ჯანსაღი ცხოვრების წესი

იმისთვის, რომ იყოთ ჯანმრთელი და დიდხანს იცხოვროთ, უნდა მისდიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ბევრი მოსაზრება არსებობს. თუმცა ყველა თანხმდება, რომ სწორი კვება და მოძრაობა ჯანმრთელობის გარანტიაა. როგორია ჯანსაღი კვება, რა არის ჰიგიენა? თქვენ ამ წიგნში წაიკითხავთ.

„სიცოცხლე მოძრაობაშია“

ძველი ბერძნები და სირბილი

ძველ საბერძნეთში ასე ამბობდნენ: „თუ გსურს, იყო ძლიერი - ირბინე, თუ გსურს, იყო ლამაზი - ირბინე, თუ გსურს, იყო ჭკვიანი - ირბინე“. ეს წარწერა ქვაზეა ამოკვეთილი.

ძველ საბერძნეთში სირბილს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სირბილი სპორტის ერთ-ერთი სახეობა იყო. თუმცა ისინი მორბენალს ახალი ამბის მაცნედაც გამოიყენებდნენ.

საბერძნეთის ერთ-ერთ ქალაქ ოლიმპიაში წელიწადში ერთხელ შეჯიბრი ეწყობოდა სირბილში. ამ შეჯიბრს „ოლიმპიური თამაშები“ ეწოდებოდა. ამ თამაშებში ბერძნებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის ათლეტები მონაწილეობდნენ. ყველაზე სწრაფი იმარჯვებდა. გამარჯვებულს დაფნის გვირგვინს ადგამდნენ თავზე. მარათონში გამარჯვებულ მორბენალს ქალაქში ძეგლს უდგამდნენ. ძველ საბერძნეთში სირბილს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.

მეცნიერები სირბილის შესახებ

მეცნიერები დააკვირდნენ ადამიანის ორგანიზმს სირბილის შემდეგ. მათ დაასკვნეს, რომ სირბილის შემდეგ ადამიანს დაძაბულობა ეხსნება და თავს უფრო ხალისიანად გრძნობს. ადამიანები, რომლებიც ხშირად დარბიან, 10 წლით იხანგრძლივებენ ცხოვრებას.

სირბილი კარგად წვავს ცხიმს და ამიტომ ის ძალიან სასარგებლოა მსუქანი ადამიანებისთვის. სირბილი აძლიერებს გულს, აუმჯობესებს ფილტვების მუშაობას - ეს ყველაფერი კი ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედებს: მორბენლები მხიარულები არიან და მათი გონებაც უფრო სწრაფად მუშაობს.

მოემზადეთ!

სირბილი უფასო სპორტია. ძალიან ადვილია, მისდიოთ სპორტის ამ სახეობას. თქვენ შეგიძლიათ ირბინოთ ქუჩაში, ბუნებაში - ყველგან, სადაც ცოტა ხალხი და ტრანსპორტია. უკეთესია, თუ ბუნებაში ირბენთ. ბუნებაში ჰაერი სუფთაა, ბევრი მცენარეა და ჟანგბადიც მეტია.

შეგიძლიათ ირბინოთ დილას ადრე და, ასევე, საღამოს. დილით ჰაერი სუფთაა და სირბილიც უფრო სასიამოვნოა. თუმცა არ უნდა დაგეზაროთ დილას ადრე ადგომა.

ჩაიცვით მოხერხებული ტანსაცმელი და ბოტასი. სირბილის დაწყებამდე გაახურეთ ფეხის სახსრები. თავიდან ცოტა და ნელა ირბინეთ, რათა კუნთები არ დაგეჭიმოთ. მომდევნო დღეებში შეგიძლიათ გაზარდოთ მანძილიც და სიჩქარეც. ისუნთქეთ თანაბრად და ღრმად.

