უდაბნოს იქ გავრცელებული მცენარეები აძლევს. ისინი გახმობის შემდეგ ასე შავდებიან და ქვიშასაც აშავებენ.

უდაბნოს იდუმალი მოვლენა

უდაბნოს ყველაზე უცნაური მოვლენა არის მირაჟი: შუადღისას, როცა ძალიან ცხელა, მგზავრები შორს, ჰორიზონტზე ხშირად ხედავენ ქალაქებს, ზღვას, ოაზისს... სიცხით გაწამებული ბევრი მოგზაური რჩება მოტყუებული. ეს გამოსახულებები ხომ სინამდვილეში არ არსებობს! სიცხით გავარვარებული ჰაერი და მტვერი ქმნიან ამ უცნაურ სურათებს. ამას მირაჟი ეწოდება. მირაჟი ხშირადაა ატაკამას და საჰარის უდაბნოებში.