არწივი
-1-
არწივი ფრინველების მეფედ ითვლება და ამ დიდებული სახელის ღირსიც არის! ის მძლავრი, გულადი და ამაყი ფრინველია. ტანი მოშავო ფერისა აქვს, მხოლოდ კისერზე აქვს ოქროსფერი ზოლი; ნისკარტი მოკაუჭებული და ძალიან მაგარი აქვს, ბრჭყალები კი - ბასრი და ღონიერი. მის უზარმაზარ თვალებში ძალა და სიმამაცე ჩანს. ფრთები ბრჭყალებამდე ბუმბულით აქვს დაფარული...
არწივს საცხოვრებლად მაღალი მთიანი ადგილები უყვარს. სადაც ერთხელ დაბინავდება, ზამთარ-ზაფხულ იქ ცხოვრობს; ადგილის გამოცვლა ხშირად არ იცის.
არწივის ყველა მოძრაობა ძალიან სწრაფია. ლამაზად დაფრინავს, მაგრამ მიწაზე სიარული კარგად არ იცის. ჯდომაც ლამაზი აქვს; ზის სწორად, როგორც ადამიანი, ფრთები გაშლილი აქვს და ამაყად იყურება აქეთ-იქით... მშვენიერი სანახავია მჯდომარე არწივი!
გამოჩნდება თუ არა სადმე არწივი, ყველა ფრინველსა და წვრილ ცხოველებს შიშის ზარი ეცემათ. როგორც კი ფრინველები და ცხოველები გაიგონებენ არწივის ხმას, მაშინვე გულგახეთქილები გარბიან აქეთ-იქით. მაგრამ არწივის დიდ თვალებს რა დაემალება! ფრინველების მეფე დინჯად და ამაყად ტრიალებს მაღლა ცაში, თუმცა მისი გამჭრიახი თვალი დაკვირვებით გასცქერის ქვემოთ მთელ მინდორს და როგორც კი თავის მსხვერპლს დაინახავს, ფრთებს დაკეცავს და ისარივით სწრაფად დაეშვება. ამ დროს საშინელი ძალით და სიჩქარით მოდის, ბასრი ბრჭყალები გაშლილი აქვს, რომ სასწრაფოდ გაუყაროს საწყალ მსხვერპლს...
არწივი დააცხრება ხოლმე ყველა არსებას, რომლის მორევა და წაღებაც კი შეუძლია. არ შეიცოდებს არც მოთამაშე პატარა ბავშვს, არც ცელქ მელიას, თუმცა მელია ხანდახან ძალიან ანანებს ხოლმე: ჰაერში აყვანილი მელია ზოგჯერ არწივს ყელში მისწვდება და გამოღადრავს ხოლმე.
შველი, გარეული გოჭები, ციკნები, ბატკნები, კურდღლის ბაჭია და კატა სისხლისგან დაიცლებიან ხოლმე არწივის ბრჭყალებში. ფრინველებიდან იგი იტაცებს ბატს, იხვს, წეროს, გარეულ ქათამს და ყველა შინაურ ფრინველს. არწივის საყვარელი საჭმელი ცხოველის სისხლია; ამის გამო წყალს ეს ფრინველი ზოგჯერ მთელი კვირის განმავლობაში არ სვამს.
-2-
Aადვილი წარმოსადგენია, რა საშიშია არწივი ცხოველებისთვის მაშინ, როცა ბარტყებს ზრდის. როდესაც მხოლოდ თავისი თავი აქვს შესანახი, მაშინაც კი წვრილ ცხოველებს მოსვენებას არ აძლევს და ახლა ხომ სულ სისხლს უშრობს! მარტში დაიწყებს ხოლმე დედალ-მამალი არწივი ახალი ბუდის კეთებას ან ძველი ბუდის გასუფთავებას. თუ არწივი მთებში ცხოვრობს, თავის ბუდეს მაღალ კლდეებში აკე-თებს; თუ ბინა ტყეში აქვს, მაშინ ბუდეს ხის კენწეროზე იშენებს.
არწივები აწყობენ ჯერ დიდ გამხმარ ხის ტოტებს, მერე წვრილ, ღრმა ბუდეს აშენებენ. შიგ მატყლსა და ჩალას აგებენ. ბუდე ლამაზი არ არის, მაგრამ დიდია და ისეთი მაგარი, რომ ადამიანსაც კი უჭირს მისი დაშლა. ბუდის მასალა ორივე არწივს მოაქვს. როცა მუშაობით იღლებიან, დედალ-მამალი ზევით, ჰაერში მიდის დასასვენებლად და ერთმანეთს ლამაზი ფრენით ართობენ.