ცურვა

თუ თქვენ გიყვართ სპორტი და თქვენ გიყვართ წყალი, მაშინ თქვენ ცურვაზე უნდა იაროთ. ცურვა გამორჩეულია სხვა სპორტისგან იმით, რომ ფიზიკური ვარჯიშების შესრულება წყალქვეშ ხდება. წყალში ფიზიკური სავარჯიშოების შესრულება უფრო რთულია, შესაბამისად, წინააღმდეგობაც დიდია, ამიტომ ყველა კუნთი მუშაობს. ცურვის დროს ხელების მოძრაობა გვეხმარება იმაში, რომ არ ჩავიძიროთ, ხოლო ფეხების მოძრაობა არის მამოძრავებელი ძალა და ჩვენ წყალში გადაგვაადგილებს.

არსებობს ცურვის ოთხი სტილი: კროლი, ზურგზე ცურვა, ბრასი და ბატერფლაი.

ცურვა ყველა ასაკშია შესაძლებელი. ინგლისსში 2008 წელს ფილ შოუმ და ანა ტორესმა ცურვაზე ძალიან პატარების მიღება დაიწყეს: „მოცურავეთა“ ასაკი 6 კვირიდან იწყება. მათ შეუძლიათ კვირაში ორჯერ იარონ ცურვის კლუბში. ბავშვები მალევე ეჩვევიან წყალს და სწავლობენ ყვინთვას. ადრეული ასაკიდან ცურვა უზრუნველყოფს ბავშვის სრულყოფილ ზრდას და მისი სხეულის განვითარებას.

ცურვა სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავა-დებებისთვის. ცურვა განსაკუთრებით სასიამოვნოა ზაფხულში. ზაფხულში ადამიანები სიცხისგან წუხდებიან, წყალი ამ დროს აუცილებელია.

თუ თქვენ ზღვასთან ან მდინარესთან ახლოს ცხოვრობთ, გაგიმართლათ... თუმცა, ზღვასა და მდინარეში ცურვა მხოლოდ ზაფხულშია შესაძლებელი. გაზაფხულზე, შემოდგომასა და ზამთარში შეგიძლიათ აუზზე იაროთ.

მოემზადეთ!

აუზები არსებობს როგორც ღია, ისე დახურული. თქვენ დაგჭირდებათ საცურაო კოსტუმი, სანდლები, წყლის სათვალეები, პირსახოცი, საპონი და შამპუნი.

აუზში ცურვის შემდეგ თქვენ შხაპი უნდა მიიღოთ. საშხაპეში „სანდლებით“ უნდა შეხვიდეთ და სხეული კარგად გაისუფთაოთ.

სწორი კვება

არსებობს სასარგებლო და მავნე პროდუქტები. სასარგებლო პროდუქტები ორგანიზმს ავსებს საჭირო ნივთიერებებით და ენერგიას გვაძლევს. მავნე პროდუქტები ორგანიზმს ანაგვიანებს და ჯანმრთელობას გვიზიანებს.

რა ვჭამოთ?

ყოველდღიურად უნდა ვჭამოთ:

1) მცირე რაოდენობით პური;

2) დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული;

3) ხორცი, კვერცხი;

4) რძის ნაწარმი.

პური

პური საფუარის, წყლისა და ფქვილისგან მზადდება. ხორბლის ფქვილისგან დამზადებული პურის ზომიერად მიღება ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. დღეში დაახლოებით 150 გრამი პური უნდა მივიღოთ.

ხილი და ბოსტნეული

ხილი და ბოსტნეული შეგიძლიათ მიიღოთ იმდენი, რამდენიც გსურთ. ისინი განსაკუთრებულად სასარგებლოა. მათი მიღების შემდეგ ორგანიზმი უკეთესად მუშაობს და სავსეა სასარგებლო ნივთიერებებით.

