სისხლი
რა ვიცით სისხლზე?
ვიცით, რომ თითის გაჭრის შემდეგ ჭრილობიდან სისხლი გამოდის. ვიცით, რომ სისხლი წითელი ფერისაა. აგრეთვე ვიცით, რომ ხანდახან ადამიანები სისხლის ანალიზსაც იკეთებენ...
რა არის სისხლი? სისხლი წითელი ფერის სითხეა. სისხლი აქვს ადამიანს, ცხოველს, ფრინველს. სისხლი აქვს ყველა ცოცხალ არსებას.
სისხლი ჩვენს სხეულში მოძრაობს. სისხლი მოძრაობს სისხლძარღვების საშუალებით. ადამიანს ძალიან ბევრი სისხლძარღვი აქვს. ისინი სისხლითაა სავსე და სხეულის ყველა ნაწილისკენ მიემართება. საინტერესოა, როგორ წარმოიქმნება სისხლი?
სისხლის წარმოქმნა
წარმოიდგინეთ სამზარეულო, სადაც ამზადებთ კოქტეილს. თქვენ სხვადასხვა სახის პროდუქტი დაგჭირდებათ: ორი ან სამი სახეობის წვენი, ალკოჰოლი და ასე შემდეგ.
სისხლის წარმოქმნა ძალიან ჰგავს სამზარეულოში კოქტეილის მომზადებას. სისხლი წარმოიქმნება ძვლის ტვინში. ძვლის ტვინი სისხლის მოსამზადებელი სამზარეულოა. სისხლის წარმოქმნისათვისაც რამდენიმე „პროდუქტია“ საჭირო.
სისხლის წარმოქმნისათვის საჭიროა:
წითელი ფერის უჯრედები - მათ ექიმები ერითროციტებს უწოდებენ.
თეთრი ფერის უჯრედები - მათ ლეიკოციტები ჰქვიათ.
თრომბოციტები - უჯრედები, რომლებიც სისხლს გასქელებაში, ანუ შედედებაში ეხმარებიან.
პლაზმა - სითხე, რომელიც ადამიანის ნაწლავებიდან შეიწოვება და სისხლძარღვებში ხვდება.
როგორც უკვე ვიცით, სისხლი სისხლძარღვების დახმარებით მიედინება მთელ სხეულში. სისხლძარღვებში კი ის გულის დახმარებით ხვდება.
გული მუდმივად მუშაობს, მაშინაც კი, როდესაც თქვენ გძინავთ; სისხლსაც მუდმივად მიაწოდებს სხეულის სხვა ნაწილებს.
რისთვის სჭირდება ადამიანს სისხლი?
მაინც რისთვისაა საჭირო სისხლის მუდმივი მოძრაობა ადამიანის სხეულში? სისხლძარღვები სისხლთან ერთად ადამიანს ჟანგბადსა და სხვა საჭირო ნივთიერებებს მიაწოდებს. ეს ნივთიერებები ადამიანის სიცოცხლისათვის აუცილებელია. მაგალითად, ადამიანის ტვინს ჟანგბადი თუ აღარ მიეწოდება, ის მუშაობას შეწყვეტს. სისხლში შემავალი ყველა უჯრედი განსაკუთრებულ დავალებას ასრულებს.
ერითროციტები
ერითროციტები წითელი ფერის უჯრედებია. ისინი ცალ მხარეს ჩაჭყლეტილ ბურთულებს ჰგვანან. სისხლს წითელ ფერს სწორედ ერითროციტები აძლევენ. თვითონ კი ისინი წითელ ფერს სხვა ნივთიერებისგან ღებულობენ. ეს ნივთიერება არის ჰემოგლობინი. სხვათა შორის, ჟანგბადი ადამიანის სხეულში სწორედ ჰემოგლობინს გადააქვს.
ჰემოგლობინი სისხლში შემავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთიერებაა. მას მიაქვს ჟანგბადი სხეულის ყველა კუთხეში, იქიდან კი ცუდი ნივთიერება - ნახშირორჟანგი გამოაქვს. ნახშირორჟანგი ჰემოგლობინს ფილტვებში მიაქვს. ფილტვები სუნთქვის სახით გარეთ გამოდევნიან ნახშირორჟანგს და სისხლს ისევ ჟანგბადით ამარაგებენ.
