გაზაფხული

დღე დეკემბრიდანვე მატულობს; ცხრა მარტს დღე ღამეს უსწორდება და გაზაფხული ამ რიცხვიდან იწყება. ამ დროიდან მზე უფრო და უფრო გვიახლოვდება, სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მაღლა-მაღლა მიდის, უფრო ადრე ამოდის და გვიან ჩადის, ამიტომ დღე დიდდება, ღამე კი თანდათან პატარავდება. რაც დრო გადის, მზეც უფრო აცხუნებს. ამიტომ ქვეყანა თანდათან თბება. თოვლი მინდორსა და მთებში დნება, ყინული

წყალში თხელდება, ტყდება და წყალს მიაქვს. მდინარეები საშინლად დიდდებიან; რუებში წყალი აღარ ეტევა: ნაპირებზე გადმოდის და გარშემო მინდვრებს რწყავს. მდინარეებში გასვლა ძნელი ხდება. რომელ მდინარეშიც პატარა ბიჭები ადრე ფეხით გადადიოდნენ, ახლა ურმითაც ვეღარ გადიან. ზოგიერთ მთის ღელეში, სადაც მზე ვერ უდგება, თოვლი გაზაფხულის სითბოს ჯერ კიდევ უძალიანდება, მაგრამ ტყუილად: ბრწყინვალე მზე ამ თოვლს მალე აქცევს წყლად და ადიდებულ მდინარეში გაგზავნის.

გაზაფხული ყველგან ერთდროულად არ დგება: სამხრეთით მდებარე ქვეყნებში უფრო ადრე მოდის ხოლმე. რომელი ქვეყანაც ჩრდილოეთით არის, იქ უფრო გვიან მოდის გაზაფხული. მაგალითად, აპრილში ჩვენში მინდვრები მწვანითა და ყვავილებით არის მოფენილი, რუსეთში კი ამ დროს ჯერ ისევ თოვლია; თებერვალში ჩვენთან ისევ ზამთარია, ირანში კი ამ დროს უკვე გაზაფხულია.

გაზაფხულის სითბომ მთელი დედამიწა გააღვიძა. დადნა თუ არა თოვლი ველზე, მაშინვე მწვანე ბალახმა ამოყო თავი. მინდორი მწვანე ხავერდივით გახდა. აქა-იქ ადრეული ყვავილებიც გაიშალა. გაზაფხულის სითბომ ხეებიც ზამთრის ძილისგან გამოაფხიზლა: ჯერ კოკორი გამოიტანა ხეებმა, მერე თეთრი ყვავილები გადაიშალა და ბოლოს ხშირი ფოთლებით შეიმოსა. ცაცხვი, მურყანი, მუხა, ნეკერჩხალი ერთმანეთის მიყოლებით იშლება და იფოთლება. ჭალა, სადაც ზამთარში კაცის თვალს არაფერი დაემალებოდა, სრულიად იბურება, ისე, რომ შიგ არაფერი ჩანს. მინდორი ბალახით გაივსო; უამრავი ყვავილი გაიშალა.

ზამთარში ბუნება ყოველთვის ერთგვარია: კაცი სულ თეთრ თოვლს ან შიშველ მიწას ხედავს; გაზაფხულზე კი ყოველდღე ახალ-ახალი რამე ჩნდება: აქ თეთრმა ენძელამ ამოყო თავი, იქ ზამბახი გაიშალა და გარშემო საამური სუნი მოჰფინა; აქ მწვანე ბალახში თავს იწონებს მარწყვის

პატარა, თეთრი ყვავილი, რომელიც გაზაფხულის ბოლოს დაწითლდება და გემრიელ ხილად გადაიქცევა... ბალი, ვაშლი, მსხალი, ნუში, ატამი იმოსება: ზოგი თეთრი და ზოგიც - თეთრ-წითელი ყვავილებით.

გაზაფხულს თან მრავალი ფრინველი მოსდევს. აგერ, რომელიღაც ფრინველმა მაღლა ცაში დილით ზარივით სიმღერა შემოსძახა: ეტყობა, ტოროლა მოსულა. ცოტა ხნის შემდეგ მარდი და კეთილი მერცხლებიც გვეწვევიან. შროშანი, მოლაღური, მწყერი, გუგული ერთმანეთს მოჰყვე-

ბიან... მინდორი, ტყე და ჭალა სხვადასხვა ფრინველით ივსება. მათი გალობა და ჭიკჭიკი, ჭყივილი და სტვენა ბუნებას აღვიძებს. წეროები, გარეული ბატები და იხვები, მაღლა ჰაერში დამწკრივებულები, ჩრდილოეთისკენ მიდიან.