ყველა ხილი და ბოსტნეული სასარგებლოა, თუმცა მათ შორისაც არსებობს ყველაზე სასარგებლო. ყველაზე სასარგებლო ხილია: ვაშლი, გარგარი, გრეიფრუტი, ბანანი, კენკროვანი ხილი (ჟოლო, მოცვი, მარწყვი, მაყვალი), კივი, ალუბალი, ყურძენი, საზამთრო და ბროწული. ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულია: ბროკოლი, სტაფილო, კომბოსტო, ჭარხალი, ისპანახი, პომიდორი, ხახვი, ბადრიჯანი, ნიორი, მუხუდო, ბულგარული წიწაკა, სოიო, ლობიო, თალგამი, მწვანილი.

გაზაფხულზე განსაკუთრებით სასარგებლოა ბოსტნეულის სალათები. გთავაზობთ ძალიან სასარგებლო და მარტივი სალათის მომზადების წესს:

დაგჭირდებათ სალათის ფურცლები, მწვანილი, კიტრი, მარილი, ზეთი და ძმარი. მწვანილი უნდა დაჭრათ წვრილად, სალათის ფურცლები და კიტრი - მოგრძოდ. აურიეთ მარილი, ძმარი და ცოტა ზეთი. ეს სალათი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

 ხორცი და კვერცხი

ხორცი აუცილებელი საკვებია. მასში მნიშვნელოვანი ნივთიერებები შედის. თუმცა, ხორცის არჩევა საკმაოდ ძნელია. გაფუჭებულმა ხორცმა შესაძლოა ადამიანი მოწამლოს. სასურველია, არ იყიდოთ გაყინული ხორცი.

განსაკუთრებით სასარგებლოა მოხარშული ხორცი. მოხარშულ ხორცს შეგიძლიათ მწვანილი მიაყოლოთ.

რძის ნაწარმი

რძე და რძის ნაწარმი უნიკალურ პროდუქტებად მიიჩნევა. რძეს სიცოცხლის წვენს და თეთრ სისხლს უწოდებდნენ. რძე ჩვილი ბავშვისთვის პირველი საჭმელია.

რძის ნაწარმში შედის: რძე, მაწონი, ხაჭო, ყველი, არაჟანი.

რძე და რძის პროდუქტები განსაკუთრებით სასარგებლოა ძვლებისთვის, რადგან კალციუმის წყაროა. ბავშვებისა და მოხუცებისათვის, მათი ძვლის სიმკვირვისათვის ის შეუცვლელი საკვებია.

რა არ უნდა ვჭამოთ?

მსოფლიოში ათასობით სტატია იწერება მავნე პროდუქტების შესახებ. ასეთი მავნებელი საკვების რიცხვს განეკუთვნება: ჩიფსი, გაზიანი სასმელი, სწრაფი კვების პროდუქტები, მაიონეზი, მარილი და შაქარი, ალკოჰოლი, ძეხვეული, შემწვარი საკვები და ტკბილეული.

წყალი

წყალი წმენდს ორგანიზმს. არეგულირებს ორგანიზმის ტემპერატურას. გამოჰყოფს ცხიმს ორგანიზმიდან ოფლთან ერთად. ის, ვინც არ სვამს წყალს, ხელს უწყობს ორგანიზმში ნარჩენების დაგროვებას, რაც დაავადებების წარმოქმნის მიზეზია.

დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი!

ჭამის წესები

ჭამის დროს წყლის დალევა მავნებელია. ასევე, წყლის დალევა მავნებელია აქტიური მოძრაობების - სირბილის, ვარჯიშის დროს.

ეცადეთ, რაც შეიძლება ნელა ჭამოთ. ნელა ჭამის დროს ორგანიზმი უკეთ ამუშავებს საკვებს და მისი კარგად მონელება ხდება.

უფრო მეტი საჭმელი დღის პირველ ნახევარში მიიღეთ. დღის მეორე ნახევარში შეეცადეთ, ძალიან ცოტა შეჭამოთ, რადგან მეორე ნახევარში ორგანოებს უჭირთ საჭმლის გადამუშავება.

საჭმელს ხილი არ დააყოლოთ. ხილი ყოველთვის ჭამის წინ მიიღეთ - უკეთესია, ერთი-ორი საათით ადრე.