ლეიკოციტები
ლეიკოციტები ძალიან მამაცი და მებრძოლი უჯრედებია. ისინი ებრძვიან ადამიანის სხეულში შეჭრილ დაავადებებს, ანუ ინფექციებს. როცა ადამიანი ავად ხდება, მის ორგანიზმში ბევრი ინფექცია სახლდება. ამ დროს ლეიკოციტები განგაშს აცხადებენ! ისინი ძალიან სწრაფად მრავლდებიან და ცდილობენ, ხელი შეუშალონ ინფექციებს. ლეიკოციტები ბაქტერიებსა და ვირუსებს არ აძლევენ გაძლიერების საშუალებას.
ლეიკოციტები სამი სახისა არიან: გრანულოციტები, ლიმფოციტები და მონოციტები. ისინი სხვადასხვა ხერხით ებრძვიან ინფექციებს.
გრანულოციტები ძალიან პირდაპირები არიან. როგორც კი ადამიანის მტერი - ინფექცია სხეულში შემოიჭრება, ისინიპირდაპირ „გარბიან“ ინფექციებთან საბრძოლველად. ალბათ გინახავთ ადამიანის კანზე ჭრილობა, რომელიც შესიებული და გაწითლებულია. ეს სწორედ გრანულოციტების ბრალია! ისინი დაზიანებულ ჭრილობაში შეიჭრნენ და ინფექციას ბრძოლა გაუმართეს.
ლიმფოციტები უფრო მოხერხებულები და ჭკვიანები არიან. ისინი სხვანაირად ებრძვიან მტერს: როდესაც სხეულში ინფექციები შემოდიან, ლიმფოციტები წარმოქმნიან მათთან მებრძოლ ნივთიერებებს. ამ ნივთიერებებს ანტისხეულები ჰქვიათ. ანტისხეულებით ლიმფოციტები ინფექციებს ებრძვიან და უფრო ადვილად ამარცხებენ მათ. გარდა ამისა, ლიმფოციტებს აქვთ ძალიან კარგი მეხსიერება. ისინი კარგად იმახსოვრებენ ინფექციებს. როდესაც ადამიანის სხეულში ნაცნობი ინფექცია შეიჭრება, ლიმფოციტები მაშინვე ცნობენ მას. ნაცნობ ინფექციასთან ბრძოლა ლიმფოციტებს აღარ უჭირთ. მათ უფრო ადვილად ამარცხებენ.
მონოციტები ყველაზე მსხვილი ლეიკოციტებია. მონოციტები ადამიანის სხეულში მოხვედრილ ბაქტერიებსა და ვირუსებს იჭერენ და ყლაპავენ. ისინი ამ გზით სწრაფად ანადგურებენ მტერს.
როგორც ვნახეთ, ლეიკოციტები ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევენ საშიშ ინფექციებს. ისინი იცავენ ადამიანს დაავადებებისაგან.
თრომბოციტები
თრომბოციტები სისხლს შედედებაში ეხმარებიან. რატომ ან როდის არის საჭირო სისხლის შედედება?
როდესაც ადამიანს ჭრილობა აქვს, ჭრილობიდან სისხლი მოდის. სისხლის შეჩერება აუცილებელია. დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა ადამიანს ძალიან დაასუსტებს. ექიმები ასეთ დროს ცდილობენ, ჭრილობაზე დაწოლით ან მისი შეხვევით შეაჩერონ სისხლის დენა. თუმცა სისხლის შედედებაში ყველაზე მეტად თრომბოციტები მონაწილეობენ.
ჭრილობასთან ახლოს მყოფი თრომბოციტები სასწრაფოდ ეძახიან დანარჩენ თრომბოციტებს და ყველანი ერთად ცდილობენ შეაჩერონ სისხლდენა. თრომბოციტებს შორის გაიჭიმება ცილოვანი ძაფები და წარმოიქმნება თრომბი. თრომბი შედედებული სისხლის გუნდაა. ის აჩერებს სისხლის დენას. თრომბი მოგვიანებით ხმება და ჭრილობიდან ძვრება.