როგორც წესი, დედალი ბუდეში დებს ორ-სამ კვერცხს. კვერცხები წაბლისფერია. ახლად გამოჩეკილი ბარტყები უფრო მატყლის გორგალს ჰგვანან, ვიდრე ფრინველს... მთელი ტანი დაფარული აქვთ ხშირი თეთრი ბუმბულით. მშობლები კარგად უვლიან, აჭმევენ ხორცს, რომელსაც ჯერ კარგად ღეჭავენ და მერე ბარტყებს უდებენ პირში, ვიდრე პატარები არიან. სანამ კარგად არ დაიზრდებიან, ბარტყები ბუდეს არ სცილდებიან. ფრთები რომ ამოუვათ, დედ-მამა ჯერ ფრენას ასწავლის, მერე კი _ ნადირობას. ამ დროს არწივები ძალიან ავდებიან, გულადობა და სიმამაცე ემატებათ. არც ფრინველს, არც პატარა ცხოველს მოსვენებას აღარ აძლევენ. კარგად გამოცდილი და გამბედავი მონადირე უნდა იყოს, რომ არწივს ბარტყები მოჰპაროს და ცოცხალი გადარჩეს! არწივები ადამიანს სასიკვდილოდ დაჭრიან და დაამახინჯებენ ხოლმე, თუკი ის გაბედავს ბარტყის ხელის ხლებას.
-3-
აი ერთი უცნაური მოთხრობა არწივებთან ბრძოლის შესახებ:
ერთმა მონადირემ მაღალ კლდეზე არწივის ბუდე შეამჩნია და იქიდან ბარტყების ამოყვანა მოინდომა. რადგანაც ქვემოდან ბუდეს ვერ მისწვდებოდა, შეეცადა, როგორმე ზემოდან, მთის მწვერვალიდან ჩასულიყო. მონადირე რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად წავიდა, თან კანაფის მსხვილი თოკი წაიღო. როცა მწვერვალზე ავიდნენ, ახალგაზრდებმა მონადირეს თოკი შემოარტყეს, იღლიებში ამოსდეს და ნელ-ნელა ძირს, ბუდისკენ ჩაუშვეს. გამბედავ მონადირეს ხმალი ერტყა, რომ არწივები მოეშორებინა, თუკი უცებ გამოჩნდებოდნენ. როცა ბუდემდე ჩავიდა, ორი ბარტყი ამოიყვანა, პარკში ჩაისვა და თავის ამხანაგებს ანიშნა, რომ თოკი ზემოთ აეწიათ. კლდის წვერთან უკვე ახლოს იყო, როცა დედალ-მამალი არწივი გამოჩნდა და მონადირეს საშინელი ყვირილით მიესივნენ. მონადირე ხმალს ხან აქეთ იქნევდა, ხან იქით და ერთი არწივი მოკლა კიდეც, მაგრამ მეორე არწივმა უფრო საშინელი ბრძოლა დაუწყო. გულად მონადირეს იმედი ჰქონდა, ამასაც მოვკლავო; მაგრამ ამ დროს დაინახა, რომ თოკი ხმლით გადაუჭრია და მხოლოდ მის მეოთხედზე ჰკიდია საშინელი უფსკრულის თავზე... შიშით გული წაუვიდა. ხმალი ხელიდან გაუვარდა და ამხანაგებმა ცოცხალ-მკვდარი ზემოთ აიტა-ნეს... მონადირე ძლივსღა იცნეს, რადგანაც შიშის გამო თმა უცებ სრულიად გასთეთრებოდა...
- 4 -
არწივზე ნადირობა ძალიან ძნელია. ძალიან ფრთხილი ფრინველია და მიუდგომელ ადგილზე ჯდება; იშვიათად ხდება, რომ მონადირე სას-როლ მანძილზე მიეპაროს. ცოცხლის დაჭერა კიდევ უფრო ძნელია. ზოგან არწივს ხაფანგით იჭერენ. არწივის მოშინაურება ძნელი არ არის. მოშინაურებულ არწივს ნადირობას ასწავლიან: აჭერინებენ კურდღელს, მელას და მგლის ლეკვებსაც კი. არწივი დიდხანს ცოცხლობს. ერთ ქვეყანაში მოშინაურებული ჰყავდათ არწივი, რომელმაც ას ოთხი წელიწადი იცოცხლა. ტყესა და მინდორში თავისუფლად რომ ყოფილიყო, რასაკვირველია, უფრო დიდხანს იცოცხლებდა.