ბულბულიც მალე გააბედნიერებს ჩვენს ქვეყანას თავისი მოსვლით და ჭალას სანატრელ სიმღერებს უმღერებს. ზოგიერთი მოსული ფრინველი ჩვენთან არ ჩერდება, ჩრდილოეთისკენ მიდიან: მაგალითად, წეროები და გარეული ბატები. უმეტესობა კი მთელ ზაფხულს ჩვენთან რჩება, ბუდის კეთებას იწყებენ: დაფრინავენ, ჭყივიან, აგროვებენ ხის ხმელ ტოტებს, ჩალას, ხავსს, ბუმბულს და თავიანთ მომავალ შვილებს ბინას უკეთებენ.

ჭიანჭველები, ჭრელი პეპლები, უშნო ბუზანკლები - ბევრი ჩნდება. კაცის შემაწუხებელი კოღო, ქინქლა და სხვა მფრინავი და მცოცავი მწერები, რომელთა ხსენებაც არსად იყო ზამთარში, გაზაფხულზე ათასობით მოეფინებიან ხოლმე მიწას და ჰაერს. ფუტკარი, რომელმაც მთელი ზამთარი თბილ სკაში, ძილში გაატარა, გაზაფხულზე ფხიზლდება. თავისი სანთლის ოთახიდან გამოდის, ბზუილით მიფრინავს ყვავილებისკენ და იქ ტკბილ წვენს აგროვებს თაფლის გასაკეთებლად.

გაზაფხულზე მზემ ნადირებიც გააღვიძა: დათვი, ზღარბი, ციყვი და სხვა ცხოველები ბუნაგებიდან, ხის ფუღუროებიდან გამოვიდნენ და ტყესა და მინდვრებს მოედვნენ. ადამიანი ნადირს იშვიათად ხედავს და ამიტომ არ იცის, თუ მათ როგორ უხარიათ გაზაფხულის დადგომა. მაგრამ შინაურ საქონელს ყველა ამჩნევს სიხარულსა და სიამოვნებას. ეს საცოდავები მთელ ზამთარს ბოსელში ტყვეებივით იყვნენ გამომწყვდეულები;

საჭმელიც საკმაოდ ჰქონდათ, სითბოც, მაგრამ მოშორებულები იყვნენ მზის შუქს, სუფთა ჰაერსა და თავისუფალ მოძრაობას. მწვანე და ნოყიერი ბალახის ნაცვლად, მთელ ზამთარს ხმელი თივით, ფუჩეჩით და ბზით იკვებებოდნენ. მოვიდა გაზაფხული და ამიტომ დიდი სიხარული აქვთ. ბოსლიდან გამოშვების შემდეგ თავიანთ სიამოვნებას კუნტრუშით გამოხტავენ.

ეს დრო ადამიანისთვისაც ძალიან სასიამოვნოა. გაზა-ფხულის სითბო აფხიზლებს მას, სუფთა ჰაერი მთელ სხეულს სიცოცხლით უვსებს, მწვანე მინდორი, სურნე-ლოვანი ყვავილებით დაფენილი, მის თვალს იტაცებს და დიდ კმაყოფილებას აგრძნობინებს; ფრინველების ჭიკჭიკი და მრავალხმიანი გალობა მის ყურსა და სმენას ტკბილად ხვდება. ერთი სიტყვით, ამ დროს ბუნება სიამოვნებითაა სავსე. მაგრამ ვინც ბუნებასთან უფრო ახლოა, იმას ამგვარი სიამოვნებისთვის არ სცალია: გლეხებს მუშაობის დრო მოუვიდათ. გაზაფხულის მზე გარეთ სამუშაოდ იწვევს. მათაც არ ეზარებათ - ზამთარმა თითქმის სულ გამოლია პური, ქერი, სიმინდი, შვრია, ფეტვი, ბზე, თივა. მუშაობას უნდა შეუდგნენ, რომ მომავალი ზამთრისთვის უსაზრდოოდ არ დარჩნენ.

თბილი ტანსაცმელი, რომელშიც მთელი ზამთარი გაატარეს, გლეხებმა გაიხადეს და მომდევნო ზამთრისათვის შემოინახეს. სამუშაოდ გაემზადნენ. ზოგი ურემს მართავს, ზოგი გუთანს აკეთებს, ზოგი ფარცხს წნავს. ზოგმა ვაზები ააყენა, გასხლა და სარები შეუდგა. გუთნებიც შეაბა; ხნავენ, ფარცხავენ და თესენ: სიმინდს, ქერს, ფეტვს, შვრიას, ლობიოს და სხვას. ბოსტნები დაბარეს, კვლები გააკეთეს და დათესეს: კარტოფილი, ხახვი, ცერცვი, კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო და სხვა. ამ მუშაობაში მაისიც გავიდა. აქამდე თბილოდა, ახლა კი დაცხა; მაშასადამე, გაზაფხული დასრულდა და ზაფხული დადგა.