პლაზმა
პლაზმაც სისხლის შემადგენელი ნაწილია. ის მოყვითალო ფერის სითხეა. პლაზმაში ძალიან ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა. ეს ნივთიერებები ადამიანის სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია.
სისხლის ჯგუფები
თქვენ უკვე იცით რისგან შედგება სისხლი და როგორ წარმოიქმნება ის. შეიძლება იფიქროთ, რომ ყველა ადამიანს ერთნაირი სისხლი აქვს. მაგრამ ეს ასე არ არის! ყველა ადამიანს ერთნაირი სისხლი არ აქვს.
მეცნიერები სისხლს ოთხ ჯგუფად ყოფენ, ესენია: A ჯგუფის, B ჯგუფის, AB ჯგუფის და 0 ჯგუფის სისხლი.
რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან?
როგორც უკვე ვიცით, სისხლში ანტისხეულები არსებობს. მათ ლეიკოციტები წარმოქმნიან. სწორედ ანტისხეულების ჯგუფების მიხედვით განსხვავდებიან სისხლის ჯგუფები.
ადამიანებს გააჩნიათ ორი ტიპის ანტისხეულები: A და B. ვისაც აქვს A ტიპის ანტისხეულები, მას ექნება A ჯგუფის სისხლი, ვისაც აქვს B ტიპის ანტისხეულები - B ჯგუფის სისხლი. ზოგ ადამიანს შეიძლება ორივე ტიპის ანტისხეულები ჰქონდეს. ასეთი ადამიანებს აქვთ AB ჯგუფის სისხლი. ზოგიერთი ადამიანის სისხლი საერთოდ არ შეიცავს ანტისხეულებს. ასეთ ადამიანებს აქვთ 0 ჯგუფის სისხლი.
რისთვისაა საჭირო სისხლის ჯგუფის ცოდნა? როდესაც ადამიანი ავადაა და დიდი რაოდენობით სისხლს კარგავს, მას ხშირად სისხლის გადასხმა სჭირდება. სისხლის გადასხმა უბრალოდ და მარტივად არ ხდება. ჯერ კარგად უნდა გაირკვეს, რომელი ჯგუფის სისხლი აქვს ადამიანს და შემდეგ უნდა გადავუსხათ სისხლი. მას რომ სხვა ჯგუფის სისხლი გადავუსხათ, შეიძლება მოკვდეს. სწორედ ამიტომ ადამიანებს სისხლის ანალიზს უკეთებენ. ანალიზით ირკვევა, რომელი ჯგუფის სისხლი აქვს მას.
სისხლის ჯგუფის გარდა, აგრეთვე საჭიროა ადამიანის სისხლის რეზუსის ცოდნა. სისხლის ჯგუფს და რეზუსს სისხლის ანალიზით ერთდროულად არკვევენ. რეზუსი ცილოვანი ნივთიერებაა, რომელიც ადამიანის სისხლშია. რეზუსის მიხედვითაც განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისგან. ყველა ადამიანის სისხლში არ არის ეს ნივთიერება. ასეთ ადამიანს რეზუს-უარყოფითი სისხლის მქონე ჰქვია. ხოლო ვისაც აქვს სისხლში რეზუსი, ეს ნიშნავს, რომ მას რეზუს-დადებითი სისხლი აქვს.
იცოდით, თუ არა რომ...
კაცებს უფრო მეტი სისხლი აქვთ, ვიდრე ქალებს?! თურმე კაცებს დაახლოებით 5 ლიტრ-ნახევარი სისხლი აქვთ, ქალებს კი - 3 ლიტრ-ნახევარი.
ადამიანის ორგანიზმში ერთ წამში 17 მილიონი წითელი ფერის სისხლის უჯრედი წარმოიქმნება.
დაახლოებით ოციდან 60 წამამდე გრძელდება სისხლის მოგზაურობა გულიდან მთელ სხეულში და შემდეგ ისევ უკან დაბრუნება გულში.
ყველა სისხლი არ არის წითელი! ჭიებსა და წურბელებს მწვანე ფერის სისხლი აქვთ, ხოლო კიბორჩხალებს -ლურჯი ფერისა.